ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს “ნენსკრა ჰიდრო” მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდ. ნაკრას შენაკადების – ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს დააფინანსებს.
გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნაკრას მოსახლეობის თხოვნით ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენების შედეგად ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტები ჩაიხერგა, რამაც მდინარეების ადიდების შემთხვევაში შეიძლება, სოფლის დატბორვის საფრთხე შექმნას.
გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი ლექვერარის ხეობაში 15 ნოემბერს დაიწყება. ადგილზე მობილიზებული იქნება ტექნიკა, რომელიც კალაპოტს გაწმენდს, შემდგომ ხრეშსა და ქვიშას გაზიდავს და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს.
ეს პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, გამოყენებული იქნება ასევე ადგილობრივი ტექნიკა.
მეორე ეტაპი კი, რომელიც მდინარე ლაქნაშერას მოიცავს, 2018 წელს ჩატარდება. აღნიშნული სამუშაოები “თემის განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება.
“თემის განვითარების პროგრამა” ნენსკრა ჰესის პროექტის თანმხლები საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. მის მიზანს საპროექტო არეალში მცხოვრებთა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მეტი შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.
“თემის განვითარების პროგრამა” მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, უნარ-ჩვევების ამაღლება, მცირე ინფრასტრუქტურული, ასევე სწრაფად განხორციელებადი პროექტები და სხვა.
სს “ნენსკრა ჰიდრო” კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
დატოვე კომენტარი