უდიდესი სტრიმინგ-პლატფორმა, ამერიკული Netflix-ი ვიდეოთამაშების სტუდიას შექმნის, რომელშიც კომპანია „მსოფლიო დონის“ ვიდეოთამაშების დეველოპმენტს გეგმავს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
როგორც ირკვევა, Netflix-ის ვიდეოთამაშების სტუდია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში განთავსდება და მას Zynga-სა და EA-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მარკო ლასტიკა უხელმძღვანელებს.
Netflix-ის პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ ჩრდილოეთ ევროპული დედაქალაქი მათ შემთხვევით არ აურჩევიათ, პირიქით – კომპანიის თქმით, ბოლო დროს, ჰელსინკიში ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დასაქმებული საუკეთესო პროფესიონალები შეიკრიბნენ. ამასთანავე, ფინეთის დედაქალაქში მდებარეობს Netflix-ის კიდევ ერთი სტუდია – Next Games-ი, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წელს შეიძინა.
თუმცა, Netflix-ის შიდა სტუდიის მიერ გამოშვებულ ვიდეოთამაშებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ – ასე ფიქრობს თავად Netflix-ი. ამის მიუხედავად, კომპანიის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნების გამოტანა, მაინც შეგვიძლია – საქმე ისაა, რომ ამ დრომდე, Netflix-ი სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ვიდეოთამაშებზე იყო დამოკიდებული, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას არ აძლევდა. ამიერიდან კი, როგორც ჩანს, ამერიკული სტრიმინგ-კომპანია, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო დრო დაუდგა, ვიდეოთამაშების წარმოებაში თვითონაც აქტიურად ჩაერთვება.
დატოვე კომენტარი