ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა. ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს. წლის პირველ კვარტალში ინდექსი 3,2 პუნქტით გაიზარდა და 31,4 პუნქტი შეადგინა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 60% ელოდება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაში.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია (-15.6 პუნქტით). სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე უარყოფითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა, რაც აღნიშნული დარგის სეზონურობით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ბიზნესის ოპტიმიზმი გაზრდილია როგორც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან (+15.5), ისე 2017 წლის პირველ კვარტალთან (+17.9) შედარებით და 48.9 პუნქტს შეადგენს. მშენებლობამ და მომსახურების დარგებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის გაუმჯობესებაში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. ვაჭრობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ შემცირებას მოელიან, მაშინ როცა ფასების ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია სერვისის დარგში.
დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ხასიათდება შედარებით მცირე ოპტიმიზმითა და სუსტი მიმდინარე მდგომარეობით. შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის შემცირდა 4.5 პუნქტით.
მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.
ბიზნესის განწყობის ინდექსი სფეროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:
წარმოება – შემცირდა 1,5 პუნქტით; სამშენებლო სექტორი – გაიზარდა 10,1 პუნქტით; საცალო ვაჭრობა – შემცირდა 2,5 პუნქტით; სერვისი – გაიზარდა 2,5 პუნქტით; სოფლის მეურნეობა – გაიზარდა 19,9 პუნქტთ; საფინანსო სექტორი – შემცირდა 13,9 პუნქტით.
გამოკითხული კომპანიების 69% ამბობს, რომ ბოლო სამ თვეში მათ კომპანიაში დასაქმებული პირების რაოდენობა არ შეცვლილა, 23% ამბობს, რომ გაიზარდა, ხოლო 8% კი ამბობს რომ შემცირდა.
კომპანიების 41%-სთვის ბოლო სამ თვეში ბიზნეს აქტივობა უცვლელი დარჩა, ხოლო 14%-სთვის შემცირდა.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად საფინანსო სექტორის მოლოდინები გაუარესდა და შემცირებამ 14,6 პუნქტი შეადგინა. შემცირდა მოლოდინების ინდექსი სამშენებლო სექტორშიც და შემცირებამ 14,6 პუნქტი შეადგინა.
შედეგად, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა მომდევნო სამ თვეში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას არ ელოდება, ამასთან კომპანიების 7% ამბობს, რომ თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი.
დატოვე კომენტარი