აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რათა მეცნიერულად შეისწავლოს ამოუცნობი საჰაერო ფენომენები (UAPs) – ფართოდ აღწერილი, როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFOs). ამის შესახებ სააგენტომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა.
როგორც NASA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, კვლევა ფოკუსირებული იქნება ხელმისაწვდომი მონაცემების იდენტიფიცირებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში მეცნიერული შესწავლისთვის საჭირო საუკეთესო მასალის შეგროვება.
ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე ჩატარებული შეზღუდული რაოდენობის კვლევები ასეთი მოვლენების ბუნებასთან დაკავშირებით მეცნიერული დასკვნების გაკეთებას ართულებს. NASA-ს განცხადებით, მსგავსი ფენომენების შესწავლა საინტერესოა როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე საჰაერო უსაფრთხოებისთვის. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები არამიწიერი წარმოშობისაა.
SpaceNews-ის ინფორმაციით, NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დენ ევანსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი მაქსიმუმ 100,000 აშშ დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ახალ კვლევას, რომელიც, წინასწარი გეგმის მიხედვით, 9 თვე გაგრძელდება, სწორედ ევანსი გააკონტროლებს.
NASA-ს ცნობით, მკვლევართა ჯგუფი მთავრობების, კერძო კომპანიების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო პირების მიერ შეგროვებულ მონაცემებს დაეყრდნობა.
შეგახსენებთ, მაისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კონტრტერორიზმის, კონტრდაზვერვისა და კონტრპროლიფერაციის კომიტეტმა ამოუცნობი საჰაერო მოვლენების შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსნებს მოუსმინა. ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ქვეყანაში მსგავსი ფენომენების გამოძიებისა და მათ შესახებ გამჭვირვალედ საუბრის პრაქტიკა დაამკვიდრონ.
დატოვე კომენტარი