100 მონაწილე, 19 ინოვაციური იდეა და 4 გამარჯვებული – საქართველომ NASA Space Apps Challenge 2022-ს უმასპინძლა.
პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის ქართული გამოშვება 2 ოქტომბერს დასრულდა და ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) უმასპინძლა.
ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. პირველი ადგილი გუნდმა TON 618-მ დაიკავა და მიიღო 5000 ლარი და შესაძლებლობა, რომ პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.
გამარჯვებული პროექტი NASA-ს მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების პროცესს აადვილებს. აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისთვის, რომ მეცნიერებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაცემთა დიდ ბაზაში კონკრეტულ ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად მიაკვლიონ.
მეორე ადგილი ერგო გუნდ IGN-ს, რომელმაც ნასას უპრეცედენტო პროექტის, პარკერის მზის ზონდის მოგზაურობა დედამიწიდან მზისკენ მოგვითხრო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ყველაზე გასაგები ფორმით – კომიქსით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ედისონის სპეციალური პრიზები კი ერგოთ გუნდებს Space T-Rex და How Dare You.
NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჰაკათონის განმავლობაში დასწრებოდნენ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
- მონაცემთა მეცნიერება
- პროტოტიპირება
- UI/UX დიზაინი
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- სთორითელინგი
- ასტროფოტოგრაფია
უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.
NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022 სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
ჰაკათონს უმასპინძლეს საქართველოს ტექნოპარკმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.
ჰაკათონის მთავარი პარტნიორები იყვნენ ორიენტ ლოჯიკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ბილაინი, ნოქსტონი, ედისონი, DataFest Tbilisi და მედია ლაბი.
დატოვე კომენტარი