ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერშეტევების წინააღმდეგ მოკავშირეები ერთიანდებიან. ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის მიერ დაფინანსებული კიბერშეტევები გლობალური სახის საფრთხეს იღებს და მის წინააღმდეგ ზომები ერთიანი ძალით უნდა მიიღონ.
ერთ-ერთი პირველი ქმედება, რომელსაც მოკავშირეები გეგმავენ, ჩინეთის საჯაროდ დადანაშაულებაა კომპანია Microsoft-ზე წლის დასაწყისში განხორციელებული მასიური კიბერშეტევის გამო.
კომპანიაზე შეტევა კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ჰაკერულმა ჯგუფმა მიიტანა, რომელიც თავის მხრივ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მუშაობს და ისეთ კრიმინალურ საქმეებშია მხილებული, როგორიცაა ე.წ. “კრიპტოჯექინგი”, გამოძალვა და “Ransomware”, რომელიც გამოსყიდვის მიღების მიზნით სერვერების გათიშვას გულისხმობს.
მოკავშირეთა გუნდი, ბაიდენის თქმით, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ამას გარდა კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა იმ ძირითადი პროცედურების ჩამონათვალი, რომლებიც ჩინეთის მიერ მართული კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად აუცილებელია.
Microsoft-ის სერვერებზე შეტევა მარტში მოხდა, რამაც დაახლოებით 300.000-მდე ამერიკულ ორგანიზაციასა და ასი ათასამდე ევროპულ კომპანიაზე მოახდინა გავლენა. კომპანიამ სწრაფადვე შეძლო შეტევის ორგანიზატორთა ჯგუფის იდენტიფიცირება და კიბერშეტევაში ჩინეთის ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება Hafnium-ი დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს კიბერშეტევებში საჯაროდ აღარ ადანაშაულებდა. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პრეზიდენტს სჭირდებოდა დამამტკიცებელი კვლევები, რომ აღნიშნული კიბერდანაშაულის უკან ნამდვილად ჩინური დაჯგუფებები იდგნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ კიბერუსაფრთხოების დაცვა სამომავლოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და დაპირისპირების საგანიც შეიძლება გახდეს ავტოკრატიულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. კიბერუსაფრთხოების დასაცავად შექმნილი ახალი ალიანსი კი შეიძლება იყოს მოდელისამომავლოდ ტრანსნაციონალურ საფრთხესთან საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის კომპანიების ნაწილს ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით სანქციები უკვე დაუწესა. ბაიდენის ადმინისტრაციას მიაჩნია, , რომ ჩინეთის მიმართ ევროკავშირისა და ნატოს დამოკიდებულებაც უფრო კრიტიკული უნდა გახდეს.
დატოვე კომენტარი