ნავთობის მოპოვება მცირდება – რომელი კომპანიები ეძებენ "შავ ოქროს" საქართველოში

ნავთობის მოპოვება მცირდება – რომელი კომპანიები ეძებენ "შავ ოქროს" საქართველოში

საქართველოში ნავთობის მოპოვება საკმაოდ მცირე მოცულობისაა, თუმცა ის უკვე წლებია ყოველწლიურად მცირდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება საქართველოში 43.6 ათას ტონას შეადგენს. თუკი 2007 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე 56 631 ტონა ნავთობი მოიპოვეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 30 159 ტონამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, 98%-ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.

2018 წელს საქართველოში 32 780 ტონა სასაქონლო ნავთობის მოპოვება მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მოცულობაც თითქმის განახევრდა.

საქართველოში მოპოვებული ნავთობის ნაწილი კონტრაქტორებზე, ნაწილი კი თავად ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე ნაწილდება.

ქვეყანაში ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები.

GOGC-ს მონაცემებით, დღეს საქართველოში ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს რამდენიმე ინვესტორი კომპანია: ” ნინოწმინდის ნავთობკომპანია”; “შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი”; “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”; “ვი-პი-აი ჯორჯია”; “საცხენისი ჯორჯია”; “ნორიოს ხევი ჯორჯია”; “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” საკუთარი ძალებით. ხოლო დანარჩენი 6 ინვესტორი კომპანია: “ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი”; “მარექსინი”; “ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ”-ი; “ნორიოს ნავთობკომპანია”; “ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია”; “ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია” აწარმოებენ მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს.

“ნინოწმინდის ნავთობკომპანიის” მფლობელი კომპანია MND Georgia B.V.–ია. თავად ეს კომპანია ჩეხური MND Group-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯგუფის საქმიანობის სფეროა ნავთობისა და გაზის მრეწველობა უმთავრესად ჩეხეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიასა და საქართველოში. მის მფლობელობაშია შპს “ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი”-ის 100%, რომელიც ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებას ახორციელებს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. სამუშაოებს ახორციელებს ერთობლივი საწარმოს კომპანიები – შპს “ნინოწმინდას ნავთობკომპანია” და შპს “მარტყოფის ნავთობკომპანია”, რომელთა დამფუძნებლები არიან კომპანიები MND Georgia B.V. და შპს “კანარგო”.

“შლუმბერჟე რუსთაველი კომპანი ლიმიტედი” კი შლუმბერჟეს შვილობილი კომპანიაა და ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. შლუმბერჟე მსოფლიოში უმსხვილესი სერვისული კომპანიაა სათავო ოფისებით პარიზში, ჰიუსტონში, ლონდონსა და ჰააგაში. კომპანია საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას”, ფრონტერა ისტერნ ჯორჯია საქართველოში მოღვაწეობს 1997 წლიდან, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე. მისი სალიცენზიო ფართობი 5060 კმ2–ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს. კომპანია მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი საბადოებიდან. 1997 წლიდან დღემდე Frontera Resource-მა არაერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის დიდ მარაგს მიაგნო. 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგის აღმოჩენაზე, თუმცა ეს განცხადება იმ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გააკრიტიკა.

საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნაზე ხელშეკრულება ჰქონდა კომპანია “ელენილტოსაც”, თუმცა ცოტა ხნის წინ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. ისრაელის ინვესტორების მიერ დაფუძნებულ კომპანიას ხელშეკრულება 2013 წლიდან ჰქონდა, 25 წლიანი ლიცენზიით. თუმცა, როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აღნიშნავენ, ამ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვერ შეასრულა, რის შედეგაც მასთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ შეწყდა.

“ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი” კი 2017 წლის აპრილის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ჩინელი მფლობელები ჰყავს: კომპანიის 51%-ს ჩუ იონგხონგი ფლბს, 39%-ს სუნ ძიანცინგი, ხოლო 5-5%-ს კი ფუ დალი და ვანგ ბინი.

საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. ამ ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება. დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული ერთ–ერთი პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *