როგორც ცნობილი გახდა, გასულ კვირას, რუსულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც, ფინეთის სამთავრობო უწყებების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა – ყველაფერი ეს იმ დროს მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოდიოდა.
სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ინიცირებული ორთავე ზემოთხსენებული ქმედება ფინეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებას უკავშირდება. თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისტორიულად, ფინეთი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყნის საზოგადოებრივი პოზიცია NATO-ს წევრობისაკენ გადაიხარა.
შემდეგ კვირას, ფინეთის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს ქვეყნის პარლამენტს გადაუგზავნის – ამით დაიწყება ფორმალური პროცესი, რომელიც ივნისისთვის უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ კანონმდებელთა თითქმის ნახევარი ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას ღიად მხარს უჭერს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტისადმი გაგზავნილ დოკუმენტში NATO-ში დაუყონებლივ გაწევრიანების საკითხი მოხსენიებული არ იქნება და მას ცვლილების სახით შეიყვანენ მაშინ, „როცა ამის დრო დადგება“.
ცნობისთვის, ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს – თუმცა, რა ზომებზე არის საუბარი, რუსეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია.
დატოვე კომენტარი