ნათიას ESHVI - სამკაული, რომელსაც ბედნიერება მოაქვს

ნათიას ESHVI - სამკაული, რომელსაც ბედნიერება მოაქვს

უნდა ვაღიარო, რომ რთული მისია დავაკისრე. არ არის ადვილი, დაჯდე და 44 კითხვას გასცე პასუხი. თან წერილობით. და თან ლიმიტირებულ დროში. ეს ყველაფერი ალბათ დღიურის წერას ჰგავს. ან გაგიტაცებს და ჩაგითრევს, ან კიდევ თავს მოგაბეზრებს და მოისვრი. პირობა ასეთი გვქონდა, კითხვები გადაენაწილებინა და ერთი კვირის თავზე პასუხები გამოეგზავნა.

რესპონდენტებთან ურთიერთობის ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ვთქვა, რომ მისნაირი პუნქტუალური რესპონდენტი ძალიან იშვიათად მყოლია. გრძელ კითხვებზე პასუხები ზუსტად ერთი კვირის თავზე, დანიშნულ დროს, ელექტრონული ფოსტით მივიღე. მივიღე პასუხებს მოყოლილი პატარა წერილიც: “როგორც შეგპირდი, დათქმულ რიცხვში გიგზავნი პასუხებს. ვეცადე, საინტერესო გამოსულიყო. გადახედე და მითხარი, რას ფიქრობ”.

ჰო, კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა აუცილებლად: სანამ თბილისიდან ლონდონში კითხვებს გავგზავნიდი, მცირე კონსულტაციები გავიარეთ ერთმანეთთან. ვთხოვე, პასუხები მაქსიმალურად ამომწურავი ყოფილიყო. რა დასამალია, დისტანციურად ჩაწერილი ინტერვიუები არ მიყვარს. ასეთ დროს ძნელია შეიქმნა ადამიანზე წარმოდგენა, იმაზე, თუ, მაგალითად, ლაპარაკისას ან ფიქრისას რაიმე განსაკუთრებული ჩვევა ხომ არა აქვს. იცით, რას ვგულისხმობ? ზოგი ადამიანი, ლაპარაკისას, საკუთარი თმის ბოლოებს ეთამაშება. ზოგი არასდროს გიყურებს თვალებში. ზოგი პირიქით, სულ თვალებში გიყურებს. ზოგი, მაგალითად, ბევრ ჟესტს იყენებს. ზოგი იმდენად მონოტონურია, რომ დიალოგის გამოსაცოცხლებლად თვითონ გჭირდება ჟესტების გამოყენება. მერე ეს ყველაფერი გაძლევს ინსპირაციას, რომ ამ ადამიანზე ისე დაწერო, როგორც სხვა ვერ დაწერდა. ანუ ამდენი იმისთვის ვილაპარაკე, რომ სხვებისთვის ერთ ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი შეუძლია შეცვალოს სტატიის ბედი. ასეთი დეტალების ძებნა მე ლონდონიდან გამოგზავნილ პასუხებში დავიწყე. პასუხებში, რომლებიც სპეციალურად “ფორბსისთვის” სამკაულების ბრენდ ESHVI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ჩხარტიშვილმა დაწერა.

თუმცა, ვიტყუები, მხოლოდ პასუხებში არ მიძებნია ასეთი დეტალები, ასეთ დეტალებს აუცილებლად იპოვი იმ საქმეში, რასაც ნათია თავის პარტნიორებთან ერთად აკეთებს. და კიდევ ერთიც, სოციალურმა ქსელმა ძალიან გაუადვილა ადამიანებს ერთმანეთის შესახებ საინტერესო დეტალების აღმოჩენის შესაძლებლობა. ნათიას ფეისბუკ-გვერდის თვალიერებისას ბევრ ფოტოს აწყდები სხვადასხვა გამოფენიდან, გლამურული საღამოებიდან. თუკი მისი ფოტოების უმრავლესობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ნათიას ჩაცმის კლასიკური სტილი უნდა უყვარდეს. და რაც მთავარია, ყველა ფოტოში იღიმის. ეს ალბათ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. და კიდევ მის ფოტოებში ძალიან ბევრ სამკაულს იპოვით, სამკაულს, რომლებსაც ერთი სიმბოლო აერთიანებთ – სიმბოლო, რომელიც ამ სამკაულს ყველა სხვა სამკაულისგან გამოარჩევს და ეს სიმბოლოა ეშვი. ბედნიერების სიმბოლოო, მომწერა ნათიამ.

