ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თვლის, რომ ნატოს ამჟამინდელი თავდაცვის გეგმა, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ქვეყნის დაცვა უნდა უზრუნველყოს, ესტონეთსა და მის ისტორიას სათანადოდ ვერ დაიცავს – კალასის თქმით, ქვეყანას შესაძლოა მიწასთან გასწორება და „რუკიდან წაშლა“ ემუქრებოდეს. პრემიერმა განცხადება მადრიდში, ნატოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
კალასმა ყურადღება უკრაინაში ომის მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის ზომას შევადარებთ, მივხვდებით, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნების, მათი კულტურისა და ხალხის რუკიდან სამუდამოდ წაშლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. პრემიერის შეფასებით, ნატოს თავდაცვის ამჟამინდელი გეგმა რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიისგან მყისიერი დაცვის საშუალებებს არ იძლევა, ეს კი ბალტიის ქვეყნებისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ესტონეთის პრემიერი ნატოსგან ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვის გეგმის გაძლიერებას ითხოვს, რაც თავდაცვის განსხვავებულ კონცეფციასა და მათ ტერიტორიაზე ნატოს ძალების გაზრდას ითვალისწინებს. კალასს სურს, რომ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ტერიტორიებზე, თითოეულზე, 20.000-დან 25.000-მდე ჯარისკაცი განლაგდეს.
მადრიდის სამიტზე ალიანსი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გაძლიერებას განიხილავს. კალასის საპასუხოდ ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნატოს მუქარის შეჩერებისა და მათი მოკავშირეების დაცვის გეგმები გააჩნია, თუმცა მასთან დაკავშირებულ ოპერაციულ დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.
დატოვე კომენტარი