FIFA-ს მიერ დაწესებულმა საპრიზო ფონდმა მიმდინარე მუნდიალზე $791 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ბიუჯეტს $215 მილიონით აღემატება.
ბევრი ფიქრისა და, ბოდიში მომითხოვია, ტვინის ჭყლეტის მიუხედავად, ამ სტატიის დასაწყისი მაინც ბანალური გამოვიდა, ვინაიდან დროში კარგად გაცვეთილი ფრაზა – “ასეთი მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ არ მინახავს” უნდა გამოვიყენო. ამ განცხადებას ფეხბურთის მოყვარულები მუდმივად, ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ამბობენ და ყურიც კარგა ხნის დაღლილია სმენით. შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი და გამორჩეულია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეს შეფასება ნამდვილად ეკუთვნის და ალალიც იყოს. უბრალოდ, რუსეთში გამართული მუნდიალის “აქამდე უნახაობა” მხოლოდ ბურთის გორაობით არ ყოფილა გამოწვეული და ძირითადი მიზეზი ტექნოლოგიურ პროგრესსა და ფინანსურ რესურსებს უკავშირდება. თუმცა, სანამ ამ საკითხებს უფრო კონკრეტულად შევეხებით, მანამდე უმჯობესი იქნება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საფეხბურთო დეტალი გავიხსენოთ და ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ: რა დაგვანახა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა?
პირველ რიგში ალბათ ის, რომ ფეხბურთის თამაში “სწავლებადი” გახდა და თითქმის ყველა მონაწილე გუნდი აკმაყოფილებდა რაღაც უხილავ, საშუალო სტანდარტს. იშვიათი გამონაკლისების გარდა. აღარაფერს ვიტყვი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებასა და დაუღალავ სირბილზე, რასაც დიდი ხანია, მივეჩვიეთ. მაგალითისთვის, ხორვატმა ივან პერისიჩმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში 72 კილომეტრი ირბინა, რაც საშუალოდ თითო მატჩის დროს – 10.2 გარბენილ კილომეტრს უდრის, ეს კი ჩემპიონატის სარეკორდო მაჩვენებელია.
მუნდიალმა დაგვანახა ისიც, რომ პროგნოზების გაკეთება რამდენადაც უმადური საქმე შეიძლება იყოს, ხანდახან იმდენად მარტივიც გახლავთ ხოლმე. ამის თქმის საფუძველს არგენ ტინული ტანგოს ნაცვლად ნანახი არგენტინული ტანჯვა მაძლევს, რასაც ფეხბურთის ყველაზე დილეტანტი მცოდნეც წინასწარ გამოიცნობდა და გამოიცნო კიდეც. ოთხ თამაშად გადანაწილებული წვალების ანალიზი საჭირო სულაც არ არის, თუკი ლეო მესის მრავლისმთქმელად გაყინულ, უემოციო და უიმედო სახეს გავიხსენებთ. პრინციპში, მისი ეს მდგომარეობა კარგად ასახავს მთლიანად არგენტინული ფეხბურთის დღევანდელ კონდიციას – მწვრთნელებისა და ფედერაციის მეთაურობით. ამ ყველაფერს ფიზიკურად ტრიბუნებზე მჯდომ, ხოლო “შინაგანად” კაცმა არ იცის, სად მოხეტიალე დიეგო მარადონას თუ დავამატებთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა დასაშვებზე ბევრად მძიმე გახლდათ.
გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთით: ყველასთვის მოულოდნელად, 1/8 ფინალიდან ესპანეთის გამოძევების შემდეგ განსაკუთრებით საშიში და მაღალი გახდა რისკი იმისა, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და შემდეგ, ღმერთმა იცის, იქნებ ფინალშიც კი აღმოჩენილიყო. ათასი ჯურის შეთქმულების თეორიებისა და შესაძლო კორუფციული მოდელების არსებობის შესახებ ლაპარაკს წერტილი ხორვატიის ნაკრებმა დაუსვა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ივან რაკიტიჩის გატანილი პენალტის წყალობით, რუსეთის ნაკრები არსადაც არ გაემგზავრა, დარჩა მოსკოვში და ჩემპიონატის ყურება მაყურებლის ამპლუაში განაგრძო. მოგვიანებით, რუსეთის ნაკრების გზას ინგლისელებიც დაადგნენ, იმ განსხვავებით, რომ მათი ბოლო გაჩერება ლონდონი იყო და არა მოსკოვი. ბრიტანელების გულში გაღვიძებულ ტრიუმფის სურვილსა და ხმამაღლა გაცხადებულ “it’s coming home”-ს წყალი კვლავ ხორვატიამ გადაასხა, მოგვიანებით კი ბრინჯაოს მედლები ბელგიელებმა გამოგლიჯეს ხელიდან.
სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემტევი ფეხბურთი სწორედ ამ ორმა ნაკრებმა – ხორვატიამ და ბელგიამ ითამაშეს, რაც მათ მიერ ისტორიულ მეორე და მესამე ადგილების მოპოვებას კიდევ უფრო დამსახურებულსა და ლოგიკურს ხდის. სხვათა შორის, ბელგიის ნაკრებმა ერთი ისტორიული და კარგად მივიწყებული შედეგი გაიმეორა. 1970 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც “პლეი-ოფის” დროს ორბურთიანი სხვაობის გაქვითვა და გამარჯვება მოახერხა. საუბარი იაპონიასთან გამართულ მატჩს ეხება, სადაც ნასერ ჩადლის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით, ¼ ფინალური სტადიის საგზური მოიპოვეს. უკანასკნელად მსგავსი “ქამბექი” 48 წლის წინ, აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებმა შეასრულა ინგლისელების წინააღმდეგ. ის თამაშიც ანალოგიური ანგარიშით დამთავრდა.
ყველაფერს რომ არ მივედ-მოვედოთ, კიდევ რისი გახსენება შეიძლება? ალბათ ფრანგი კილიან მბაპესი, რომელმაც ფინალში გოლის გატანა შეძლო, რითაც პელეს მერე პირველი ტინეიჯერია, ვინც ეს შედეგი გაიმეორა. ფინალამდე კი მას სამი გოლი ჰქონდა გატანილი და ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ტინეიჯერი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთზე მეტი ბურთის გატანა შეძლო. ანტუან გრიზმანთან და პოლ პოგბასთან ერთად, სწორად 19 წლის კილიან მბაპემ ითავა ლიდერობა, დიდიე დეშამის კარგად დაბალანსებულ და ზედმეტად პრაგმატულ საფრანგეთის ნაკრებში, რაც საბოლოოდ დამსახურებული ოქროს მედლებით დაგვირგვინდა. ავსტრალიასთან მძიმედ დაწყებული სადებიუტო მატჩის შემდეგ მამლები ყოველ თამაშში უფრო და უფრო დაუნდობლები და ცივსისხლიანები ხდებოდნენ, რაც “გახსნილი” ფეხბურთის გულშემატკივრების კრიტიკას იმსახურებდა, თუმცა ძველი გამოთქმის არ იყოს – გამარჯვებულებს არ განსჯიან, ამიტომ ტრიუმფმა ყველას უკმაყოფილება ერთიანად შთანთქა.
დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას, თუ რამ გამოიწვია ამ ჩემპიონატის “აქამდე უნახაობა” და გამორჩეულობა. დავიწყოთ ტექნოლოგიური კუთხით და, ცხადია, წინასწარ მიხვდებოდით, რომ საქმე ვიდეორეფერის ეხება. ალბათ არაფერს მოუხდენია უკანასკნელ ათწლეულებში იმხელა გავლენა ფეხბურთზე, რამხელა ეფექტიც ვიდეოს გამოყენებას ჰქონდა. ამ თეზის ყველაზე მარტივი დამადასტურებელი ფაქტი პენალტების სარეკორდო რაოდენობაა, რომელიც გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაინიშნა. ჯამში, 29 თერთმეტმეტრიანი ვიხილეთ, საიდანაც 22 გოლად გადაიქცა. აცდენილი პენალტებიდან კი მოულოდნელი და გამოსარჩევი კრისტიანო რონალდოს, ლუკა მოდრიჩის, ლეო მესისა და გილფი სიგურდსონის დარტყმებია. ვიდეორეფერის დამატებაზე დიდხანს მსჯელობდნენ, რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა. ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა თუ პროფესიულ ლიგებში, ეს სისტემა საცდელი ვარიანტის სახით წარმატებულად დაიტესტა. მსოფლიო ჩემპიონატამდე, ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, სადაც VAR-ის სისტემა გამოუყენებიათ, იტალიის “სერია ა” იყო. ამ მუნდიალმა ალბათ სრულად და ამომწურავად გასცა ზოგიერთი სკეპტიკოსის კითხვებს პასუხი, საჭიროა თუ არა თანამედროვე ფეხბურთში ამ ტექნოლოგიის დანერგვა და გამოყენება. სხვათა შორის, წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი კონტრარგუმენტი ის იყო, რომ ვიდეორეფერის დანერგვა თამაშის პროცესს მნიშვნელოვნად შეანელებდა, რაც, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მცდარი აღმოჩნდა. ორგანიზაცია FiveThirtyEight-ის კვლევებმა გვაჩვენა, რომ თამაშის განმავლობაში, ვიდეორეფერით გამოწვეული შეჩერების საშუალო მაჩვენებელი 31 წამს შეადგენს, რითაც ბოლოდან მესამე ადგილზეა. თუკი სხვა კომპონენტებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მაგალითისთვის, ყვითელი ან წითელი ბარათების ჩვენება ჯამში 55 წამით აფერხებს მატჩს, გოლის აღნიშვნა – 2:55 წუთით, კუთხურების მოწოდება – 4:14 წუთით, ხოლო ჯარიმები – 10:29 წუთით. აღნიშნული დაკვირვება მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებშია ჩატარებული და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მოწინააღმდეგეებს ჩრდილოეთის გაყინულ წყალს ასხამს თავზე.
