ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში მოპოვებულ 10,000 ტონა ნავთობს აუქციონით ყიდის

ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში მოპოვებულ 10,000 ტონა ნავთობს აუქციონით ყიდის

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში მოპოვებული 10,000 ტონამდე ნედლი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონს აცხადებს.

Georgian Light-ის ტიპის ნავთობის სავარაუდო მოცულობა 8,000 ტონაა, ხოლო Georgian Heavy-ის – 2,000 ტონა. აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 5.70 დოლარის მიმართ (ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე) სავაჭრო 0,20 (ნული მთელი ორი მეათედი) აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით“, – წერია განცხადებაში.

მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 2023 წლის 6 ნოემბრის 14:00 საათამდე შეეძლებათ. გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვინც ერთი ბარელი ნავთობის შესყიდვისთვის კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ ფასდაკლებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 39.1 ტონა სასაქონლო ნავთობი მოიპოვეს, სახელმწიფოს წილი 43.6 პროცენტი იყო, ხოლო ინვესტორების – 56.4 პროცენტი.