NASA-მ Joby Aviation-ის მიერ წარმოებული საჰაერო ელექტროტაქსების, ე.წ. „მფრინავი მანქანების“ (eVTOL) გამოცდა დაიწყო – ცდები NASA-ს Advanced Air Mobility-ს პროგრამის ნაწილია, რომლის მიზნებს შორის, საზოგადოებაში მფრინავი ტრანსპორტის პოპულარიზება, საერთო სამართლებრივი სისტემის შექმნა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გვხვდება. აღსანიშნავია, რომ Joby Aviation-ი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება – ის 2009 წელს დაარსდა და ამა წლის თებერვალში, SPAC-კომპანიასთან შეერთებით, საჯარო კომპანიად გადაიქცა. კომპანიის ინვესტორებს შორის Intel-ი, Toyota და JetBlue არიან.
თებერვალში გამართულ პრეზენტაციაზე, Joby Aviation-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თითო ხომალდის დამზადება $1.3 მილიონი დაჯდებოდა, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი განახევრდებოდა. Joby-ს გეგმის მიხედვით, თითო ხომალდი $2.2 მილიონის შემოსავალს მოიტანს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსი ჰაერში ვერტმფრენივით, ვერტიკალურად ფრინდება და დახრილი როტორების დახმარებით გადაადგილდება. Joby Aviation-ის თქმით, ელემენტების ერთი დამუხტვით ხომალდს 240 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრი/სთ-ია. ამასთანავე, ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებზე 100-ჯერ უფრო უხმაუროა.
სიჩუმის ფაქტორი ერთ-ერთია, რომელსაც NASA ცდების დროს დააკვირდება – მათ საჰაერო ტაქსის შედარება ვერტმფრენთან და შიდა წვის ძრავის მქონე სხვა ტრანსპორტთან სურთ. ამას გარდა, NASA ხომალდის მოძრაობას და პილოტებთან მის კომუნიკაციას დააკვირდება. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსების და მისნაირი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება NASA-ს პირდაპირი მოვალეობაა – ისინი აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას საკანონდებლო ბაზის მომზადებაში ეხმარებიან.
Joby Aviation-ს და ინდუსტრიის სხვა კომპანიებს იმედი აქვთ, რომ FAA-სგან ლიცენზიას მალე მიიღებენ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლებელია ამ პროცესს ხუთი ან მეტი წელიწადი დასჭირდეს. აღსანიშნავია, რომ Joby Aviation-ი საჰაერო ტაქსების სერვისის გაშვებას 2024 წლისათვის გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ Joby Aviation-ი ამ სფეროში მოღვაწე ერთადერთი კომპანია არ არის – მეტიც, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ახალი თაობის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებში ჩადებული ინვესტიცია 80%-ზე მეტად არის გაზრდილი. მხოლოდ წელს, საჰაერო ტაქსების სტარტაპებში ინვესტორებმა $4.3 მილიარდი დააბანდეს. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ, ინდუსტრიაში პირველი მილიარდერიც გაჩნდა – ის Joby Aviation-ის დამფუძნებელი, ჯობენ ბევირტია.
დატოვე კომენტარი