ESHVI – სწორედ ასე ჰქვია სამკაულის ბრენდს, რომელმაც 2012 წელს, გამოჩენისთანავე მიიპყრო სამკაულის მოყვარულთა და არა მხოლოდ მათი ყურადღება. მიუხედავად ბაზარზე არსებული წარმოუდგენელი კონკურენციისა, ESHVI ძალიან მალე მოექცა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების ყურადღების ცენტრში. უბრალოდ ძნელია, გვერდი აუარო და შეუმჩნეველი დაგრჩეს, მაგალითად, ყვითელი ქვის ბეჭედი, წითელი ელემენტებით და მეტალით. ეს ბეჭედი 2014-2015 წლის კოლექციიდანაა და ამ კოლექციას ჰქვია “ფერადი რობოტი”. თუკი გინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს გამორჩეულს აფასებენ, თვალები შენს თითებზე ან ყელზე, ან მაჯაზე დარჩეს, მაშინ ეს კოლექცია სწორედ შენთვისაა. ეს სამკაული ლონდონში შეიქმნა. ლონდონში კი ნათია ოჯახთან ერთად, ხუთი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად.

რამდენიმე დეტალი ნათიას შესახებ

ნათია ჩხარტიშვილი მალე 30-ის ხდება. აი, რას ამბობს თავის ასაკზე: “ხშირად ამბობენ ხოლმე, აი, 30 წლის გახდები და შენი ცხოვრებაც შეიცვლებაო. არ ვიცი, რა შეიძლება შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს შეგრძნებებში. ალბათ არც არაფერი, ისევ ის მიხარია, რაც მიხაროდა და ისევ ის მწყინს, რაც მწყინდა ხოლმე. უბრალოდ, სულ მეტი და მეტი მოგონება დამრჩება ალბათ წინა წლებიდან. ნათიას ერთი შვილი ჰყავს, 10 წლის ნანუ. ლონდონში მასთან ერთად ცხოვრობს. ყველაზე მკაფიო კადრად მის მეხსიერებაში ბავშვობისას თავის ძმასთან თამაში და ჩხუბი შემორჩა. ძმა ახლა მისი საუკეთესო მეგობარია. ლონდონში საქმეც სწორედ ძმის ცოლთან, თამარ სვანიძესთან ერთად დაიწყო.

თბილისი-ლონდონი

ნათიამ თბილისში სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი ტყავის სპეციალობით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდი კარგად ახსოვს, ამბობს, რომ აკადემიის დამთავრებისთანავე მიხვდა, რომ ამ საქმეს საქართველოში ხელს არ მოჰკიდებდა. თუმცა ლონდონში წასვლამდე ნათია მაინც აქტიურად იყო ჩართული მოდის ბიზნესში. ის ფრანგული ბრენდების Naf-Naf-ის, KOOKAI-ს, Minelli-ს, Chevignon Kids-ის ოფიციალური წარმომადგენელი იყო, მათთვის ბაზრის კვლევას აწარმოებდა და შესყიდვების გეგმას ადგენდა. ლონდონში ჩასვლიდან ერთი თვის თავზე კი აღმოაჩინა, რომ სიახლეების, კონკურენციის ეპიცენტრში აღმოჩნდა და საკუთარი თავის დაკარგვის შეეშინდა: “მაგრამ, როგორც ხშირად მჩვევია, შევძელი საკუთარი თავის ხელში აყვანა და გადავწყვიტე არ გავყოლოდი ცხოვრების მონოტონურ დინებას. იცი რა, არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ცხოვრებაში რას მიაღწევ და რამდენს მიაღწევ. მთავარია, ადამიანმა შეძლოს და შეიქმნას მისთვის საინტერესო ცხოვრება, რომელსაც 90 წლის ასაკში, მაგალითად, ბუხრის წინ მჯდომი, ღიმილით გაიხსენებს. ჰოდა, მეც ამ იდეით ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების მიზანიც სწორედ საინტერესოდ ცხოვრებაა: კონკურენცია, ჭიდილი, ახლის ძიება, ფიქრი, დაძაბულობა, სიხარული… აბა, სხვა რა არის ცხოვრება, თუკი ყოველდღიურად ვერ შეიგრძნობ უამრავ სხვადასხვა ემოციას”, – მწერს ნათია და იქვე ამატებს:

“ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლონდონში ჩამოსვლიდან სამ თვეში, სენტ¬-მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში ჩავაბარე, შემდეგ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის წოდება მივიღე რეჯენთ და კინგს კოლეჯებში”, – ამბობს ნათია.

