ფინანსური ტექნოლოგიის სტარტაპი, QuickCash-ი, რომელიც ენერგიულმა და ფინანსურ სფეროში გამოცდილმა პროფესიონალმა, მარიამ რუსიშვილმა დააფუძნა, ფინანსური სერვისების ინდუსტრიისთვის ძირის გამოთხრის გზას ადგას, ამ საქმეში კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის შექმნილი ქულათა მინიჭების პლატფორმა ეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმზეა დაფუძნებული.
როცა 2011-2012 წლებში, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ეკონომიკურ პოლიტიკასა და მენეჯმენტში MPA-ის (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრატურას) გადიოდა, სხვა რამეებთან ერთად, მარიამის ყურადღება ელ-ვაჭრობის უამრავმა პლატფორმამ მიიპყრო, შეერთებულ შტატებში ყველა რომ იყენებდა. “ყველგან ნახავდით, – ამბობს ის და ცოცხალი ჟესტიკულაციის თანხლებით გვიხსნის, რამხელა გავლენა აქვს ონლაინპლატფორმებს საზოგადოებაზე, ყველაფერს სწრაფს და იაფს რომ ხდის. – ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან საქართველოში იმ დროს მსგავი რამ, პრაქტიკულად, არ არსებობდა”.
მართალია, თვლის, რომ ამ გამოცდილებამ, შესაძლოა, გაუცნობიერებელი ინტერესი აღუძრა ონლაინპლატფორმების პოტენციალის მიმართ, მაგრამ მხოლოდ საქართველოში დაბრუნებულმა გააცნობიერა, რამხელა უფსკრული იყო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებს, ამ რესურსების მოთხოვნის პროცედურებსა და ამის მისაღწევად ორივე მხრიდან დახარჯულ ფულსა თუ დროს შორის. ეს მაშინ მოხდა, როცა მარიამი Enterprise Georgia-ს წარმოების განვითარების უფროსად, მთავრობის ფლაგმანი პროგრამის, “აწარმოე საქართველოში”, წამოწყებასა და მართვაზე მუშაობდა, ხოლო შემდეგ TBC ბანკში მიკრობიზნესების სტრატეგიულ პროექტებს ხელმძღვანელობდა.
“როცა ესა თუ ის ბიზნესი სესხისთვის ბანკს ან მიკროფინანსურ ინსტიტუციას მიმართავს, უამრავი სხვადასხვა დოკუმენტის შეგროვება უწევს. შემდეგ ხდება ამ დოკუმენტების შესწავლა, რისთვისაც ბიზნესის დათვალიერებაა საჭირო. რამდენიმე კვირა გადის, სანამ ბანკი გადაწყვეტს, არის თუ არა ბიზნესი ფინანსურად სტაბილური”, – უხსნის მარიამი Forbes-ს. მონაცემთა თანახმად, სესხის განთავსების გარანტიის ოპერაციული ხარჯები ტრადიციული მსესხებლებისთვის, საშუალოად, 6%-დან 8%-მდეა. ეს კი ბევრია. და ესაა ის ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც QuickCash-ის ავტომატიზებული პლატფორმა ცდილობს.
პლატფორმა, რომელიც გასულ დეკემბერს ჩაეშვა, ხელოვნური ინტელექტის ჭკვიან ალგორითმს იყენებს, რათა განსაზღვროს, აქვს თუ არა კომპანიას საკმარისი ფინანსები, საკრედიტო ხაზი რომ დაფაროს, და იმასაც, თუ რა რაოდენობის თანხის მოთხოვნა შეუძლია ბიზნესს. ამ ყველაფერს კი ხუთ წუთზე მცირე დრო სჭირდება. მარიამი განმარტავს, რომ სესხები, ამ შემთხვევაში, სამუშაო კაპიტალად გამოიყენება და არა ფიქსირებული აქტივებისთვის. “საკრედიტო ხაზს ისე უნდა შეხედო, როგორც პატარა ბიზნესის ზრდისთვის აუცილებელ კაპიტალს”, – ამბობს ის.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიზნესს არ ევალება უზრუნველყოფის, ვთქვათ, სახლის, ჩადება, როგორც ეს უმეტესი სესხების შემთხვევაში ხდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აფართოებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა შესაძლებლობებს, ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე ანუ ის, რაც განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ზრდასა და შემდგომ განვითარებას აფერხებს.
“როცა ,’აწარმოე საქართველოში’ ვმუშაობდი, ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება, რასაც წავაწყდით, ის იყო, რომ კომპანიები, რომელთა დაფინანსებასაც ვცდილობდით ბანკების მეშვეობით, სესხს ვერ იღებდნენ, – გვიხსნის მარიამი. – უზრუნველყოფა უზარმაზარ ტვირთად აწვათ. რაც უნდა კარგი სახელი ჰქონოდათ, რაც უნდა კარგი პერსპექტივები, სესხს მაინც არ აძლევდნენ”.
სწორედ Enterprise Georgia-ში ყოფნისას დაიწყო QuickCash-ის დაარსების იდეამ ნელ-ნელა მომწიფება. როცა მარიამი 2014 წელს მარაკეშში, აშშ- ის მიერ ორგანიზებულ Global Entrepreneurship Summit-ს (GES) ესწრებოდა, იქ სტარტაპის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და US Small Business Association-ის (SBA) უფროსის მოადგილეს შეხვდა… თუმცა, ყველაზე საინტერესო, ვინც იქ გაიცნო, ჩონქოლ გუპტა აღმოჩნდა. ამ ამერიკელმა ინვესტორმა, რომელიც აშშ- ის ერთ- ერთი პირველი ონლაინპლატფორმის, Rebirth Finance-ის დამფუძნებელია, არა მარტო შთააგონა მარიამი, რაიმე ჭკვიანური გზა მოენახა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რასაც, მისი აზრით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები აწყდებოდნენ განვითარებად ქვეყნებში, არამედ გუპტა დღეს, SparksLab Global Ventures-ის ნეტ ჯეი-კობსონთან ერთად, QuickCash-ის ოფიციალური მრჩეველიცაა. “
გუპტასთან შეხვედრას ისეთი ეფექტი ჰქონდა, გეგონება, ნათურა ამენთო ტვინშიო, – ამბობს მარიამი. – ფინანსური ტექნოლოგიის პლატფორმის შექმნა ამოავსებდა იმ სიცარიელეს, რასაც ჩემს სფეროში მუშაობისას ვხედავდი”.
და QuickCash-ი მართლაც აკეთებს ამას. თანაც – მეტად ჭკვიანურად. როცა ბიზნესი რეგისტრირდება, პლატფორმა იღებს მონაცემებს ღია წყაროებიდან, მათ შორის ეროვნული ბანკიდან, საჯარო და კერძო რეესტრიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საკრედიტო ბიუროდან და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიდან – საქსტატიდან. ამის შემდეგ მონაცემები ბევრ სხვადასხვა პარამეტრსა და სუბპარამეტრს იღებს მხედველობაში, სხვადა- სხვა წონისა და დიაპაზონის მიხედვით, და განსაზღვრავს სესხის ზღურბლს. პროცესს, რომელშიც სხვა ფინანსურ ინსტიტუციებს, როგორც წესი, კვირები ეხარჯებათ, QuickCash-ის ალგორითმი ხუთ წუთზე სწრაფად გადის. ეს კი, თავის მხრივ, სესხების გაცემის ხარჯებს 10-20-ჯერ ამცირებს.
