Netflix-ის მიერ კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციათა ფასები 25%-ით შემცირდა. ამის პარალელურად, Netflix-ის ინფორმაციით, გასული 10-ზე მეტი წლის განმავლობაში მისი სერვისის გამომწერთა რაოდენობამ პირველად იკლო. საინტერესოა, რომ თვითონ კომპანიის პროგნოზით, გამომწერების კლების ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
ამერიკული გიგანტის მონაცემებით, კომპანიის შემოსავლებმა პირველ კვარტალში 7.78 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული მაჩვენებელი კომპანიის აქციების ფასის გასამყარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ინვესტორების გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდი გავლენა გამომწერების რაოდენობის დრამატულმა კლებამ იქონია. კომპანია პირველ კვარტალში 2.7 მილიონი ახალი გამომწერის დამატებას ვარაუდობდა, სანაცვლოდ კი მათი რაოდენობა 200,000-ით შემცირდა.
პაროლების ერთმანეთისათვის გაზიარებისა და გაზრდილი კონკურენციის გამო კი Netflix-ი მიმდინარე კვარტალში დამატებით 2 მილიონი გამომწერის კლებას პროგნოზირებს. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, საკუთარი სერვისების რუსეთში შეჩერებამ წინა კვარტალში 700,000 გამომწერის დაკარგვა გამოიწვია.
კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, დღევანდელი მდგომარეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით Netflix-ის სერვისით 221.6 მილიონი გამომწერი სარგებლობს. 2021 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს კი ეს რიცხვი 221.8 მილიონს შეადგენდა.
დატოვე კომენტარი