გიორგი კოღუაშვილი მხოლოდ ექვსი წლის თუ იქნებოდა, როდესაც კალათბურთით დაინტერესდა. პატარა ბიჭზე გავლენა Space Jam-მა მოახდინა, რომელიც ბიძამ აჩუქა.
გიოს ფილმმა მომავალი ცხოვრებაც განუსაზღვრა.
“შემიყვარდა მაიკლ ჯორდანი. მას შემდეგ მინდოდა, რომ მე მისნაირი ვყოფილიყავი,”, – აღნიშნავს კოღუაშვილი.
გიომ ბავშვობაში ვარჯიში ეზოში დაიწყო ხის კალათბურთის ფარზე. როგორც ამბობს, რთული გზის გავლა მოუწია.
“იმ პერიოდის თბილისში პირობები საშინელი იყო. ფანჯრები გატეხილი, იატაკები ჭუჭყიანი, დაღუნული კალათბურთის ფარები, არ იყო დენი და გათბობა. ბავშვები ქურთუკით და ხელთათმანებით ვთამაშობდით”, – იხსენებს გიო ბოლო ინტერვიუში.
16 წლის ასაკში კოღუაშვილი ახერხებს გადასვლას ვესტ ვირჯინიაში.
“პირველი ორი თვის განმავლობაში არც კი ვიცი როგორ გადავრჩი. ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი, ქართველები იქ არ იყვნენ, ყველა კალათბურთს თამაშობდა, მათ პატივისცემის გრძნობა გაუჩნდათ ჩემს მიმართ, რადგან მეც ძალიან მინდოდა კალათბურთის თამაში”.
შემდეგ იყო ტრავმა, რამაც მისი კარიერული წინსვლის შენელება გამოიწვია. კოღუაშვილმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის ბიზნესის მენეჯმენტის კუთხით. გიო საქართველოში დაბრუნებასაც აპირებდა, სწორედ ამ დროს ნიუ-იორკში შეხვდა მეგობრის მწვრთნელს და გადაწყვიტა სტაჟირება გაევლო.
მაგრამ გიორგის ფულიც სჭირდებოდა, “ამიტომ დავიწყე ბავშვების მომზადება პარკებში. ვიცნობდი რამდენიმე ქართულ ოჯახს და თავდაპირველად 5-6 ბავშვი შემომიერთდა”.
როდესაც ძალიან აცივდა, 2017 წლის შემოდგომაზე, გიორგიმ იპოვა მოედანი ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიასთან და კალათბურთის გაკვეთილების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა ფაისბუქის გვერდზე. 9 ბავშვი მივიდა პირველ გაკვეთილზე, შემდეგ 18 და ყველა მათგანი ქართველი არ იყო. ყოველ კვირას ბავშვების რაოდენობა იზრდებოდა და მას დამხმარე მწვრთნელის აყვანის საჭიროებაც გაუჩნდა. გუნდს შემოუერთდა “მწვრთნელი მაიკი”.
გიორგის მიზანია, ჰქონდეს საკუთარი კალათბურთის საწვრთნელი აკადემია. სადაც იქნება სრული ზომის მოედნები, 3-4 შედარებით პატარა მოედანი კი განკუთვნილი იქნება ინდივიდუალური მეცადინეობისთვის.
ამჟამად Brooklyn Basketball Academy-ის ღირებულება თვეში 260 აშშ დოლარს შეადგენს, კვირაში სამი 90-წუთიანი გაკვეთილისთვის. ბავშვების მიღება ხდება 6-10 და 11-14 ასაკობრივ ჯგუფებში.
წყარო: Bklyner.
დატოვე კომენტარი