ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან მიდის. კიკორიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება უკვე დაწერა და ის საკანონმდებლო ორგანოშია შეტანილი. განცხადებაში მითითებულია, რომ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, მურთაზ კიკორიას მომდევნო 6 თვის განმავლობაში საფინანსო სექტორში საქმიანობა ეკრძალება. სად გააგრძელებს ის მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.
მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2016 წლის დეკემბერში გახდა.
2008-2009 წლებში კიკორია “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში კი, ამავე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2012-2014 წლებში “ალდაგი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2014-2015 წლებში “საქართველოს ბანკის” ფინანსური დირექტორის, 2015-2016 წლებში კი, “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
დატოვე კომენტარი