„მთავარია, არ მოდუნდე და არასდროს გაჩერდე პროფესიული განვითარების გზაზე“ – ინტერვიუ ნოდარ ჯავახიშვილთან

„მთავარია, არ მოდუნდე და არასდროს გაჩერდე პროფესიული განვითარების გზაზე“ – ინტერვიუ ნოდარ ჯავახიშვილთან

„ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კონსულტანტი კომერციულ საკითხებში, ლექტორი და დოქტორანტი – ასეთია ნოდარ ჯავახიშვილ-თორელის რეგალიების ჩამონათვალი. ახლახან ის ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის, AMA-ის წევრიც გახდა და შეუერთდა CoNet-ის ქართულ-ამერიკულ გუნდს, რომელიც სულ მალე ბიზნესით დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო პლატფორმებსა და საკონსულტაციო სერვისებს შესთავაზებს.

აქამდე მოსასვლელად ნოდარ ჯავახიშვილ-თორელმა განსხვავებული გამოცდილებებით დატვირთული გზა გაიარა – ამ გზაზე შეიცვალა პროფესია, ისწავლა რამდენიმე უნივერსიტეტში, გახდა არაერთი მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი და კომერციული დირექტორი. მისი წარმატების საიდუმლო განვითარების ახალი გზების მუდმივი ძიებაა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით, თუკი ინტერვიუს ბოლომდე ჩაიკითხავთ.

ნოდარ, მარკეტინგამდე იყო სხვა სპეციალობა. როგორ მიხვედით სფეროს შეცვლის გადაწყვეტილებამდე?

თავიდან სამართალზე ვსწავლობდი და, სიმართლე გითხრათ, ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე BTA ბანკში გაყიდვების აგენტად, რადგან მინდოდა, უნივერსიტეტის საფასური თავად გადამეხადა. BTA-ში მომცეს შესაძლებლობა, სხვა დეპარტამენტებსაც გავცნობოდი, მათ შორის, გარკვეული პერიოდი მარკეტინგისა და პიარის განყოფილებაში ვიმუშავე. პირველად სწორედ აქ დავინტერესდი მარკეტინგით. სპეციალობის შეცვლის გადაწყვეტილება კი საბოლოოდ ჩეხეთში, Charles-ის უნივერსიტეტში სწავლისას მივიღე. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ვეცნობოდით სხვადასხვა მსხვილი კომპანიის საქმიანობას. ყველგან, სადაც მივდიოდით, ყველაზე საინტერესოდ მარკეტინგის დეპარტამენტი მეჩვენებოდა. ერთხელაც „შკოდას“ ოფისს ვესტუმრეთ, სადაც მის ახალ მოდელზე გადაღებული რეკლამა გვანახვეს და აგვიხსნეს, თუ როგორ მივიდნენ თითოეულ დეტალამდე. რეკლამამ იმდენად მომხიბლა და ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მარკეტინგის საფუძვლიანად შესწავლა საბოლოოდ გადავწყვიტე.

როგორი იყო ახალი გადაწყვეტილებისკენ გადადგმული თქვენი პირველი ნაბიჯები?

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჩემი გამოცდილება ძალიან მწირი იყო და ამ გადმოსახედიდან დიდად არც შესაბამისი განათლება მიმაგრებდა ზურგს, ქულებით ჩარიცხულ სტუდენტთა სამეულში მოვხვდი. დავრწმუნდი, რომ ეს პროფესია ნამდვილად ჩემი იყო. გამახარა იმანაც, რომ ამ სფეროს პროფესიონალების დადებითი შეფასებაც მივიღე. ეს ის მომენტი იყო, როდესაც გავიაზრე, რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა და თან ძალიან მაგარი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სხვა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებიც გავიარე, მათ შორის, ვისწავლე კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. ახლა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ.

საკმაოდ შთამბეჭდავია თქვენი სამუშაო გამოცდილებაც. რომელ კომპანიებსა და პროექტებს გამოყოფდით?

