ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) სრულად ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი – X-57 Maxwell-ი სადებიუტო ფრენას 2022 წლის გაზაფხულზე შეასრულებს. ამის შესახებ NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა The Verge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„პროექტი მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას, ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან არიდებასა და გონივრული ფასების შენარჩუნებას“, – განაცხადა ბილ ნელსონმა.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ X-57 Maxwell-ი ელექტროთვითმფრინავების სერტიფიკატების სტანდარტების შემუშავების მიზნით შექმნა. ეს არის X-სერიის პირველი პილოტირებული საფრენი აპარატი, რომელიც NASA-მ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაამზადა. აღნიშნულ პერიოდში, ამავე სერიის დისტანციურად მართვადი თვითმფრინავი – X49 და ზებგერითი საფრენი აპარატი – X-59 შეიქმნა- ეს უკანასკნელი პირველ ფრენას უახლოეს მომავალში შეასრულებს.
NASA-მ X-57 Maxwell-ზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო. კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე ინჟინრებმა იტალიური წარმოების თვითმფრინავის – Tecnam P2006T-ის ისე გარდაქმნა გადაწყვიტეს, რომ აპარატს მხოლოდ ელემენტებზე მუშაობა შესძლებოდა. X-57 Maxwell-ი ამჟამად ტესტირებას ხმელეთზე, აშშ-ის კალიფორნიის შტატში განლაგებულ, NASA-ს ნილ არმსტრონგის სახელობის კვლევით ცენტრში გადის.
როგორც ცნობილია, X-57 Maxwell-ის ფრთები შედარებით მცირე ზომის ექვს-ექვსი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, რომლებიც პროპელერების დახმარებით აპარატის ხმელეთიდან აფრენას უზრუნველყოფენ. ფრთების ბოლოებში კი თითო-თითო, უფრო დიდი ზომის ძრავები განლაგდება. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ელემენტის ერთი დამუხტვით საშუალოდ 160 კილომეტრი დისტანციის დაფარვას შეძლებს, მისი კრეისერული სიჩქარე კი 280 კმ/სთ-მდე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ X-57 Maxwell-ი შეუჩერებლად დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იფრენს.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ X-57 Maxwell-ი სადებიუტო ფრენას წარმატებით შეასრულებს.
დატოვე კომენტარი