ESHVI – ავგაროზი-სამკაულის დაბადების ამბავი

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან თავის რძალთან, თამართან ერთად სამკაულის ბრენდის დაარსება: “იდეა ერთად მოგვივიდა. გვაინტერესებდა, რამდენად ინოვაციური იქნებოდა ჩვენი ხედვა მომხმარებლისთვის. სანამ სამკაულის შექმნის გადაწყვეტილებას მივიღებდით, ბევრ სხვა პროდუქტზე ვიფიქრეთ. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდით ბაზარს, კონკურენტებს. როდესაც დავრწმუნდით, რომ მიზნის განსახორციელებლად ძალა გვქონდა, მოქმედებაც დავიწყეთ”, – მწერს ნათია თავის პასუხებში.

მართლა დღიურს ჰგავს ნათიას პასუხები. ისინი არ ჰგავს ჟურნალისტის ბანალურ და იქნებ მოსაბეზრებელ კითხვებზე გაცემულ მშრალ და ტრაფარეტულ პასუხებს. ნათია ბევრს წერს თავის ემოციებზე, შეგრძნებებზე…

“5 იანვარი. გვიანი ღამე. ნანუს სძინავს. სახლში სიმშვიდეა. კარგი დროა წერილობითი ინტერვიუს გასაგრძელებლად. ვხსნი ნოუტბუკს და ვაგრძელებ წერას. მსიამოვნებს ჩემს საყვარელ საქმეზე წერა. მინდა უფრო და უფრო უკეთ გადმოვცე ჩემი ემოცები. იმედი მაქვს, გამომივა”.

საინტერესო მოთხრობასავით ვკითხულობ ნათიას პასუხებს. მინდა, რომ “ფორბსის” მკითხველმაც ასეთი ინტერესით წაიკითხოს თანამედროვე სამკაულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდისა და მისი შემქმნელის ამბავი.

ნათია დღეს ბრენდ ESHVI-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ხელმძღვანელობს გაყიდვებსაც. სამკაულის დიზაინის თავად შექმნაზე ნათიამ უარი თქვა და ამის კონკრეტული მიზეზიც აქვს: “იცი, რატომ? იმიტომ, რომ ჩემი დახატული ძალიან მომეწონება, სუბიექტური ვიქნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მე მომწონს, შეიძლება სულაც არ მოსწონდეს ხალხს. მე ეს თავიდანვე განვსაზღვრე, ჩემ მიერ შექმნილ სამკაულს მენეჯმენტს ვერ გავუკეთებდი. რაც დრო გადის, ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები”, – ამბობს ნათია.

დღეს ESHVI-ის დიზაინერია ერთერთი ცნობილი ინგლისური საიუველირო კომპანია Stephen Webster-ის (კომპანია დედოფალ ელიზაბეტისთვის ამზადებდა თიარას) დიზაინერი ჟიზელ განია. როგორც ნათია მწერს, მასთან მოლაპარაკებები რვა თვის მანძილზე მიმდინარეობდა: “ის უზომოდ კრეატიულია, ცოტათი გოთიკური და მისტიკური, რაც ძალიან მომწონს. საოცრად კარგი გოგოა. სამკაულების კონცეფციაზე მე, თამარი და ჟიზელი ერთად ვმუშაობთ ხოლმე. მე ძირითადად ბაზრის მიმოხილვას ვაკეთებ. რა გაკეთდა ახალი, ჩვენ რა გვინდა, რომ გავაკეთოთ. თამარი ჟიზელს უფრო კრეატიული მიმართულებით ეხმარება. თითო კოლექციაზე მუშაობა რამდენიმე თვეს გრძელდება. ინსპირაციას კი ვიღებთ ყველაფრისგან, იქნება ეს კარგი ამინდი, არქიტექტურა, ემოცია თუ სხვა. აი, ახლა, მაგალითად, უკვე ვმუშაობთ 2016 წლის კოლექციაზე”, – ამბობს ნათია.

