ამიერიდან, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტების სკაფანდრებს, რომლებსაც ისინი ღია კოსმოსში გასვლისას და მთვარის მისიის დროს გამოიყენებენ, ორი ამერიკული კომპანია, Axiom Space-ი და Collins Aerospace-ი დაამზადებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, წლების განმავლობაში, ასტრონავტების სკაფანდრებს თავად NASA კერავდა.
ახალი სკაფანდრები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება NASA-ს პროგრამა “არტემისისთვის”, რომელიც 2025 წლისთვის მთვარის ზედაპირზე ადამიანის დაბრუნებას ისახავს მიზნად. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ამ მისიის განხორციელების თარიღი 2024 წლით განისაზღვრა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის 2025-შიც ვერ შესრულდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაბრუნდება ადამიანი მთვარეზე, NASA-ს სურს, მისი ასტრონავტები იქ არსებული გარემოსთვის შესაფერისი სკაფანდრებით იყვნენ აღჭურვილნი.
საინტერესოა, რომ Artemis-ის პროგრამის ამ ნაწილის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ NASA-ს ასტრონავტების სკაფანდრების წარმოების შეფერხებაა, რაც არაერთი აუდიტორული დასკვნით დასტურდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 15-წლიანი წვალების შემდეგ, ასტრონავტების სკაფანდრების წარმოება NASA-მ კონტრაქტორებს დაუკვეთა. აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება $3.5 მილიარდს შეადგენს.
დატოვე კომენტარი