მსოფლიო ბაზარზე დღეს, ნავთობის ფასების ზრდა დაფიქსრიდა, რის შედეგადაც ბოლო წლის განმავლობაში ფასმა შავ ოქროზე ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.
„ნედლი ნავთობის ფასის წახალისებას ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივების გაჩენა და მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნის ზრდა იწვევს“, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ანალიტიკოსმა ვანდანა ჰარიმ განაცხადა.
ცნობისთვის, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა $59.61-ს მიაღწია ერთ ბარელზე, რაც გასული წლის 20 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ მიმდინარე კვირას „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 6%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება WTI-ის ტიპის ნავთობს, ის $56.96-მდე გაძვირდა. რაც გასული წლის 22 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ უკეთესი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას, ეს აისახება ფასებზეც. ხოლო როდესაც მოთხოვნა სასაქონლო ფასებზე მოქმედებს, ეს გავლენა ფასებზე გრძელვადიანად რჩება“, – განაცხადა CMC Markets-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა მაიკლ მაკარტნიმ.
ცნობისთვის, პანდემიამ ნავთობინდუსტრია სერიოზულად დააზარალა. მოგზაურობების შეზღუდვის და ლოქდაუნების შედეგად, ნავთობზე მოთხონამ იკლო. შედეგად უმსხვილესი ნავთობკომპანიები მილიარდობით ზარალს ითვლიან. თუმცა, ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნების მიერ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ გააჩინა მოლოდინი, რომ შეზღუდვები შემსუბუქდება და ნავთობზე მოთხოვნაც უფრო და უფრო იმატებს.
დატოვე კომენტარი