შვეიცარიის ნეიტრალური სტატუსი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე დიდი გამოცდის წინაშეა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრო დასავლეთის სამხედრო ძალებს უფრო მეტად უახლოვდება.
შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, პელვი პულის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ვერსიების შესახებ ანგარიშს ამზადებს, რომელიც ნატოს ქვეყნებთან ერთობლივ წვრთნებსა და სამხედრო მარაგის შევსებას მოიცავს. პულის თქმით, ქვეყანა „საბოლოოდ შესაძლოა, ნეიტრალიტეტის ინტერპრეტაციაში ცვლილებებამდეც მივიდეს“. როგორც პული აღნიშნავს, შვეიცარიის ნატოში სრულუფლებიანი წევრობის იდეაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ, როდესაც ნეიტრალიტეტის ისტორიის მქონე შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების ზღვარზე არიან, შვეიცარიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა.
შვეიცარიის მედიის ცნობით კი, თავდაცვის მინისტრმა ვიოლა ამერდმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ შვეიცარიამ უფრო მჭიდროდ უნდა იმუშაოს აშშ-ის სამხედრო ალიანსთან, თუმცა არ უნდა შეუერთდეს მას. რაც შეეხება ურთიერთობის სხვა ვარიანტებს, განიხილება შვეიცარიელ და ნატოს მეთაურებსა და პოლიტიკოსებს შორის მაღალი დონის რეგულარული შეხვედრების გამართვაც. ანგარიში სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შემდგომაც განსახილველად შვეიცარიის მმართველ კაბინეტს გადაეცემა.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ უფრო ფართო პროექტსაც შეუწყობს ხელს, რომელიც მოიცავს სანქციების მიღებას, იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტსა და ნეიტრალიტეტის პერსპექტივიდან ნატოსთან ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებას შვეიცარიელთა 56% ემხრობა.
შეგახსენებთ, რომ 1815 წელს, ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდგომ, შვეიცარია არცერთ საერთაშორისო ომში არ ჩართულა. 1907 წლის ჰააგის კონვენციით კი დადგინდა, რომ შვეიცარია არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში და მხარს არ დაუჭერს მხარეებს ჯარით ან იარაღით. ქვეყანა, რომელიც დიდი რაოდენობით იარაღს აწარმოებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მხოლოდ 2002 წელს შეუერთდა.
დატოვე კომენტარი