მზარდი სექტორის მზარდი ალფა

მზარდი სექტორის მზარდი ალფა

„სადაზღვევო კომპანია ალფა“ 2009 წელს დაარსდა და დაზღვევის ინდუსტრიაში, რომლის ჯამურმა შემოსავალმა შარშან ეროვნული რეკორდი მოხსნა და ₾1 მილიარდს გადააჭარბა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, დიმიტრი გონგლაძეს ვესაუბრეთ.

„ალფა დაზღვევა“ 2009 წელს დაარსდა – რა ცვლილებები განხორციელდა ამ პერიოდში კომპანიაში და რა პროდუქტები დაემატა თქვენს პორტფელს?

კომპანიამ ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო – ძირითადად, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. დღეს ბაზარზე წარმოდგენილები ვართ სრული სადაზღვევო სერვისით როგორც ჯანმრთელობის, ისე დაზღვევის სხვა მრავალფეროვანი მომსახურებით. ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად ვერგებით და კლიენტებს ყველა სახის სრულყოფილ მომსახურებას ვთავაზობთ საცალო თუ კორპორაციული მიმართულებებით. წლიდან წლამდე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროდუქტების განვითარებაზე მუშაობა.

რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, ახალი მიმართულებები სადაზღვევო ბაზრისა და მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მეშვეობით ყალიბდება. ერთ-ერთი სერვისი, რომელსაც კორპორაციულ მომხმარებელს ძალიან მალე შევთავაზებთ, AlphaCorp-ი იქნება.

რას გულისხმობს AlphaCorp-ი?

მოგეხსენებათ, სადაზღვევო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, შესაბამისად, ბაზარზე არსებული კომპანიები მუდმივად ვცდილობთ ახალი სერვისების შეთავაზებას როგორც არსებული მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის. AlphaCorp-ი სპეციალურად შექმნილი საინფორმაციო პლატფორმაა, რომელიც კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი დაზღვევის სერვისებისა და არსებული პროდუქტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

იუსტიციის სახლთან ერთად ქონების დაზღვევის პროდუქტიც შექმენით – რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? რა მდგომარეობაა დღეს ქონების დაზღვევის ბაზარზე?

ვცდილობთ, მოვიძიოთ და დავნერგოთ მრავალფუნქციური სერვისები მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. სწორედ ამის მაგალითია იუსტიციის სახლისა და ჩვენი ერთობლივი პროდუქტი, რომელიც ერთ სივრცეში ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და მის დაზღვევას მოიცავს.

„ალფასთვის“ პრიორიტეტია დაზღვევით დაინტერესებული და მოსარგებლე პირების სწორი და ამომწურავი ინფორმირება დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებამდე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყოველგვარი გაურკვევლობა. ვფიქრობთ, იუსტიციის სახლთან ერთად განხორციელებული პროექტი დიდ როლს ითამაშებს სადაზღვევო მომსახურების შესახებ ინფორმირებაში და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისათვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად სადაზღვევო კულტურისა და მისი მნიშვნელობის შეცნობაშიც შეიტანს წვლილს.

როგორია თქვენი სტრატეგია გაყიდვების გასაზრდელად და მოიაზრებთ თუ არა სხვა რეგიონების უფრო ფართოდ მოცვას?

დღეს საქართველოში დაზღვევის კულტურის მეტ-ნაკლები დეფიციტია და ეს უფრო მკვეთრად იგრძნობა რეგიონებში. ჩვენი პირველადი მიზანია, უფრო ფართო ბაზარზე გავიდეთ და ამ მიზნის მისაღწევად რეგიონალური გაყიდვების გაფართოებაც დაგვჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს გეგმაზომიერად და ცალკეული პროდუქტების ჭრილში უნდა მოხდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია დაზღვეულთა კმაყოფილება და, შესაბამისად, გულისყურით მივყვებით განვითარების და გაყიდვების ზრდის გზას, რაც მომხმარებელთა სანდოობისა და კმაყოფილების კუთხით მატერიალურ და არამატერიალურ კაპიტალსაც გაზრდის. შეიძლება ითქვას, რომ გაყიდვებისა და კმაყოფილების ინდექსი მუდმივ კორელაციაშია.

როგორია თქვენი სადაზღვევო პოლიტიკა? რამდენად ხშირია კლიენტების უკმაყოფილება და როგორ ახერხებთ მათი პრობლემების მოგვარებას?

კლიენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო როცა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ეხება საქმე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ გამოწვევების მოსაგვარებლად ჩვენ პირადი მენეჯერების, შიდა და გარე პრეტენზიების მართვის სამსახური გვაქვს. ვცდილობთ უკმაყოფილო კლიენტების დროულ იდენტიფიცირებას, შემდეგ კი მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, სადაზღვევო კულტურის მიმართ ცნობიერების ამაღლება ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ როგორც სერვისის, ისე იურიდიულ ნაწილში არ არსებობს ე.წ. „ფარული“ პუნქტები, რომლებზე წვდომაც მომსახურების მიმღებს არა აქვს. ჩვენი სადაზღვევო პოლიტიკა ლოიალურობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების პირნათლად შესრულებისკენაა მიმართული.

„ალფას“ მშობელი კომპანია „ავერსი ფარმაა“ – რა ბენეფიტს გაძლევთ შემოსავლით საქართველოს მეცხრე უმსხვილესი ჰოლდინგის შემადგენლობაში ყოფნა?

„ალფა“ „ავერსი ჰოლდინგის“ განუყოფელი ნაწილია. დამფუძნებელი კომპანია მუდმივად ჩვენ გვერდით დგას როგორც ფინანსურად, ისე მომსახურების სერვისის მიწოდების მიმართულებით. „ავერსის“ გუნდში ყოფნა, ერთი მხრივ, დიდი პატივია, მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა – ეს უკავშირდება „ავერსის“ მაღალი დონის სერვისებს, მაღალ ხარისხსა და ისტორიას, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იწყება. მრავალი სერვისი გვაქვს გაერთიანებული, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება. ვფიქრობთ, დაუღალავი შრომის შედეგად, „ავერსი ფარმას“ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს.

სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 50% სამედიცინო დაზღვევაზე მოდის – როგორია მოცემულობა სხვა პროდუქტების მხრივ, იზრდება თუ არა და რაზე იზრდება მოთხოვნა? რა ტემპით იმატებს ფასები?

პორტფელის დიდი ნაწილი რომ სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. კორპორაციულ სექტორში სამედიცინო დაზღვევის კულტურა ჩამოყალიბებულია და ბევრი ორგანიზაცია დასაქმებულთა სადაზღვევო პრემიის გადასახადს ნაწილობრივ ან სრულად იღებს თავის თავზე, რაც, ცხადია, თანამშრომლების წამახალისებელი ეფექტითაც გამოირჩევა და პროდუქტის პოპულარიზაციაზეც შესაბამის გავლენას ახდენს.

ასანაზღაურებელი სერვისების გაძვირება სადაზღვევო პრემიის ფასის მატებას იწვევს. ამ მიმართულებით ქვეყნის შიგნით ყალიბდება კულტურა, რომელზეც დაზღვევის არსია დაფუძნებული – მცირე შენატანი დიდი რისკის თავიდან აცილების მიზნით. საუბარია ფინანსურ რისკზე, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად აწვება ტვირთად დაზღვეულ ადამიანს, ვიდრე დაუზღვეველს, რომელსაც მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უწევს.

საქართველოშიც თანდათან შემოდის ის სადაზღვევო კულტურა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მომსახურების ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაინც სასიხარულოა, რომ ჯანმრთელობას, როგორც უცვლელ მოცემულობას, დიდი ყურადღება ექცევა როგორც მზღვეველის, ასევე დაზღვეულების მხრიდან.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, ვერ ვიტყვით, რომ არასამედიცინო დაზღვევა ისეთივე პოპულარულია, როგორიც სამედიცინო, მაგრამ ბაზარი უძრავი ქონებისა და ავტოდაზღვევის კუთხითაც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. გაზრდილია მოთხოვნა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, თუმცა – ძირითადად კორპორაციული მიმართულების ხარჯზე. საცალო გაყიდვების კუთხით არასაკმარისად გაუმჯობესებული წლიური მაჩვენებლები გვაქვს.

საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობასა და დაზღვეულს შორის დიდი სხვაობაა – რა განაპირობებს ამას? უნდა იყოს თუ არა დაზღვევა სავალდებულო?

მომხმარებლის ცნობიერება საჭიროებს ამაღლებას და ამაში უდიდესი როლი აქვს სახელმწიფოს, რომელმაც, მათ შორის, სწორედ სავალდებულო დაზღვევის მიმართულებები უნდა დანერგოს ქვეყანაში. არსებითად პოზიტიურ გავლენას მოახდენს მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება და სასურველია, რომ ეს ცვლილება უახლოეს მომავალში განხორციელდეს. საყურადღებოა, რომ ეს პრაქტიკა არა მარტო ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედებს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. სავალდებულო დაზღვევა ერთმნიშვნელოვნად დადებით შედეგს მოუტანს როგორც დაზღვეულებს, ისე სადაზღვევო კომპანიებს.

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა რეკორდულ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა, ისტორიულ მაქსიმუმზე იყო მოგებაც. რას უნდა ველოდოთ 2024 წელს – რა ტენდენციებია ბაზარზე და რას გეგმავს „ალფა“?

დაზღვევის სექტორი მზარდია. იზრდება სადაზღვევო კომპანიების რაოდენობაც და მათ შორის არიან კომპანიები, რომლებსაც ფინანსური სექტორი უმაგრებს ზურგს, რაც ყველა დანარჩენ სადაზღვევოებს ავტომატურად მეტი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ამ პირობებში, სხვადასხვა პროდუქტის განვითარებისა და ახალი სერვისების დანერგვის გზით, „ალფა“ ისეთი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, რომლებიც ორიენტირებულია კლიენტზე, მათთვის კომფორტული სერვისების მიწოდებაზე. ვფიქრობთ, წლევანდელი წელი, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და კონკურენციისა, ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *