„მწვანე სკოლა“ შვიდ წელიწდში ათ ახალ კამპუსს ააშენებს - ინვესტიცია $50 მლნ-ია

„მწვანე სკოლა“ შვიდ წელიწდში ათ ახალ კამპუსს ააშენებს - ინვესტიცია $50 მლნ-ია

“მწვანე სკოლა” ფართოვდება. სკოლის გეგმებზე გადაცემა Forbestalks-ში „მწვანე სკოლის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ბაკურ სულაკაურმა ისაუბრა. მისი თქმით, შვიდ წელიწადში ათი ახალი კამპუსი აშენდება. ექვსი სკოლა – თბილისში, ხოლო ოთხი რეგიონში გაიხსნება.

როგორც სულაკაურმა განაცხადა, “მწვანე სკოლის” ათი კამპუსის მშენებლობაში  დაახლოებით 50 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროექტში „მწვანე სკოლის“ პარტნიორია „საქართველოს კაპიტალი“, რომელმაც გადაწყვიტა, ინვესტიცია განათლების სექტორში განახორციელოს. მისივე განმარტებით, „საქართველოს კაპიტალმა“, რომელმაც „მწვანე სკოლის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა, პოტენციალი ამ სექტორში დაინახა.

რაც შეეხება სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ახალი „მწვანე სკოლები“ გამოჩნდება, ბაკურ სულაკაური აღნიშნავს: „თბილისში კამპუსებს ისეთ რაიონებში ვაშენებთ, სადაც ბევრი კერძო სკოლა არაა კონცენტრირებული“.

სულაკაურის თქმით, ყველა „მწვანე სკოლას“ უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჰექტარის ფართობის ეზო, რათა ერთდროულად რამდენიმე კლასმა გაკვეთილის ღია სივრცეში ჩატარება მოახერხოს.

„სკოლა არ არის მხოლოდ შენობა და საკლასო ოთახი. ბავშვი ჰაერზე უნდა გავიდეს. ფინურ მოდელზე თუ ვსაუბრობთ, იქ მოსწავლეები ძალიან დიდ დროს გარეთ ატარებენ. ფინური გამოთქმაც კი არსეობს: არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი“, – აღნიშნა ბაკურ სულაკაურმა.

მისივე თქმით, „მწვანე სკოლების“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ ის სიმწვანეში მდებარეობს, ისევე როგორც სკოლის პირველი კამპუსი.

„მწვანე სკოლის პირველ კამპუსს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა, რისთვისაც სკოლას „მწვანე“ დავარქვით. ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ სიმწვანეში იყო და არა იმიტომ, რომ ეკოლოგიური მიდგომები გვქონდა. ის ჰექტარნახევრიანი  ტყეპარკის მიმდებარედ ავაშენეთ, ამიტომ სახელის შერჩევისას დიდხანს არ გვიფიქრია. ხოლო როდესაც სკოლების ქსელზე დავიწყეთ ფიქრი, მივხვდით, რომ ერთ-ერთი ატრიბუტი სწორედ დიდი გამწვანებული ეზო უნდა ყოფილიყო“, – დასძინა „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ კამპუსებში აქცენტი მასწავლებელთა შერჩევაზე, აყვანასა და გადამზადებაზე გაკეთდება.

„სულ რომ მილიონები დაახარჯო სკოლის ინფრასტრუქტურას, ვერ გექნება კარგი სკოლა, თუ არ გყავს კარგი მასწავლებლები. სამომავლოდ ამ ათ სკოლაში ათასზე მეტი მასწავლებელი გვეყოლება, ამიტომ მანამდე ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მათი გადამზადება, შესაბამისად, უნდა შევქმნათ მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი“, – განაცხადა ბაკურ სულაკაურმა.

პარალელურად დაწყებულია „მწვანე სკოლის“ რებრენდინგიც: იცვლება ლოგო, ფერები, შენობები, ინტერიერი.

ცნობისთვის, შპს „თბილისის მწვანე სკოლა“ 2011 წელს დაარსდა. პირველივე წლიდან სკოლაში სწავლება ყველა საფეხურზე დაიწყო. 2014 წელს კი სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფები, 2015 წლიდან გაიხსნა ბაღიც.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში მწვანე სკოლასა და საინვესტიციო კომპანია  „საქართველოს კაპიტალთან“ გაფორმდა პარტნიორული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული დინამიკური პროექტების განხორციელება დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *