Rubicon Global-ის აღმასრულებელი დირექტორი ნეიტ მორისი ნაგვის შეგროვების დარგში Uber-ს ქმნის და გიგანტებით დასახლებულ $60-მილიარდიან ინდუსტრიას ძირსაც უთხრის.
კომერციულად სუპერწარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების სხვა ანტრეპრენიორთა მსგავსად, ნეიტ მორისის სოციალური კალენდარიც უკვე გლამურით ბრწყინავს და ლაპლაპებს. მას ხან ლეონარდო დიკაპრიო ეპატიჟება “გადარჩენილის” პრემიერაზე (სადაც არ წასულა), ხან – მილიარდერი მარკ ბენიოფი არიანა ჰაფინგტონტთან და ბილი ჯინ კინგთან ერთად გამართულ კერძო სადილზე (სადაც წავიდა). მაგრამ მის Rubicon Global-სა და ჰოლივუდსა თუ სილიკონის ხეობას შორის სერიოზული მანძილია: მორისი, უმეტესად, ისეთ ადგილებში მოღვაწეობს, როგორიც 45,000 მცხოვრებლით დასახლებული ჯეფერსონვილია ინდიანაში. ნოემბრის უჩვეულოდ თბილ დღეს ის სწორედ ამ ქალაქში ხვდება ადგილობრივი ნაგვის ბოსს, ბობ ლის, რომელსაც სათხოვარი აქვს მორისთან: “შენი დახმარება გვჭირდება”.
ლი ნაგვის ბიზნესში ჯერ კიდევ 1971 წლიდან ჩაერთო, როცა არმიის ახალგაზრდა ვეტერანის რანგში, უმუშევართა ადგილობრივი კანტორისთვის ნაგვის გადამზიდავის საქმეს გამოჰკრა კბილი, ხოლო მისი ლუიზიანაში (კენტუკი) დაფუძნებული კომპანია, Eco Tech Waste Logistics-ი, იმგვარი დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საწარმოა, Rubicon-ის აღზევება რომ გახადა შესაძლებელი. 96 თანამშრომლითა და 69 გადამზიდავით (სატვირთო მანქანებით), Echo Tech-ი ერთ-ერთი ლოკალური ლიდერია. მაგრამ როგორც ყველა წვრილი გადამზიდავი ქვეყანაში, ისიც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას ნაციონალური მოთამაშეების მხრიდან, რომელთა რესურსები მისას ზღვაში წვეთად აქცევს, აი, Rubicon-ის ტექნოლოგია კი კონტრიერიშის საშუალებას იძლევა.
Rubicon-ი ნაგვის Uber-ია. მისი პროგრამული უზრუნველყოფა ნაგვის შემგროვებლებს (სატვირთომანქანიან ხალხს) ნაგვის შემქმნელებთან (ოფისებთან ან ბიზნესებთან ან, სულაც, სახლებთან) აკავშირებს და შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაგვის მიღება-ჩაბარება უხარვეზოდ განხორციელდეს. Rubicon-ის აპლიკაცია გადამზიდავებს იმის გარკვევაში ეხმარება, თუ როდის გროვდება ნაგავი ისე, რომ ამას არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება მძღოლების მხრიდან. დისპეტჩერებმა იციან, სადაა მათი სატვირთო მანქანები და ვინ მუშაობს ყველაზე ნაყოფიერად. მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ, სიტუაციას ფართო პერსპექტივიდან შეხედონ და ნახონ, რა პროპორციებით ნაწილდება მათი ნარჩენები ნაგავსაყრელებზე და გადამუშავებაში, და რეალურად რამდენად ხშირად სჭირდებათ მსგავსი მომსახურება, რაც, თავის მხრივ, მათ ხარჯების შემცირებაში ეხმარება. Rubicon-ი, თავის ტექნოლოგიაზე წვდომის სანაცვლოდ, გასამრჯელოს ორივე მხარისაგან იღებს – გადამზიდავებისგანაც და მომხმარებლებისგანაც.
მორისმა კომპანია ბავშვობის მეგობართან, მარკ შპიგელთან ერთად, მშობლიურ ქალაქ ლუისვილში დააარსა, დაარსებიდან რვა წლის თავზე კი Rubicon-ი 5,000 წვრილ გადამზიდავ ბიზნესსა და ისეთ დიდ მომხმარებლებთან მუშაობს, როგორიც, მაგალითად, 7-11-ი და Wegmans-ია. პირველი მუნიციპალური კონტრაქტი ოქტომბერში, ატლანტაში გაჩარხა. გასულ წელს მისი შემოსავლები გასამმაგდა და $200 მილიონს გადააჭარბა. კომპანიამ პირველი კლასის ინვესტორთა მოზიდვაც შეძლო, მაგალითად, Goldman Sachs-ისა და Wellington Management-ის, და ახლა სილიკონის ხეობაში ტალანტებზე ნადირობს. ხოლო ცოტა ხნის წინ, Rubicon-ის ტექნიკურ ხრიკებზე დახარბებულ, $15-მილიარდიან ფრანგულ მულტინაციონალურ Suez Environnement-თანაც დაიწყო პარტნიორობა, და ახლა აშშ-ის $60-მილიარდიან ინდუსტრიაზეც მიაქვს იერიში, სადაც გიგანტები, Waste Management-ი (შემოსავლები: $13 მილიარდი) და Republic Services-ის ($9 მილიარდი), ბატონობენ.
Suez-ი $50-მილიონიან საინვესტიციო რაუნდს უძღვება Rubicon-ისთვის, რითაც მისი ღირებულება $800 მილიონზე აჰყავს. Suez-ი, რომელიც Waste Management-ის ყოფილ აქტივებს უცხოეთში უკვე ფლობს, კვლავ გეგმავს აშშ-ის ბაზარზე შემოსვლას და ამას Rubicon-თან თანამშრომლობით აპირებს, რომელიც მას თავის საუკეთესო ტექნოლოგიურ პრაქტიკებს გაუზიარებს და იმასაც, რასაც მორისი თავისი კომპანიის ყველაზე ღირებულ აქტივად მიიჩნევს: მონაცემებს. “ამერიკული მოდელი ძველმოდურია”, – ამბობს Suez-ის Recycling & Waste Recovery, Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-მარკ ბურსიე, რომელიც Rubicon-თან დაკავშირებულ გეგმებს აქამდე საიდუმლოდ ინახავდა. “იმედი გვაქვს, რომ ეს მათ დიდად გააოცებს… მერე კი სულ უფრო სწრაფი განვითარება დასჭირდებათ”. Rubicon-ისთვის Suez-თან დადებული ხელშეკრულება, დროთა განმავლობაში, საზღვარგარეთული ბაზრებისკენ მიმავალი გზების გაკაფვას ნიშნავს. თუმცა ამჟამად მორისის კოზირი ისაა, რომ შეუძლია, დიდ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი საბაზრო წილი წაართვას. “აი, ეს უკვე სახალისო ეტაპი იქნება”, – ამბობს ის.
36 წლის მორისი მეხუთე კლასში მოსწავლეთა კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, ბოლო კლასებში კი ბილ კლინტონი გაიცნო და დილის სატელევიზიო შოუ მიჰყავდა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში დაფინანსებით მოხვდა. სტუდენტობისას, შაბათ-კვირას უთენია დგებოდა, ინტერნად რომ ემუშავა, თავისუფალ დროს კი შტატის რესპუბლიკური პარტიისთვისაც მუშაობდა, რათა სენატორ მიჩ მაკქონელს მორიგ გამარჯვებაში დახმარებოდა.
სანამ პრინსტონში მაგისტრატურაში სწავლას დაიწყებდა, მორისი ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ბიზნესის მენეჯმენტს ასწავლიდა და კენტუკის ეკონომიკური განვითარების კაბინეტს წარმოადგენდა. ჩინეთში, ინდუსტრიულ ქაოსთან უშუალო შეხებამ მდგრადი განვითარების შესახებ დააწყებინა ფიქრები, ჰოდა, შპიგელთან ერთად, რომლის ოჯახიც წლებია, ნაგვის გადაზიდვის ბიზნესში იყო ჩაბმული, გადაწყვიტა, რომ ინდუსტრია უკვე მომწიფებულიყო ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ძირგამომთხრელისთვის. “მთელ ფულს ნაგავსაყრელებით აკეთებდნენ, – ამბობს მორისი. – ჩვენ შეგვეძლო, ინდუსტრიაში ინტელექტუალურ ძალად ვქცეულიყავით”.
მეგობრებისა და ოჯახისთვის ეს ნაბიჯი შოკი იყო. “ვკითხე, ხვდები, ვინ არიან ამ ბიზნესში-მეთქი. არა უშავს, ბრძოლა არ მეზარებაო, მიპასუხა”, – იხსენებს მორისის ბაბუა, ლუის სექსტონი – Ford-ის ლუისვილის ქარხნის პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტი. პროფკავშირს მოეწონა ლუისის ხედვა, რომელიც დამოუკიდებელი გადამზიდავების გაძლიერებას გულისხმობდა, ხოლო როცა დაამტკიცა, რომ მათთვის ნაგვის გადაყრაზე დახარჯული ფულის 60%-ის დაზოგვა შეეძლო, პროფკავშირებმა Rubicon-თან ხელშეკრულება დადო და მის მეორე კლიენტადაც იქცა.
ინვესტორების მოზიდვა უფრო რთული აღმოჩნდა. რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ბიზნესის საკეთებლად, Rubicon-ი იძულებული გახდა, ინვესტორებისთვის ლამის თითის ანაბეჭდები ჩაებარებინა. ბოლო-ბოლო, ფულის დაბანდებაზე QuarterMoore Capital-ის ლეინ მური დათანხმდა, რომელიც Bagster-ის თანადამფუძნებელი იყო და რომელსაც ეს კომპანია Waste Manegement-ისთვის მიეყიდა. მური ინვესტიციაზეც დათანხმდა და საბჭოს წევრობაზეც… ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Rubicon-ი მის სამუშაო ქალაქში, ატლანტაში გადაბარგდებოდა.
ქალაქის გამოცვლამ Rubicon-ს უფრო მეტი მაღალპროფილიანი მხარდამჭერი მოუზიდა, ხოლო მისი შემდეგი გარღვევა მაშინ მოხდა, როცა მორისი Uber-ის დამფუძნებელ ტექნოლოგიურ დირექტორ ოსკარ სალაზარს დაუმეგობრდა. ეს უკანასკნელი კომპანიას ინვესტორად, საბჭოს წევრად და შუამავლად მოევლინა ტექნოლოგიური ტალანტების მოძიების საქმეში. სალაზარის წყალობით, Rubicon-ს Esurance-ის პროგრამული უზრუნველყოფის შეფი, ფილ როდონი შეუერთდა; სწორედ მან უხელმძღვანელა Rubicon-ის აპლიკაციის, Shake-ის შექმნას, რომელიც ზომავს სიახლოვეს, სიჩქარეს და იმას, თუ როგორ მოძრაობს ნაგვის ურნა დაცლისას, რაც მომსახურების დადასტურებას მოასწავებს. ეს ავტომატური მონიტორინგი, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს, ქუჩაზე იყოს კონცენტრირებული, ხელს უწყობს ნაგვის მანქანებთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზის აღმოფხვრას. გასულ წელს მსგავსმა უბედურმა შემთხვევებმა, Solid Waste Association of North America-ს თანახმად, 21 თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა და რამდენიმე ათეული ადამიანი დააზარალა. როდონის დახმარებით, ნარჩენების მოცულობისა და გზების გასაკვალად, პროგრამული მენეჯმენტის კომპლექტიც შეიქმნა – Caesar-ი (რომელსაც მოგვიანებით Augustus-ი დაერქვა), და ელ-ვაჭრობის პროგრამა – Rubicon Pro, რომელიც მომხმარებლებს სარეზერვო დანადგარებისა და სესხებისთვის ფასდაკლებებს სთავაზობს.
Rubicon-ის მოდელი, უმეტესწილად, პირდაპირ Uber-ის რეცეპტების წიგნიდანაა გადმოტანილი. რისკები და კაპიტალური დანახარჯები მასაც მინიმუმამდე აქვს დაყვანილი, ვინაიდან თავად არც სატვირთო მანქანებს ფლობს და არც ნაგვის ჩაბარების ცენტრებს. Uber-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ბრენტ კალანიკოსი, რომელიც აგრეთვე შეუერთდა Rubicon-ის საბჭოს, ამბობს, რომ კომპანიის ზრდის პოტენციალი მცირე ბიზნესების გაძლიერების მისეულ უნარში უნდა ვეძიოთ.
ყველა წარმატების მიუხედავად, Rubicon-ი მაინც პაწაწინაა თავის ნაციონალურ მეტოქეებთან შედარებით. ქალაქებთან დადებულ კონტრაქტებზე თუ მიდგება საქმე, ატლანტასთან გაფორმებული ხელშეკრულება მისთვის პირველი იყო. შედარებისთვის: Waste Management-ი 3,500 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს, Republic-ი კი 2,700-თან. ამასობაში, გასულ წელს, Waste Management-მა $150 მილიონი დააბანდა IT-ში და 16,500 სატვირთო მანქანა აღჭურვა მობილური ხელსაწყოებით. “თუ ძირგამომრთხელ ტექნოლოგიაზე ვლაპარაკობთ, არ მინდა მეორეხარისხოვან როლში ვიყო, – ამობს ჯეიმს ფიშ ჯუნიორი, რომელიც ნოემბერში Waste Management-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად მოგვევლინა. – მინდა, ძირგამომთხრელი ვიყო”.
მაგრამ მორისი ერთადერთი როდია, ზღვა შესაძლებლობებს ვინც ხედავს ჰორიზონტზე. ანალიტიკოსთა თქმით, დიდი მოთამაშეები ახლა წნეხის ქვეშ არიან: ხარჯები უნდა შეამცირონ და სტაბილური დივიდენდები უზრუნველყონ, ნაცვლად იმისა, Uber-ისებრ სწრაფ ჰიპერზრდას ეცადონ. და მაინც, Waste Management-ისა და Republic-ის ღირებულება, ჯამში, უკვე თითქმის $50 მილიარდს შეადგენს. “შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეთ, მაგრამ თუ მეორე ბიჭს შეუძლია $50 მილიარდამდე ასვლა, ვერ ვხედავ მიზეზს, Rubicon-მა რატომ ვერ უნდა შეძლოს იგივე”, – ამბობს Salesforce-ის მარკ ბენიოფი, რომელმაც Rubicon-ში ინვესტიცია 2014 წელს, მორისის გაცნობის შემდეგ, განახორციელა. მაგრამ ამ მოსაზრებას სკეპტიციზმიც მიაყოლეთ. ეს ხომ ბენიოფია – ტექნოლოგიის ჰიპერბოლათა მამა. თუმცა, სულ ოდნავ მაინც რომ გამართლდეს მისი პროგნოზი, ნაგავი საუცხოო საქმე აღმოჩნდება Rubicon-ისთვის.
დატოვე კომენტარი