როგორც ჩანს, ამერიკულ და რუსულ კოსმოსურ სააგენტოებს შორის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა 2030 წლის შემდეგაც გაგრძელდება, – ამის შესახებ NASA-ს კოსმოსური ოპერაციების ადმინისტრატორმა, კეტი ლუდერსმა განაცხადა.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია პირველად, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე გავრცელდა – სანქციებს რუსული კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი Twitter-ზე გამოეხმაურა და ISS-ის პროგრამის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ფორმალურად, ორი ქვეყანა ISS-ის ერთობლივად მართვაზე 2024 წლამდე არის შეთანხმებული, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროგრამის 2030 წლამდე გაგრძელების სურვილი უკვე ოფიციალურად გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროგრამის პოლიტიკური მხარის მიუხედავად, აშშ-მ კერძო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებზე ზრუნვა უკვე დაიწყო – ამისათვის, NASA-ს 2023 წლის ბიუჯეტში $224 მილიონი არის გამოყოფილი.
დატოვე კომენტარი