Netflix-ის რუსმა მომხმარებლებმა სტრიმინგ-კომპანიის წინააღმდეგ, რუსეთის ბაზრის დატოვების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი კომპანიის მხრიდან კომპენსაციის სახით 60 მილიონი რუბლის ($735,000) გადახდას ითხოვენ. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო RIA ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მარტში Netflix-მა რუსეთში სტრიმინგ-სერვისზე წვდომა აკრძალა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა მომავალი პროექტი და შესყიდვა დროებით შეაჩერა. იურიდიული ფირმა Chernyshov, Lukoyanov & Partners-ის განცხადებით, ამერიკული Netflix-ის წინააღმდეგ რუსი მომხმარებლების ერთობლივი სარჩელი მოსკოვის ხამოვნიჩესკის რაიონულ სასამართლოს წარედგინა. რუსი მომხმარებლები სტრიმინგ-კომპანიას, სერვისის მიწოდებაზე ცალმხრივი უარის გამო, მათი უფლებების დარღვევისთვის უჩივიან. თავად Netflix-ს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
Netflix-ს, რომელიც რუსეთში სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა, რუსეთის კანონმდებლობა ოცამდე ადგილობრივი ახალი ამბების, სპორტული და გასართობი არხის გავრცელებას ავალდებულებს. მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც სტრიმინგ-სერვისისგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არხების დამატებას ითხოვს, კომპანიის განცხადებით, ამ ვითარებაში მის პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისები არ გამოჩნდება.
გარდა ამისა, სანქციების შესაბამისად, შეუძლებელი გახდა რუსული ბარათებით პლატფორმაზე წევრობის საფასურის დაფარვა.
დატოვე კომენტარი