პარასკევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფში შეხვდნენ. წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორგანიზაციის სწრაფვა მშვიდობის შენარჩუნებისკენ, იძულების თავიდან ასაცილებლად და აგრესიის შესაკავებლად. მხარეებმა, შეხვედრის მსვლელობისას, NATO-ს ინოვაციის ფონდის დაფუძნების დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.
ალიანსის მასშტაბით, ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოები, ინოვაციების ფონდის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვატორებისთვის €1 მილიარდის გამოყოფას პროგნოზირებენ. NATO-ს ახალი ინოვაციის ფონდი წევრი სახელმწიფოებისთვის უახლეს ტექნოლოგიებს უზრუნველყოფს, რაც გადამწყვეტი იქნება ალიანსის მომავალი უსაფრთხოებისთვის. აღსანიშნავია, რომ NATO-ს ინოვაციების ფონდი უფრო დიდი გეგმის ნაწილია. ალიანსი ჩრდილო ატლანტიკისთვის თავდაცვის ინოვაციების აქსელერატორს, DIANA-ს აშენებს. DIANA-ს პროგრამის ფარგლებში, მოკავშირეები ვალდებულნი არიან, ტექნოლოგიური ტესტირებისა და აქსელერატორი ცენტრები უზრუნველყონ და გააძლიერონ კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.
პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. NATO-ს პირველი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში ტექნოლოგიის გამოყენების სტანდარტებს დაადგენს. მინისტრები ასევე შეხვდნენ ორგანიზაციის ახლო პარტნიორებს: ფინეთს, შვედეთს და ევროკავშირს და მათთან ერთად გლობალური გამოწვევები და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობამ უკვე მიაღწია უპრეცედენტო დონეს. კიბერსივრცეში მხარეები რეალურ დროში ცვლიან ინფორმაციას საფრთხეებისა და ნაკლოვანებების შესახებ. ალიანსი ევროკავშირთან კოოპერაციის გაღრმავების იმედს გამოთქვამს, მათ შორის სამხედრო, ტექნოლოგიურ, კლიმატურ სფეროებში. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საჭიროა მეტი შესაძლებლობა და არა ახალი სტრუქტურები, შესაბამისად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან, NATO-ს დუბლირების მაგივრად, ახალი შესაძლებლობებისთვის ინვესტიციების განხორციელება.
დატოვე კომენტარი