როცა მარიამს ვეკითხები, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ჰქონდეთ ფინანსურ რესურსებთან წვდომა, უმალ, მისთვის დამახასიათებელ ენერგიულ სტილში, ენთუზიაზმით აღსავსე მპასუხობს: “მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარებას ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის გადამწყვეტი როლი ეკისრება, მით უფრო, განვითარებად ქვეყნებში”. ხოლო ზრდისთვის საჭირო წვდომა ფინანსურ რესურსებთან ერთ- ერთი უმთავრესი პრობლემაა, რასაც ასეთი ბიზნესები აწყდებიან. მარიამმა, რომელიც ამ საკითხს საფუძვლიანად სწავლობდა ჯერ მსოფლიო ბანკში, მერე კი ვაშინგტონში, Small Assistance Funds-ში (SEAF) მუშაობისას (ეს უკანასკნელი გლობალური საინვესტიციო ფონდია, რომელიც განვითარებად ბაზრებში ბიზნესების დაფინანსებითა და მხარდაჭერითაა დაკავებული), იცის, რაზეც ლაპარაკობს.
QuickCash-ის მომავალი პერსპექტიულად გამოიყურება. 2016 წლის ზაფხულში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სტარტაპების კონკურსში გაიმარჯვა და უდავოდ წინ მიდის. პლატფორმა 2016 წლის დეკემბერში ჩაუშვეს, რასაც წინ უსწრებდა საერთაშორისოდ აღიარებული Web Summit-ი ლისაბონში, სამიტზე კი კომპანია საკუთარი თავის წარმოსაჩენად ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფში მიიწვიეს; როგორც წესი, კომპანიას ათასობით დოლარის გადახდა უწევს მსგავსი პრეზენტაციისთვის, მაგრამ მიპატიჟებულები ყოველგვარი ხარჯისგან გაათავისუფლეს. ხოლო ამჟამად გუნდი პალო- ალტოშია (კალიფორნია): რამდენიმე სხვადასხვა ვენჩურ- კაპიტალის ფირმასა და ანგელოზ ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, პლატფორმის განვითარებისთვის დამატებითი დაფინანსება რომ მოიპოვოს.
“ალგორითმის გაუმჯობესების მიზნით კაპიტალის გამოყენებას მაშინ დავიწყებთ, როცა კიდევ უფრო მეტ მონაცემს მოვაგროვებთ სესხის მიმღები კლიენტებისგან”, – განმარტავს მარიამი და ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის უფრო საფუძვლიან გამოყენებას გეგმავენ, რათა სესხების წარმატებისა და დეფოლტის მაჩვენებლები შეისწავლონ, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სესხის ყველა მიმღებს შორის მხოლოდ ერთი კლიენტი ჰყავდათ, ვისაც სესხის დაფარვა გაუჭირდა, ეს კი მეტად შთამბეჭდავი ციფრია.
“ვიცით, რომ სწორ გზას ვადგავართ, – ამაყად ამბობს მარიამი ინტერვიუს ბოლოსკენ. – ჩვენი პლატფორმით უკვე რამდენიმე ფინანსური ინსტიტუციაა დაინტერესებული. არაექსკლუზიურ პარტნიორობებს ვაპირებთ, სადაც ისინი სესხების გასაცემად ჩვენი პლატფორმის გამოყენებას შეძლებენ”.
და ქართულ ბაზარზე კონცენტრირებასთან ერთად, QuickCash-ი სხვა განვითარებად ქვეყნებში, ლათინურ ამერიკასა და ევროკავშირში გეგმავს გაფართოებას – იქ, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისთვის უფრო იაფ, სწრაფ და სანდო ფინანსურ რესურსებზეა მოთხოვნა.
“ძალიან მაგარი გუნდი გვყავს, ენთუზიაზმით სავსე, – ამბობს მარიამი ინტერვიუს დასასრულს. – და როცა გაქვს ხედვა, მაგარი იდეა და დროც ზუსტადაა შერჩეული, მაშინ არც შესაძლებლობებს აქვს საზღვარი”.
დატოვე კომენტარი