ESHVI – ეს ქართული ეშვია. იგივე ბედნიერების თილისმაო, მიხსნის ნათია: “ყველა ჩვენს ყელსაბამს პატარა ეშვის დეტალი ჰკიდია. გვინდა, რომ ჩვენი სამკაულები თითოეული ადამიანისათვის ბედნიერების მომტანი იყოს”. წარმატების მომტანი აღმოჩნდა ნათიასთვისაც ეშვი. ლონდონში, კონკურენციის ეპიცენტრში საქმის დაწყება რისკიანი ნაბიჯი იყო. ნათია ამ წარმატებას, გარდა თილისმისა, რა თქმა უნდა, სწორ მარკეტინგს, პიარმენეჯმენტსა და ამ ბრენდის მიმართ პრესის პოზიტიურ დამოკიდებულებასაც უკავშირებს: “პირველივე სეზონზე გაგვიმართლა. პარიზის მოდის ერთ-ერთ გამოფენაზე მოვხვდით. სხვა ცნობილი ბრენდების გვერდით აღმოვჩნდით, მაგრამ მაშინვე მივიქციეთ საზოგადოებისა და კრიტიკოსების ყურადღება. მოვახერხეთ შეკვეთების აღება. საზოგადოებამ ESHVI თავიდანვე აღიქვა Luxury Brand-ად. ESHVI დღეს უკვე მსოფლიოს 23 მაღაზიაში იყიდება. მათ შორისაა Luisa via Roma Florence-ი, Excelsior Milan-ი, More is Love-ი და ამ ყველაფერს მხოლოდ ოთხ სეზონში მივაღწიეთ”, – ამბობს ნათია. ფასს რაც შეეხება, მათი ფასი 150 დან 750 გირვანქამდე მერყეობს. საქართველოში ESHVI-ს სამკაულის შეძენა ტაბიძის 106 ნომერში შეიძლება, სადაც ბრენდის სრული კოლექციაა წარმოდგენილი: “ვერ გეტყვით, რამდენად ცნობილია ჩვენი ბრენდი საქართველოში. თავიდან არც გაგვითვლია, რომ ESHVI-ს ერთ¬-ერთი ბაზარი საქართველოც ყოფილიყო, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდია, თუმცა გაყიდვები ნელ-ნელა თბილისშიც იზრდება”, – ამბობს ნათია.

ბრენდს დღეს სამი მიმართულება აქვს. მთავარი მიმართულება ბიჟუტერიაა, რომლის შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია მეტალი, სვაროვსკის კრისტალები, ემალი და სხვა; მეორე მიმართულება – პატარა ჩანთებია. მესამე, ახალი ხაზი კი ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამკაული Fine Jevellery – Gissele for ESHVI. კოლექცია დამზადებულია ოქროთი, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი ქვებით: “შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხაზი ჩემი სისუსტეა. ვუყურებ და ვტკბები ხოლმე. ეს ჩემთვის ნამდვილი ხელოვნებაა. თითქოს სუნთქავს”, – მწერს ნათია.

ESHVI-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექციაა “ფერადი რობოტი”. როგორც ნათია იხსენებს, ამ კოლექციის მთავარი იდეა ახალი ფორმის შექმნა იყო. უფრო მარტივის, მინიმალისტურის: “კონცეფციის ჩამოყალიბების დროს გაჩნდა იდეა, რომ კოლექციაში გამოგვეყენებინა ლურსმნები, ლეგოს ელემენტები, ჭანჭიკები… ეს მართლაც ძალიან წარმატებული კოლექცია გამოდგა”.

როგორი ქალია ESHVI-ის მომხმარებელი? – ვეკითხები ნათიას. მისი წერილობითი პასუხი კი ასეთია: “ეს არის ძლიერი ქალი. საკუთარი ინდივიდუალიზმითა და უნარით, რომ მოახდინოს სამკაულის შეხამება როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს სამოსთან. ჩვენს წარმოსახვაში ის ამასთანავე არის იდუმალი ქალი, ღრმა შინაგანი სამყაროთი. ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და არ ეშინია ყურადღების ცენტრში ყოფნის”.

