Goldman Sachs-ის ყოფილი მოვაჭრის $800-მილიონიან კომპანიას ჯანსაღი ცხოვრების ციებ-ცხელების გაფართოება განუზრახავს – არომათერაპიისა და თმის ვიტამინებიდან ბინებსა და კაზინო-სასტუმროებამდე.
“ჯანსაღი ცხოვრება” ერთ-ერთი იმ უაღრესად ფართო მნიშვნელობის სიტყვათაგანია, რომელიც ერთდროულად ყველაფერსაც ნიშნავს და არაფერსაც. მისი მიმდევრებისთვის ის “ჯანმრთელობაზე” მეტია, რაც, თავის მხრივ, ხშირად მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობას გულისხმობს. ჯანსაღი ცხოვრება გიგანტურ ინდუსტრიად არის ქცეული ან, ყოველ შემთხვევაში, ერთობ მოქნილ მარკეტინგულ ტერმინად. ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ჯგუფის უტიფრად გაბერილი მოსაზრებით, ჯანსაღი ცხოვრება $4-ტრილიონიანი გლობალური ბიზნესია. ამ ტრენდის ნაწილად სპორტული დარბაზების წევრობა და ორგანული ნაწარმიც შეგვიძლია, ჩავთვალოთ. მაგრამ ამავე წარმატებით აქ სურნელოვანი საკმეველი, დნმ-ის ანალიზები და ძილის დამხმარე საშუალებებიც შეგვიძლია, ვიგულისხმოთ. ჰოდა, აბა, რა უდგას წინ, ჯანსაღ ცხოვრებაში შენობებიც რომ შევიტანოთ?
“თუ გჯერა ჯანსაღი ცხოვრების ტრენდის, მაშინ რატომ არ უნდა მიუსადაგო ის აქტივთა ყველაზე მსხვილ კატეგორიას?” – კითხულობს Goldman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი და ნიუიორკული სტარტაპის, Delos-ის დამფუძნებული, 45 წლის პოლ სალა. “ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, ამ ტრენდიდან მაქსიმალური სარგებელი ამოიღო”.
სალა “Well” შენობის სერტიფიკატს ყიდის, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს, დამქირავებლებსა და სასტუმროების და კურორტების ოპერატორებს თავიანთ ვესტიბიულებში შეუძლიათ, გამოფინონ და მარკეტინგულ მასალებში გამოიყენონ. სალას პროექტი მწვანე შენობის ცნობილი LEED სტანდარტის მოდელით არის შექმნილი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციადაა დარეგისტრირებული, მაგრამ სალას პროექტი მისგან ერთი საკვანძო ასპექტით განსხვავდება: Delos-ი ძალიანაც კომერციული კომპანიაა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე სალამ $237 მილიონი მოიზიდა Delos-ისთვის, ეს უკანასკნელი კი, უახლესი მონაცემებით, $800 მილიონად არის შეფასებული.
სპონსორთა შორის გახლავთ ბილ გეიტსის პირადი საინვესტიციო ოფისი და ფონდ Fidelity Magellan-ის ყოფილი მენეჯერი ჯეფ ვინიკი. Delos-ის საბჭოში კი New Age-ის ვარსკვლავი ექიმი დიპაკ ჩოპრა და მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო არიან. სალამ თვით LEED-ის შემქმნელი რიკ ფედრიციც კი დაარწმუნა, პენსიაზე გასვლა გადაევადებინა და International Well Building Institute-ს ჩასდგომოდა სათავეში – Delos-ის ბიზნესის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შენობათა შეფასებით არის დაკავებული.
სალა იმედოვნებს, რომ მისი მომხმარებლები ისევე მოწადინებულნი იქნებიან, Well-ისთვის ფული გადაიხადონ, როგორც უძრავი ქონების მფლობელები იყვნენ LEED-ის მიმართ, რომელსაც ჩაშვებიდან – 2000 წლიდან – დღემდე 76,800 პროექტისთვის აქვს სერტიფიკატი გაცემული. LEED-ი $13,000-ს ითხოვს ახალი, 100,000 კვადრატული ფუტის უძრავი ქონების შესაფასებლად. ბოლოდროინდელ კვლევის მიხედვით, შენობის მფლობელთა მესამედმა განაცხადა, რომ ეკოლოგიურობა მათი უძრავი ქონების ღირებულებას 10%-ზე მეტით ზრდიდა.
