გავრცელებული ინფორმაციით, Nasdaq-ი ორშაბათს Thoma Bravo-ს მფლობელობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Adenza-ს $10.5 მილიარდად შესყიდვას დათანხმდა. საფონდო ბირჟის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის ყველა დროის უდიდესი გარიგება კომპანიის ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
Adenza-ს რისკის მართვისა და მარეგულირებელი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას ძირითადად ბანკები და საბროკერო კომპანიები იყენებენ. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა კი Nasdaq-ს, როგორც საფონდო ბირჟის ოპერატორს, საკუთარი სერვისების დივერსიფიცირებაში დაეხმარება.
საინტერესოა, რომ ამ სიახლის გავრცელების შემდეგ Nasdaq-ის აქციათა ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, ინვესტორებისათვის აღნიშნული გარიგება ზედმეტად ძვირი შეთანხმება აღმოჩნდა.
ბაზრის ანალიტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების თანახმად, Adenza-ს შეფასება 2023 წლის მოსალოდნელზე დაახლოებით 18-ჯერ მეტია. Nasdaq-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფრიდმანის განმარტებით, იმის გამო, რომ Adenza შედარებით უცნობი აქტივია, ინვესტორებს მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ. Adenza 2021 წელს დაარსდა და წელს დაახლოებით $590 მილიონის შემოსავლის მიღებას გეგმავს.
Nasdaq-ის მიერ შესყიდული კომპანიებიდან მნიშვნელოვანია 2007 წლის $3.7-მილიარდიანი გარიგება OMX-თან, 2016 წლის $1.1-მილიარდიანი გარიგება International Securities Exchange-თან, 2017 წელს eVestement-ის $705 მილიონად შესყიდვა და 2020 წლის $2.75-მილიარდიანი გარიგება ფინანსური დანაშაულის გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Verafin-თან.