მეორე მიზეზი, თუ რატომ იყო რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული, ცხადია, ფინანსური კომპონენტია. FIFA-ს მიერ დაწესებულმა საპრიზო ფონდმა მიმდინარე მუნდიალზე $791 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ბიუჯეტს $215 მილიონით აღემატება. ტურნირის გამარჯვებულ საფრანგეთის ნაკრებს $38 მილიონი შეხვდა, რაც მთლიანი თანხის 9.5% პროცენტს შეადგენს. $28 მილიონი შეხვდა ხორვატიის ნაკრებს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ბელგიას ჯიბე $24 მილიონით გაუსქელდა. თანხის დანაწილება შემდეგნაირად გაგრძელდა: ინგლისი – $22 მილიონი (5.5%), 5-9 ადგილები – $64 მილიონი (16%), 9-16 ადგილები – $96 მილიონი (24%) და 17-32 ადგილები – $128 მილიონი (32%). საპრიზო ფონდი იმდენად მსუყე იყო, რომ მცირებიუჯეტიანი ქვეყნებისთვის მხოლოდ მონაწილეობაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათთვის საკმაოდ შთამბეჭდავი სიდიდის თანხა მიიღონ. იმედია, რომ ამ კონტექსტში როდისმე საქართველოსაც მოვიაზრებთ. თავის მხრივ, მიღებული ფულის გადანაწილება განსხვავებულად, ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება. მაგალითად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, შემოსული თანხის 30%-ს ნაკრების ფეხბურთელები მიიღებდნენ. მეორე ფინალისტი გუნდის – ხორვატიის ხელმძღვანელობამ კი საჯაროდ განაცხადა, რომ მთლიან საპრიზო თანხას ქველმოქმედებაზე დახარჯავდნენ.
ჯერჯერობით არ ვიცით სპონსორებისგან და სატელევიზიო (რადიო) მაუწყებლობის გაყიდვიდან შემოსული თანხები. FIFA ამ ანგარიშს მოგვიანებით წარადგენს და ჩვენც შესაძლებლობა გვექნება, რომ სრულ ფინანსურ სურათში დავინახოთ, გაამართლა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებამ. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ, ფიფას შემოსავლების მაჩვენებელმა $4 მილიარდზე მეტი შეადგინა. დასასრულს, წარმოგიდგენთ სხვადასხვა საინტერესო ფაქტს, რომლებიც გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა:
• კრისტიანო რონალდომ ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა, რაც უნიკალურ შედეგს წარმოადგენს.
• რაფაელ მარკესი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაუდგა სათავეში მექსიკის ნაკრებს. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა.
• რუსეთისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება მუნდიალის ისტორიაში ყველაზე სუსტი გახსნითი მატჩი იყო. ფიფას რეიტინგში მასპინძლები 66-ე ადგილზე, ხოლო საუდის არაბეთი ერთი საფეხურით ქვემოთ, 67-ე ადგილზე იმყოფებოდა.
• შვედეთისა და შვეიცარიის მატჩის დროს მსოფლიო ჩემპიონატზე დამსწრეთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონი შეადგინა. ყველაზე დიდი დასწრება 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (აშშ) დაფიქსირდა – 3.59-მილიონიანი მაჩვენებლით.
• 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ავტოგოლი გავიდა, რაც ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 6 ავტოგოლი იყო, რომელიც საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალზეა დაფიქსირებული.
• ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი, მუნდიალის ისტორიაში მეორე ყველაზე ხნიერი მთავარი მწვრთნელი გახდა. ჩემპიონატის დაწყებისას ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი 71 წლის და 104 დღის იყო. პირველ ადგილს გერმანელი სპეციალისტი, ოტო რეჰაგელი იკავებს.
• ყველაზე მეტი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატებიდან მონაწილეობდა. მათმა რიცხვმა 129 შეადგინა, საიდანაც უმრავლესობა პრემიერლიგაში ასპარეზობს.
• გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ ორი ბურთის გატანა შეძლო, რაც მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ასეთი გახლდათ რუსული საფეხბურთო არდადეგებები, თავის წვიმაში გალუმპული საფრანგეთ-ხორვატიის პრეზიდენტებით, ქოლგაგადაფარებული ვლადიმირ პუტინით და აჭარაში შეკერილი ხორვატიის ნაკრების მაისურებით. ახლა კი დროა, ცოტა ხნით ფეხბურთისგან დავისვენოთ. შევხვდებით ყატარში, 2022 წელს.
დატოვე კომენტარი