ჯერ ძალიან ადრეა იმის სათქმელად, ასევე სასარგებლო თუ იქნება შენობის ღირებულებისთვის Well-ის სერტიფიკატი. მაგრამ დეველოპერები ნებისმიერ ისეთ რამეზე ნადირობენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, პრემიუმ-გადასახადი აიღონ არაფრით გამორჩეულ ბინებში, ოფისებსა და სტანდარტულ სასტუმრო ნომრებში. ასეთი არაფრით გამორჩეული საცხოვრებლებით გატენილ ქალაქში, ლას-ვეგასში, MGM Grand-ი 20%-ით ზრდის იმ 500 ოთახის ფასებს, რომლებიც Delos-ის სანქციის მქონე “Stay Well”-ის პროდუქტებითაა აღჭურვილი.
Delos-მა რომ 100,000 კვადრატული ფუტის სივრცე შეგიფასოთ, დაახლოებით $20,000 დაგიჯდებათ. როცა მანჰეტენურმა სამშენებლო ფირმა Structure Tone-მა მწვანე Greenwich Village-იდან მჭიდროდ დასახლებულ 34-ე ქუჩაზე გადაინაცვლა, რობი ლეონმა, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიურ მდგრადობას თაოსნობს, იფიქრა, რომ ოფისის მდებარეობის ცვლილებისადმი არცთუ ხალისით განწყობილ თანამშრომლებს გული მოუბრუნდებოდათ, თუ ახალი სივრცისთვის Well-ის სერტიფიკატს მოიპოვობდნენ. კლიენტებს ისიც მოსწონთ, რომ ეს ფირმა ჯანსაღი ცხოვრების ტრენდის მრუდს წინ უსწრებს. “გვინდა, შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ პირველებმა”, – ამბობს ლეონი. 2017-ში Structure Tone-მა $90,000 დახარჯა Well-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად და ოფისში Delos-ის მოთხოვნილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
იტალიელი და ჰოლანდიელი იმიგრანტების მიერ პლეინფილდის (ნიუ-ჯერსი) გარეუბანში გაზრდილ სალას Delos-ის იდეა 2009-ში გაუჩნდა, კერძოდ, იმ დროს, როცა Goldman Sachs-ში ახალბედა პარტნიორი გამხდარიყო. ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებულმა მცირეხნიანმა ინტერესმა ერთ კითხვამდე მიიყვანა: რატომ იყო ამხელა ამბავი ატეხილი იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებდნენ შენობები პლანეტაზე და არა იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებდნენ ეს შენობები ადამიანებზე. ფინანსებში აღებულ ბაკალავრის დიპლომს New York University-დან მისთვის ხელი არ შეუშლია, ჯანსაღი ცხოვრების ტრენდში პოტენციალი დაენახა.
ეს იდეა იმდენად უტყუარი ეჩვენა, რომ ერთი-ორი წლის მანძილზე შაბათ-კვირების ღამეები მასზე მუშაობაში გაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ჯერ არავის აეტაცებინა. აღმოაჩინა, რომ ათწლეულებია, იკვლევდნენ შენობებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირს, თუმცა საკითხის გარშემო ბრენდის შექმნა არავის ეცადა. “საფრთხობელა ვერ ვიპოვე”, – ამბობს ის.
ახალშობილ პროექტს ბერძნული კუნძულის, დელოსის, სახელი დაარქვა, სადაც, მითის თანახმად, ღმერთი აპოლონი დაიბადა და, სალას თქმით, კუნძულის მკვიდრებს მარადიული სიცოცხლე ჰქონდათ გარანტირებული. 2013-ისთვის სალამ და მისმა ტყუპისცალმა ძმამ, ასევე Goldman-ის პარტნიორმა პოლმა, ბანკი დატოვეს და Delos-ზე გადაერთვნენ სრული განაკვეთით (პიტერი პრეზიდენტი და ოპერაციების დირექტორია). სტარტაპში ორივე ძმამ დააბანდა კაპიტალი (თუმცა რამდენი, არ ამბობენ). იმავე დეკემბერში Delos-მა პირველი გარე დაფინანსება – $24 მილიონი – მოიპოვა.
Delos-ის სასერტიფიკაციო ბიზნესმა ნელა აკრიფა ტემპი, მაგრამ 2018 მნიშვნელოვანი წელი გამოდგა. ამ მომენტისთვის Delos-ს 314 მილიონი კვადრატული ფუტის ტოლფასი 1,555 პროექტი აქვს განხორციელებული 48 ქვეყანაში. Forbes-ის შეფასებით, გასული წლის შემოსავალმა $20 მილიონი შეადგინა. ფირმაში 170 თანამშრომელი მუშაობს.
ოფისის სასერტიფიკაციო პროცესი Delos-ის მხრიდან კონსიერჟის გამოყოფით იწყება, რომელიც მომხმარებელს მეგზურობას უწევს იმ 200-ზე მეტ კომპონენტთან დაკავშირებით, რომელთაც Delos-ი სივრცის შესაფასებლად იყენებს; მათ შორისაა კომპიუტერული აპარატურის სიახლოვე ფანჯრებთან, იოლი წვდომა სასმელ წყალთან და თეფშების ზომა კაფეტერიაში (10 ინჩის ან უფრო პატარა ზომის თეფშები ჭარბ ჭამას უშლის ხელს). შემდეგ საქმეში დამოუკიდებელი შემფასებელი ერთვება სენსორებით სავსე ჩემოდნით, რომლებითაც იზომება ჰაერის, წყლისა და ხმის ხარისხი.
როგორც სალა ამბობს, ჯანსაღი ცხოვრება “გიგანტური” ბაზარია და ის არ ღელავს მეტოქე Fitwel-ზე – შენობათა ჯანსაღი ცხოვრების სასერტიფიკაციო სერვისზე, რომელიც 2017-ში Centers for Disease Control & Prevention-ისა და General Services Administration-ის მიერ ჩაეშვა. სერვისს არაკომერციული Center for Active Design-ი ამუშავებს. Fitwel-ი Well-ივით ყოვლისმომცველი არ არის, მაგრამ უფრო იაფი ჯდება. მისი მომხმარებლები $8,000-ს იხდიან მილიონამდე კვადრატული ფუტის პროექტისთვის. Tishman Speyer-ი, რომლის უძრავ ქონებათა რიცხვშია ნიუ-იორკში მდებარე Rockefeller Center-ი, Fitwel-ს იყენებს, რათა ამ წლის ბოლომდე თავისი გლობალური პორტფოლიოს სერტიფიცირება მოახდინოს.
მომავლის გეგმებზე თუ მიდგება საქმე, სალას თვალი შემოსავლის სხვა წყაროებზე აქვს დადგმული, მათ შორის, ე.წ. ჭკვიან სახლებზე. დაახლოებით $3,500-დან, სახლის მფლობელებს შეუძლიათ, Delos-ის აპლიკაცია Darwin-ი იყიდონ, რომლითაც ჯანსაღ ცხოვრებაზე ინფორმაციას გაეცნობიან, მათ რიცხვში, ჰაერისა და წყლის ხარისხის შესახებ. ავსტრალიური სახლების მშენებელი Simonds-ი ამ სისტემას წელს 1,000 ახალ სახლში დაამონტაჟებს, KB Home-ი კი მას კალიფორნიაში ცდის. Delos-ის ეკოლოგიური მონაცემების გამოყენება სადაზღვევო კომპანიებსაც შეუძლიათ, რათა, როგორც სალა ამბობს, ჯანდაცვასთან დაკავშირებული უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღონ და პრემიუმ-პროცენტები აიღონ იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების სტანდარტებით აღჭურვილ სახლებში ცხოვრობენ. როცა სალას დეტალების გამხელას ვთხოვთ, ის აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ კონცეფციაა. “მინდა, 20 წლის შემდეგ ხალხმა უკან გამოიხედოს და თქვას, გახსოვთ ის დრო, როცა ადამიანურ პირობებს არ ვითვალისწინებდით იმ სივრცეთა დაგეგმარებისა და მშენებლობის დროს, რომლებშიც დროის 90%-ს ვატარებთო, – ამბობს სალა. – როგორ შეიძლება ასეთი რამის უგულებელყოფა?”
დატოვე კომენტარი