შეიძლება ითქვას, რომ ESHVI-ს მომხმარებლის ერთ-ერთი პროტოტიპი თავად ნათიაა. ის ძირითადად სწორედ ამ ბრენდის სამკაულს ატარებს და ამის კონკრეტული მიზეზიც აქვს: “ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები ყოველდღიურად. მე თუ არ გავიკეთე ეს სამკაული, მაშინ ძნელი იქნება ჩემი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მე მაქვს ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური სამკაულის ბრენდი”, – ამბობს ნათია. მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ESHVI-ს სამკაულს სხვა ქალებზე ხედავს: “ეს მართლა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ე.ი. მას ეს სამკაული მოსწონს. ე.ი. სწორი მიმართულებით მიდიხარ. ალბათ წარმატებაც ესაა – დაინახო შენი ბრენდის სამკაული ქალებზე, რომლებიც დადიან ქუჩაში, სხედან კაფეებსა და რესტორნებში – ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი კომპლიმენტი”.

2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახელწოდებაა “ნაწნავი”. კოლექციის მთავარ ინსპირაციად ბავშვობის მოგონებები იქცა. ნაწნავები თითქმის ყველას გვქონია ბავშვობისას. ხან მოკლე ნაწნავი, ხან გრძელი, ხან სათუთად ჩაწნილი, ხანაც სახელდახელოდ. სწორედ ნაწნავია ახალი კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

ახალი პროექტი – პლატფორმა ახალგაზრდა არტისტებისთვის

ნათია ჩხარტიშვილი ამჯერად კიდევ ერთ ახალ პროექტზე მუშაობს. ეს არის ონლაინპლატფორმა, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიას ქართველი არტისტების ნამუშევრებს სთავაზობს. ეს პროექტი ნათიამ თავის მეგობრებთან, ნათია ბუკიასა და სალომე ვახანიასთან ერთად განახორციელა: “ხელოვნება პატარაობიდანვე ჩემი ცხოვრების თანამდევი იყო. დედა ახალგაზრდობიდან აგროვებდა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს და მეც მის კვალს გავყევი. ლონდონში ჩამოსულმა კი გავაანალიზე, რომ არც ისე ბევრმა იცის ქართველი მხატვრების შესახებ. მე ამ მოცემულობის შეცვლა გადავწყვიტე: “ჩვენი მიზანია საერთაშორისო აუდიტორიას შევთავაზოთ პროექტის გუნდის, კურატორების მიერ შერჩეული არტისტები, ნამუშევრები, არტპროექტები. ასევე ჩვენი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე არტპროცესების შესახებ”, – წერს ნათია, რომელიც პროექტის სამომავლო დეტალებსაც მიმხელს: “აქტივობები დაგეგმილია საქართველოს ცენტრალურ ქალაქებსა და ასევე რეგიონებში. ჩვენ მიერ შერჩეული არტისტები, გარდა ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინსივრცისა, სხვადასხვა ბიენალესა და არტბაზრობის საშუალებით წარდგებიან უცხოური აუდიტორიის წინაშე”, – ასეთია ნათიას კიდევ ერთი პროექტის გეგმები.

ნათია და ნანუ

ყველაზე პირველად ნათია თავისი გეგმებისა და იდეების შესახებ მამას უყვება. წარმატებასა თუ წყენასაც ოჯახის წევრებს უზიარებს.

პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, უფრო ზუსტად კი წერა, ნათიას ნაკლებად უნდა. უბრალოდ მწერს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ყოფილა. მაგრამ ასეთ პერიოდებში, როგორც ჩანს, ის თავად არის საკუთარი თავის მკურნალი: “გამოსავალი მხოლოდ ერთია. ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მე თვითონ უნდა გამოვიდე. თუ საკუთარი თავის არ გწამს, ძნელია სირთულის გადალახვა. ასეთ დროს საკუთარ თავს ვესაუბრები ხოლმე და გადაწყვეტილებასაც ვიღებ, როგორ ვიპოვო გამოსავალი. არ ვიცი, ზოგჯერ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, მაგრამ აქ ერთი რამ არის მთავარი: როცა პრობლემა მე მეხება, არჩევანიც მე უნდა გავაკეთო”, – წერს ნათია.

“6 იანვარი. გარეთ იანვრის ლონდონური წვიმაა. ერთადერთი ხმა ჩემს სახლში ახლა სწორედ სახლის ფანჯრებზე წვიმის ხმაურია. ეს ხმა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ამ ქალაქში სულ თან დაგდევს. მყუდროდ ვარ მოკალათებული ჩემს ოთახში. დღეს ბევრი საქმე მქონდა და ეს სიმშვიდე, წვიმის ხმა, განსაკუთრებით მსიამოვნებს. მგონი, უკვე დავწერე სადღაც, მაგრამ თუ არ დამიწერია, სიმშვიდე ძალიან მიყვარს, ისე ძალიან, რომ ოთხი წელია, ოთახში ტელევიზორი მიდგას, მაგრამ ერთხელაც კი არ ჩამირთავს. ზუსტად ისეთი სიმშვიდეა, როგორიც მიყვარს. არც ვიცი, მუშაობს კი? ერთი უნდა გადავამოწმო, მაგრამ რისთვის?… ვაგრძელებ წერას”.

ნათიას პირადი ცხოვრება დღეს მისი 10 წლის შვილს, ნანუს უკავშირდება. ნათია დღის გეგმებსაც ისე აწყობს, რომ საღამო და შაბათ-კვირა შვილს დაუთმობს. დღის გრაფიკი კი მრავალფეროვანი აქვს. მისი დილა 7 საათზე იწყება: “ლონდონში Moscow Road-ზე ვცხოვრობ. ძალიან ლამაზ, წითელი აგურით ნაშენებ ძველებურ სახლში. დიდხანს ცდილობს ხოლმე მაღვიძარა ჩემს გაღვიძებას. დღე-ღამის მანძილზე მხოლოდ 5 საათი მძინავს და ალბათ არ მყოფნის ძილი. დაახლოებით ამ დროს იღვიძებს ნანუც. ჩემს ოთახში შემორბის და მელაპარაკება ხოლმე, ხან რას, ხან რას. მერე სკოლაში წასვლის დროც მოდის. 9:30-ზე სამსახურში ვარ. ჩემი ოფისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სახლის შემდეგ. მიყვარს მუშაობა. თითქოს არ ვიღლები. ეს გრაფიკი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაზე მეტ ენერგიას მაძლევს. საღამოს შვიდისთვის ვცდილობ სახლში ვიყო, რადგან ნანუ ბრუნდება სკოლიდან და დაძინებამდე განკუთვნილი დრო მხოლოდ ჩვენია. თუმცა ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. ხშირად საღამოობით საქმიან ვახშამზე მიწევს ყოფნა. მიყვარს ადამიანების გაცნობა. მათი ამბების მოსმენა. აზრების გაცვლა. ეს პირადად ჩემთვისაც და საქმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – ასე აღმიწერს ნათია თავისი დღის გრაფიკს.

ნათიას ქაშმირის კაბები უყვარს. იმიტომ, რომ კომფორტულიაო. ყველაზე მეტად კი ბრენდ Celine-ს ანიჭებს უპირატესობას.

კითხვა 42: განტვირთვის საუკეთესო საშუალება

პასუხი: თანამედროვე ხელოვნება. მიყვარს სიახლის ნახვა. შემოქმედი ადამიანის ხედვის გააზრება. კვირადღე მუზეუმებისა და გალერეებისაა. მათ ნანუსთან ერთად ვსტუმრობ ხოლმე. კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ ეს Royal Oper-აა.

პირადი სამომავლო გეგმების შესახებ მწერს, რომ ბევრი არაფერი იცის. ESHVI-ს მომდევნო ორი წლის გეგმა კი უკვე გაწერილია.

მიმოწერა დასრულებულია. თუმცა არა, ამას მიმოწერას ვერ დავარქმევ, სტატიის დასაწყისშიც ვწერდი, ეს ამბავი დღიურის წერას უფრო ჰგავდა. ამჯერად ვფიქრობ, დავარღვიო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – პრინციპი, რომელიც ჟუნალისტს უკრძალავს სტატიასა თუ რეპორტაჟში პირადი შეხედულებების, დასკვნების გამოტანას. ვიქნები სუბიექტურად ობიექტური და ვიტყვი, რომ უკანასკნელ პერიოდში იშვიათად მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება რამეს, როგორიც “ფერადმა რობოტმა” მოახდინა. აუცილებლად დაათვალიერეთ ეს კოლექცია. თუმცა, არც სხვები გამოტოვოთ, იქნებ თქვენ სხვა უფრო მოგეწონოთ, არ ვიცი. თან ამბობენ, ეშვს წარმატება მოაქვსო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *