ისტორიაში პირველად, დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით პლანეტური თავდაცვის სისტემა გამოიცადა – მისია DART-ის ფარგლებში NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს მიზანმიმართულად შეაჯახა, რათა მისი მოძრაობის ტრაექტორია შეეცვალა.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ 2021 წლის ნოემბერში დედამიწიდან გაშვებული ზონდი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 03:14 საათზე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოძრავ მცირე ზომის ასტეროიდს „დიმორფოსს“ შეეჯახა, რომელიც უფრო დიდი ზომის ასტეროიდის, „დიდიმოსის“ მთვარედ მიიჩნევა.
NASA-ს ინფორმაციით, შეჯახების დროს 570 კილოგრამი წონის მქონე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 22,530 კმ/სთ-ის შეადგენდა. ცნობისთვის, „დიმორფოსის“ დიამეტრი დაახლოებით 160 მეტრს უტოლდება.
Reuters-ის ინფორმაციით, DART-ის პროგრამის მთლიანი ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელი პირველი მისია დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მუშავდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ „დიმორფოსი“ დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, სპეციალისტების თქმით, ის პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელად საუკეთესო კანდიდატი იყო. ამ ტესტირების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში კაცობრიობა ასტეროიდებისგან მომავალ საფრთხეს თავიდან წარმატებით აირიდებს.
დატოვე კომენტარი