"მთავრობის ზომა" საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებში

"მთავრობის ზომა" საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებში

პრემიერობის ახალი კანდიდატის მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მთავრობის ზომის შემცირებაა. ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაანონსა, რომ მთავრობის ზომა სამომავლოდ 20%-ით შემცირდებოდა. მაშინ მამუკა  ბახტაძემ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ხარჯები არსებული 25%-დან 21%-მდე შემცირდება. 

“მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება. რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს”, – ამბობდა მამუკა ბახტაძე. 

2017 წელს მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით მართლაც შემცირდა 140 მლნ ლარით, აქედან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 100 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო ადმინისტრაციულ შესყიდვებზე გაწეული ხარჯი 40 მლნ ლარით. 

შედეგად, თუკი 2016 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2016 წელს მშპ-ს 5.2%-ს იკავებდა, 2017 წელს ის 4.4%-მდე შემცირდა. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2018 წელს მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 23.5%-მდე უნდა შემცირდეს. მომდევნო წლების პროგნოზი კი შემდეგია: 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ხარჯების თანაფარდობას მშპ-სთან მსოფლიო ბანკი ითვლის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი (2016 წლის მონაცემებით) შემდეგია: 

  • OECD-ის წევრი სახელმწიფოების საშუალო მაჩვენებელი – 27.7%
  • ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი – 35.3%
  • უზბეკეთი – 18.4%
  • აშშ – 22.7%
  • გაერთიანებული სამეფო – 37.3%
  • უკრაინა – 33.5%
  • თურქეთი – 32.7%
  • ესპანეთი – 19.7%
  • რუსეთი – 30.9%
  • პოლონეთი – 34.9%
  • მოლდოვა – 31.5%
  • ლიეტუვა – 9.5%
  • ლატვია – 42.9%
  • ყირგიზეთი – 28.1%
  • ყაზახეთი – 15.7%
  • უნგრეთი – 43.9%
  • საბერძნეთი – 48.8%
  • გერმანია – 27.9%
  • საქართველო 25.8%
  • ჩეხეთი – 32.9%
  • კვიპროსი – 36.8%
  • ბელარუსი – 29.8%
  • სომხეთი – 25.6%

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები არ მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს და მასში შედის შრომის ანაზღაურება, სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარებები, სუბსიდიები, გრანტები და სხვა სახის ხარჯები. 

სხვადასხვა ქვეყნების “მთავრობის ზომას” Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც აფასებს. 2018 წლის რეიტინგში აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. კერძოდ, მთავრობის ხარჯების ქვეკრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 73-ია. 

“ბოლო 3 წელში მთავრობის ხარჯებმა მშპ-ს 29% შეადგინა, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 1.6%-ია, ვალის მოცულობა კი მშპ-ს 44.9%-ს შეადგენს”, – აღნიშნავს Heritage Foundation. 

მთავრობის ხარჯების კრიტერიუმში საქართველოს საუკეთესო პოზიცია (100-დან 55 ქულა) 2012 წელს ჰქონდა. საქართველოზე ცუდი შედეგი აქვს მაგალითად ბულგარეთს (60 ქულა), აზერბაიჯანს (59 ქულა), თურქეთს (68 ქულა)  და ხორვატიას (31 ქულა), თუმცა უკეთეს შედეგს აჩვენებს სომხეთი (80 ქულა და “უმეტესად თავისუფალის” სტატუსი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *