ნავთობინდუსტრია მსგავს კრიზისში არასოდეს ყოფილა, ბევრი მწარმოებელი ვერ გადარჩება. ამის შესახებ CNBC-ის ცნობით, ანალიტიკოსები აცხადებენ. მათივე თქმით, ნავთობინდუსტრიის კრიზისი ყველაზე მწვავე დიდი დეპრესიის შემდეგ სწორედ დღესაა.
მსოფლიოს საცავებში უამრავი ნავთობია, მისი ყიდვა კი არავის უნდა. თვითმფრინავები არ დაფრინავენ, გადაზიდვები შენებულია. ამერიკელი მომხმარებლები, რომლებიც მსოფლიოს ნავთობის 10%-ს მოიხმარენ ავტომობილებისთვის, სახლში არიან პანდემიის გამო.
ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, ნავთობის მაისის ფიუჩერსები 300%-ით დაეცა, შედეგად ნავთობის ფასი ნეგატური გახდა და მინუს $37.63-მდეც კი დაეცა ბარელზე.
მსგავსი რამ უპრეცედენტო იყო, და რთული ასახსნელი, თუმცა, ეს ასევე იყო ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ინდუსტრიისთვის, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ზეწოლა ელოდება წინ.
ფასის მსგავსი რეკორდული ვარდნის მიზეზი მარტივია. მსოფლიოში ნავთობის საცავები გადაივსო. თუმცა, მსგავსი უცნაური რეაქციის ასახსნელად ეს საკმარისი არაა. ამიტომაც იყო სპეკულაციებიც, რომ შესაძლოა, ეს იყო არასწორი ჰეჯირების შედეგი და სხვა.
ერთი რამ ფაქტია, ინდუსტრიას ახლა სჭირდება ნავთობის მოპოვების შემცირება.
“ნავთობის 60%-ის მოთხოვნა ტრანსპორტირებაზე მოდის. საწვავის გაყიდვა 50%-ზე მეტად არის შემცირებული. ფრენები 80-90%-ით შემცირდა. სწორედ ეს არის ის, რითიც ეს კრიზისი დიდი დეპრესიისგან განსხვავდება“, – განაცხადა Bank of America-ს წარმომადგენელმა ფრანჩესკო ბლანჩმა.
მისივე თქმით, მწარმოებლები ახლა სიგნალს გზავნიან ამ კრიზისზე რეაგირებისთვის.
IHS Markit-ის ვიცე თავმჯდომარე დენ იერგინი აცხადებს, იყო ორი შემთხვევა, როდესაც WTI-ის ნავთობ ფიუჩერსებმა კრახი განიცადა მარაგების გადავსების გამო, მაგრამ მაშინ ნავთობის ფასი 10 დოლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა.
“ჩვენ ახლა ისეთ პლანეტაზე ვცხოვრობთ, როგორიც ამ დრომდე არასოდეს ყოფილა. ეს დასრულდება და მოთხოვნა წამოვა ისევ, ძალიან ბევრი კი პოლიტიკაზეა დამოკიდებული და კიდევ ბევრი ვირუსზეც არის დამოკიდებული“, – განაცხადა იერგინმა.
რამდენიმე თვის წინ ამერიკული ნავთობ ინდუსტრია მსოფლიოში მწვერვალზე იყო. ნავთობზე ფასი დაახლოებით $60–ს შეადგენდა წლის დასაწყისში ერთ ბარელზე. ამასთან, ამერიკა იმაზე მეტ ნავთობს მოიპოვებდა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და საუდის არაბეთი.
თუმცა, ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებამ გადაფარა აშშ–ჩინეთს შორის პირველადი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა, რასაც გლობალური ზრდა უნდა მოჰყოლოდა, ამის ნაცვლად კი ნავთობზე მოთხოვნის კლება დაიწყო. ნავთობ ინდუსტრიამ ნავთობის მოპოვება არ შეწყვიტა და შედეგად მსოფლიოს მარაგები გადაივსო.
ამას მოჰყვა ის, რომ თავდაპირველად რუსეთმა და საუდის არაბეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთმა კი მარტში წარმოებაც გაზარდა. შემდეგ OPEC–მა პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებას მიაღწიეს ნავთობის წარმოების 9.7 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.
“ერთი საკითხია შეთანხმების მიღწევა. მეორე საკითხია თავისუფალი ადგილის პოვნა, სადაც შესაძლებელია ნავთობის რეზერვების განთავსება. შეთანხმება მაგიური ძალებით ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა IHS Markit-ის ვიცე თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ნავთობის საცავები ერთ დროს მხოლოდ ლოგისტიკის ნაწილი იყო, ახლა კი ის მნიშვნელოვან რესურსად იქცა.
გარდა ამისა, IHS Markit-ის ვიცე თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამერიკული ფიქალის ინდუსტრია უდიდესი ფინანსური ზეწოლის ქვეშაა. “ახლა უნდა დახურონ ჭაბურღილები. გაუშვან ხალხი სამსახურიდან“, – დასძინა მან.
Tudor Pickering Holt–ის მმართველი დირექტორის მაიკ ბრედლის თქმით, კომპანიებმა, როგორიცაა Conoco Philips-ი და Continental-ი, უკვე განაცხადეს, რომ წარმოების 25-30%-ს დახურავენ და მათ სხვებიც მიჰყვებიან. თუმცა, არიან ასევე კომპანიები, რომლებიც წარმოებას სულ გააჩერებენ.
დატოვე კომენტარი