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი როგორც საბანკო სფეროს მარკეტინგის, ისე რიტეილის მიმართულებით. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში ვუძღვებოდი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მარკეტინგის დეპარტამენტს. აგრეთვე, ძალიან საინტერესო იყო ჩემი მედიაგამოცდილება, რომელიც „ნანუკას შოუსთან“ თანამშრომლობით დაიწყო. ამ სამსახურმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემი მედიასაქმიანობა „ტვ პირველზე“ გაგრძელდა, სადაც რამდენიმე გადაცემაში ვიყავი როგორც წამყვანის ამპლუაში, ისე პროდიუსინგის მიმართულებით. ამავდროულად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ დავიწყე მუშაობა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო, რადგან, პრინციპში, მე და ჩემმა გუნდმა თავიდან ბოლომდე შევქმენით „მიჰაუსი“, როგორც ბრენდი. შემდეგ გავხდი „ფარმ სახლისა“ და „დოიჩე აფთიაქის“ კომერციული დირექტორი. ახლა კი „ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ და რამდენიმე მიმართულებას ვუძღვები. პარალელურად ვრჩები „ფარმ სახლისა“ და „დოიჩე აფთიაქის“ კონსულტანტად კომერციულ საკითხებში და ვკითხულობ ლექციებს რამდენიმე სასწავლებელში, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა ISM-ში, საქართველოს უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

ახლახან გახდით ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის, AMA-ის წევრიც. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი პროფესიული განვითარებისთვის?

AMA-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ნიუ-იორკში საქმიანი ვიზიტისას მივიღე, რადგან მინდოდა, ეს დრო უფრო ნაყოფიერად გამომეყენებინა. ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის წევრობა გაძლევს შესაძლებლობას, დაამყარო ახალი კონტაქტები, დაესწრო ძალიან საინტერესო ტრენინგებსა თუ მასტერკლასებს და გაეცნო მსოფლიოში არსებულ ტრენდებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული ზრდისთვის, არამედ იმისათვის, რომ ახალი ტრენდები შენივე ქვეყანაში შემოიტანო და სფეროს განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანო.

ხომ ვერ გაგვიმხელთ აშშ-ში თქვენი ვიზიტის მთავარ მოტივს?

აშშ-ში გამგზავრების რამდენიმე მოტივი მქონდა – ვიყავი მიწვეული საინტერესო კონფერენციებზე, მინდოდა, გავწევრიანებულიყავი ამერიკის მარკეტინგისა და პროფესიულ ასოციაციებში. ასევე, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ქართულ-ამერიკული ბიზნესხიდის, CoNet-ის დამფუძნებლებთან. ეს არის ერთგვარი კლუბი, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ქართულ ბიზნესკომპანიებს, ამერიკის ბაზარზე მოსინჯონ ძალები, აგრეთვე, ხელი შეუწყონ ამერიკულ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. CoNet-ი, ასევე, დაეხმარება სტარტაპებს გრანტების მოძიებასა თუ პროექტების სწორად წარმართვაში. კლუბს ექნება საგანმანათლებლო მიმართულებაც, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი შინაარსითა და ლექტორებით. ამ გუნდს ახლა მეც შევუერთდი და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვეცდები, მაქსიმალური შედეგი დავდოთ. ბევრს წინასწარ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ სულ მალე CoNet-ი ქართულ კომპანიებსა და სტარტაპებს ძალიან საინტერესო პროგრამებსა და პროექტებს შესთავაზებს.

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცხადია, ჩემ მიერ დაწყებულ საქმეებს ისევ აქტიურად გავაგრძელებ. ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ როგორც მარკეტინგის, ისე საგანმანათლებლო და მედიამიმართულებით. ვფიქრობ, მთავარია, არ მოდუნდე და არასდროს გაჩერდე პროფესიული განვითარების გზაზე. to be continued…

S