მუსიკა მასებისთვის

მუსიკა მასებისთვის

მუსიკა $2-მილიარდიანი ბიზნესია ინდოეთში. ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ შემოსავლების 90%-ზე მეტი „პირატების” ხელში ხვდება. არალეგალური კომპაქტდისკებითა და კასეტებით მოვაჭრე ფარდულები სოკოებივითაა მოდებული ინდოეთის ქალაქებში; ინტერნეტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 100-ზე მეტ არალეგალურ ვებგვერდს შორის გააკეთოს არჩევანი; საშუალო ფენის მყიდველები კი საერთო ენას ნახულობენ ადგილობრივი მაღაზიების მფლობელებთან და ჩუმად ტვირთავენ თავიანთ ტელეფონებში ბოლივუდის ჰიტების მთელ კატალოგებს.

მუსიკის სტრიმინგ-სერვისის მიმწოდებელი კომპანია, Saavn-ი, რომლის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში, პარკ-ავენიუზე მდებარეობს, მიზნად ისახავს ინდოეთის მობილური აბონენტების 900-მილიონიანი არმიისათვის მელოდიები ლეგალურად ხელმისაწვდომი გახადოს და საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად დაკარგული შემოსავლის წყარო მუმბაის ხმის ჩამწერ კომპანიებს დაუბრუნოს.

“Saavn” სიტყვების თამაშია და ჰინდის ენაზე „სიყვარულის ჟამს” ნიშნავს. კომპანიას აღმასრულებელი დირექტორი, 36 წლის ვინოდჰ ბჰატი მართავს, რომელმაც ის ოთხ თანადამფუძნებელთან ერთად დაარსა 2006 წელს. თავიდან კომპანია ინდურ მუსიკასა და ფილმებს აწვდიდა ჩრდილოამერიკელ გამომცემლებს – Amazon-ს, Hulu-სა და iTunes-ს. ამ ბიზნესმა 2009 წელს $3 მილიონი შემოსავალი მოიტანა. მოგებიანობის მიუხედავად, სამომავლო ზრდის შესაძლებლობა შეზღუდული იყო და ბჰატმა გადაწყვიტა, რომ ინდოეთის მზარდი სამომხმარებლო ბაზრის მომსახურებას მეტი პერსპექტივა ექნებოდა. Saavn-მა ისარგებლა ხმის ჩამწერ კომპანიებთან დამყარებული კარგი ურთიერთობით და მაუნტინ-ვიუში (კალიფორნია) ინჟინრები დაიქირავა, მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შესაქმნელად.

Saavn.com-ის დებიუტი 2010 წლის მაისში 150 ათასი სიმღერით შედგა და ექვს თვეში მილიონობით მომხმარებელი მოიზიდა. Google India-სთან თანამშრომლობის შედეგად, ოქტომბრიდან თითოეული სიმღერის თუ შემსრულებლის ძებნისას Saavn-ის გრაფიკული გამოსახულება ჩნდება. კომპანიამ შემოიღო ანდროიდული აპლიკაცია, რომელიც 2011 წლის იანვრიდან უკვე ჩატვირთულია ინდოეთის მობილური ტელეფონების ათ მოდელში; ივნისში ამას მოჰყვა ოპერატიული სისტემა iOS-ი. ახლა ორივე აპლიკაცია დღეში 10 ათას ჩამოტვირთვას უზრუნველყოფს, მთლიანობაში კომპანია ემსახურება 10 მილიონ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს 219 ქვეყანაში. შედარებისთვის, Spotify-ის დაახლოებით 20 მილიონი მსმენელი ჰყავს; Pandora-ს 52 მილიონი. Saavn-ის მსმენელთა ორი მესამედი ინდოეთის მცხოვრებია, დანარჩენი ნაწილის უმეტესობას შეადგენს ინდური დიასპორები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ყოველთვიურად Saavn-ის მსმენელთა რიცხვს ნახევარი მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება.

ინდოეთის მობილური კავშირის ბაზარზე სმარტფონებს მცირე სეგმენტი უჭირავს, დესკტოპ-ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დონე ქვეყანაში კვლავ დაბალია. Saavn-ის რეალური სამიზნე ის 350 მილიონი ინდოელია, რომელთა მობილური ტელეფონებიც მონაცემთა შეტანის ფუნქციითაა აღჭურვილი. შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება რთულია. ისეთი სტრიმინგ-სერვისის შექმნა, რომელიც შეძლებს შეწყობილად იმუშაოს ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის სხვადასხვა ტიპთან, სერიოზულ საინჟინრო ნიჭს მოითხოვს; Saavn-ის ხარჯების 70% სამუშაო ძალაზე მოდის, რაც განპირობებულია კომპანიის მოთხოვნით Silicon Valley-ის დონის ინჟინრების მომსახურეობაზე.

ივნისში ბჰატმა და მისმა პარტნიორებმა დიდი ხმაურის გარეშე გარეშე გამოუშვეს მობილური ტელეფონის აპლიკაცია კატალოგით, რომელშიც 1,1 მილიონი სიმღერაა თავმოყრილი. ამჟამად ისინი ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ და თვის ბოლოს სრულ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავენ. „2015 წლისთვის ინდოეთში ყველას ექნება მობილური ტელეფონი მონაცემთა შეტანის ფუნქციით”,- წინასწარმეტყველებს ბჰატი. Saavn-ის მიზანია მომსახურეობა გაუწიოს 1,2 მილიარდი მომხმარებლიდან თითოეულს.

ამჟამად ამ სერვისის მიწოდება მთლიანად ფინანსდება Pepsi-ის, Intel-ის, Hyundai-ის და სხვა კომპანიათა რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე. გარდა ცვალებადი ჰონორარებისა, ხმის ჩამწერი კომპანიები Saavn-ის მთლიანი შემოსავლის 30%-ს იღებენ. 42 თანამშრომლისაგან შემდგარი კომპანია კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ 2011 წლის გაყიდვები რამდენიმე მილიონით განისაზღვრა, რაც ოდნავ აღემატება კომპანიის 5 მილიონი დოლარის წლიურ ფიქსირებულ საოპერაციო ხარჯებს.

მანამდე კომპანია ფუნქციონირებს არაფორმალური ინვესტიციების (angel investment) სახით მიღებული 6 მილიონი დოლარისა და Tiger Global Management-ისაგან მიღებული ჩვენთვის უცნობი თანხის ხარჯზე (Saavn-ი ციფრებს ასაიდუმლოებს, რათა ხმის ჩამწერი კომპანიების მხრიდან ფასების მომატება აიცილოს თავიდან). წლის ბოლოსთვის ის შემოიღებს სააბონენტო მომსახურების სისტემას. აბონენტები თვეში 99 რუპიას გადაიხდიან, რაც დაახლოებით $2-ის ეკვივალენტია. ამის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ სარეკლამო განცხადებებისგან თავისუფალ სტრიმინგს, რასაც დაემატება წვდომა მაღალი ხარისხის აუდიო და ოფლაინ ჩამოტვირთებზე.

„ჩვენ ნულიდან ვქმნით ამ ინდუსტრიას, – ამბობს ბჰატი. – ცხოვრებაში რამდენჯერ გეძლევათ ამის გაკეთების შანსი?”

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *