“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA IN Finance) მიღებას აცხადებს. უნივერსიტეტი წელს 50 სტუდენტს მიიღებს. რეიტინგის მიხედვით 10 საუკეთესო სტუდენტს სრულად დაუფინანსდება სწავლის გადასახადი და ისწავლის უფასოდ, შემდეგი 20 საუკეთესო სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადაუნაწილდება 4 წელზე.
აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: დასავლური განათლების მიღების და სწავლის სრულად დაფინანსების შესაძლებლობა, კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის დეტალებზე Forbes-ს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძე ესაუბრა.
რით განსხვავდება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის პროგრამა სხვა არსებული პროგრამებისგან?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლებაა. პროგრამა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ევროპული სტანდარტის და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია. ჩვენთვის უმთავრესია, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, აქცენტს, ისეთ ლექტორებსა და პროფესორებზე ვაკეთებთ, რომლებსაც როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა და გამოცდილება თანაბრად აქვთ დაგროვილი. ასე მაგალითად, პროექტების მართვას სტუდენტებს ილია რევია ასწავლის, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალში უკავია უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია; ბუღალტრულ აღრიცხვას კომპანია M2-ის ფინანსური დირექტორი, გიორგი ნატროშვილი ასწავლის, სასწავლო პროცესში ჩართულები არიან ასევე მაგთიკომის ფინანსური დირექტორის მოადგილე – გიორგი გაგნიძე, საქართველოს ბანკის ფინანსური პროექტების მენეჯერი – ვატო ბაბუნაშვილი, “Thales Investments” – ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ვასილ რევიშვილი და ბევრი სხვა პრაქტიკოსი ლექტორი. ასე რომ ჩვენი გუნდი გამორჩეულად ძლიერია.
რა არის უნივერსიტეტის ძირითადი მიდგომა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას?
ჩვენთვის მთავარია თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, შესაბამისად ყველა დავალება, რომელსაც სტუდენტი იღებს სწორედ ამაზეა ორიენტირებული. სტუდენტმა უნდა იცოდეს თუ რატომ სწავლობს კონკრეტულ საკითხს და რა კავშირშია ის მის მომავალ კარიერასთან. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში პროგრამით და ლექტორებით კმაყოფილების დონე 90%–ს სცდება.
რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დიპლომი?
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ავტორიზებული და აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს დარგთან ჰქონდეთ პირდაპირი ინტერაქცია სხვადასხვა ტიპის პროექტებით, ყველაფერში ჩადებულია პრაქტიკულ რეალობასთან კავშირი. მაგალითად, სტრატეგიული მენეჯმენტის საგანში კონკრეტული კომპანიების მაგალითზე ამზადებენ სტუდენტები კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმას, რაც გამოცდილების და ცოდნის თვალსაზრისით ძალიან ღირებულია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ქართულ კომპანიებში ადგილზე გაეცნონ მათი მუშაობის ტექნიკას, ჩაატარონ ინტერვიუ კომპანიების აღმასრულებელ პირებთან და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს.
რას სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს დასაქმების კუთხით? რამდენად ხართ ჩართულები მათ კარიერულ წინსვლაში?
დღეს ჩვენი სტუდენტების 92%, კურსდამთავრებულების კი 98% დასაქმებულია. მათ უმეტესობას მენეჯერული პოზიცია უკავია ისეთ სექტორებში როგორიცაა მაგალითად საფინანსო ინსტიტუტები, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, განათლება. საქართველოს ბანკის კურსდამთავრებულების დაახლოებით 90% დადებითად აფასებს უნივერსიტეტის როლს დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტების დასაქმებისა და მათი პროფესიული განვითარების პროცესში.
როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები, გეგმავთ ახალი პროგრამების დამატებას?
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამის შემუშავებას, ხოლო 2020 წლიდან ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა.
დატოვე კომენტარი