NASA Space Apps Challenge 2022-ს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს

NASA Space Apps Challenge 2022-ს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს

პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge-ის ქართული გამოშვება 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართება.

ჰაკათონის ძირითადი ნაწილი, ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ში (ქუთაისი) გაიმართება და 100-მდე მონაწილესა და პროექტის ორგანიზატორსა და მხარდამჭერს უმასპინძლებს, ხოლო სტარტს  30 ოქტომბერს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში აიღებს.

 KIU-ში ღონისძიება 1 ოქტომბერს 10.00 საათზე გაიხსნება. მას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუს პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი გახსნიან.

NASA Space Apps ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს, შეზღუდულ დროში ( 48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • მონაცემთა მეცნიერება
  • პროტოტიპირება
  • UI/UX დიზაინი
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია
  • სთორითელინგი
  • ასტროფოტოგრაფია

ღონისძიების დასკვნით დღეს, სხვადასხვა პროფესიონალისგან შემდგარი ჟიური გამოვლინს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც მიიღებს სპეციალურ პრიზსა და შესაძლებლობას, რომ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.

გასულ წელს, NASA Space Apps-მა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად გამართულ ჰაკათონებზე ჯამში 28,000 მონაწილეს უმასპინძლა, რომელთაც 2,814 პროექტი შექმნეს.

უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

ჰაკათონის მთვარი პარტნიორები არიან ორიენტ ლოჯიკი და ტექნოპარკი საქართველო.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ბილაინი, ნოქსტონი, DataFest Tbilisi, მედია ლაბი და NEXT.on.ge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *