Netflix-ის გამომწერების რაოდენობა წელს გაიზარდა. ამის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების უმრავლესობაში გამოცხადებული კარანტინია. სახლში დარჩენილ მოსახლეობას კი გართობა უნდა.
BBC-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში Netflix-ის ანგარიში თითქმის 16 მილიონმა ადამიანმა შექმნა. ეს თითქმის ორჯერ მეტია 2019 წლის ბოლო კვარტალში გამომწერების რაოდენობაზე.
თუმცა, მეორე მხრივ სტრიმინგ-სერვისი, რომელიც მრავალმილიონიანი პროდუქციის უკან დგას, აცხადებს, რომ კარანტინის გამო თითქმის ყველა ფილმის გადაღების პროცესი შეფერხებულია. მიუხედავად ამისა, Netflix-ის აქციის ფასი 30%-ზე მეტად გაიზარდა მიმდინარე წელს, ვინაიდან ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს პლატფორმა სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის საჭიროა.
“Netflix-ი არის და იქნება მედია კომპანია, რომელიც ყველაზე ნაკლებად დააზარალა კორონავირუსმა. ეს ბიზნესი თითქმის შესანიშნავად ერგება იმ მოსახლეობას, რომლებიც მოულოდნელად სახლებში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა eMarketer-ის ანალიტიკოსმა ერიკ ჰასტრომმა.
მოთხოვნა სტრიმინგ-სერვისზე იმდენად მაღალი იყო, რომ გასულ თვეს Netflix-მა ევროპაში ვიდეოების ხარისხის შემცირების შესახებ განაცხადა, რათა ინტერნეტზე დატვირთვა შეემცირებინა. ამასთან, კომპანიამ გაზრდილი ინტერესის გამო, დამატებით 2 000 თანამშრომელი დაიქირავა მომხმარებლების დახმარების გუნდში.
ახალი წევრების უმრავლესობა ევროპიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა და მათი რიცხვი 7 მილიონს აღწევს. აშშ–სა და კანადაშიც გაიზარდა გამომწერების რიცხვი, კერძოდ სტრიმინგ-სერვისს დამატებით 2.3 მილიონი ახალი წევრი შეუერთდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ბოლო თვეებში მხოლოდ 550 000 იყო.
ამჟამად Netflix-ს 182 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.
გაიზარდა შემოსავლებიც – $5.76 მილიარდამდე, რაც 27%-იან ზრდას გულისხმობს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაორმაგდა მოგებაც $344 მილიონიდან $709 მილიონამდე.
დატოვე კომენტარი