მარეგულირებელი კომისიის ინტერესი და ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების ათვისებასა და განვითარებას. ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გახდეს ელექტროენერგიის მწარმოებელი და ამავდროულად იყოს თავისივე გამომუშავებული ენერგიის მომხმარებელი, დღეისთვის 1000-მდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული, რომელთა დადგმული ჯამური სიმძლავრე 60 მეგავატს აღემატება.
ნეტო-აღრიცხვის განვითარებისათვის სემეკმა 2023 წელს ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 4%-დან 8%-მდე გაიზარდა სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის შეზღუდვის ზედა ზღვარი, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე. აქვე, დამატებით დაზუსტდა, რომ გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებული დადგმული სიმძლავრე.
უნდა აღინიშნოს, რომ ნეტო-აღრიცხვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს ევროპის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრი სახელმწიფო, 2022 წლის ბოლოს შეუერთდა. მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ცვლილებები შეეხება განახლებადი ენერგიის ე.წ. „თვითმოხმარების“ (Self Consumption) პრაქტიკის დანერგვას.
ევროპის საბჭოს კომისიამ მიიჩნია, რომ ნეტო-აღრიცხვა შეიძლება ეფექტიანი იყოს მხოლოდ წარმოების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე. ევროპაში უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს განხილვები ნეტო-აღრიცხვის სქემიდან უფრო მოქნილ სქემაზე გადასასვლელად, რაზეც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოსა (ACER) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების საბჭოს (CEER) მიერ გაცემულია რეკომენდაციები. ევროპის მსხვილი ენერგეტიკული ორგანიზაციების შეფასებით, ნეტო-აღრიცხვა ამცირებს მომხმარებლების მოქნილობას ენერგიის დროში დიფერენცირებული ფასების მიმართ, აფერხებს ე.წ. „მოქნილობის ბაზრის” განვითარებასა და ზოგადად იმას, რომ მომხმარებლებმა შეასრულონ უფრო აქტიური როლი ელექტროენერგიის მოთხოვნის მართვაში. შედეგად, შესაძლებელია, ბაზრის მონაწილეებმა თავი აარიდონ საქსელო მომსახურების საფასურის სამართლიანი წილის გადახდას და უარყოფითი გავლენა მოახდინონ იმ პირების მიერ მიღებულ სარგებელზე, რომლებიც სთავაზობენ სისტემას ე.წ. „მოქნილობის მომსახურებებს“.
ევროპული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, განახლებადი ენერგიების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრირების ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ თვითმომხმარებელი – განახლებადი ენერგიის მწარმოებელი, რომელიც ფლობს და სარგებლობს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკროელექტროსადგურით, არ ეხმარება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მაშინ, როცა ეს საჭიროა. მის მიერ ელექტროენერგიის წარმოება ელექტროსისტემის პიკურ დატვირთვას არ ემთხვევა. თუმცა ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში, კერძოდ, როდესაც მზის პანელები აღჭურვილია შემნახველი მოწყობილობებით, შესაძლებელია ქსელში დატვირთვის დაბალანსება. ამავდროულად, აქტიური თვითმომხმარებლები ნაკლებად იყენებენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, რამდენადაც ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა მცირდება მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად. შედეგად, აქტიური თვითმომხმარებლები ნაკლებს იხდიან ქსელის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის, მაშინ როდესაც სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიით, მეტის გადახდა უწევთ. ნეტო-აღრიცხვა ამ ეფექტს მხოლოდ აძლიერებს, რაც, საბოლოოდ, ჯვარედინ სუბსიდირებას იწვევს.
დავუბრუნდეთ მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებს და განვმარტოთ, თუ ვინ არის თვითმომხმარებელი – ეს არის განახლებადი ენერგიის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც განახლებადი ენერგიების გამოყენებით აწარმოებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი წყაროს მფლობელი შეზღუდულია მხოლოდ მისაერთებელი სიმძლავრით და მისი უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო მის მიერ ჭარბად გამომუშავებული, გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია საათობრივად იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად იქნება აღრიცხული ადგილზე მოხმარებული და ქსელში გაცემული ენერგიის ჩათვლით. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის მიერ ან გაზიარდეს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფში.
ვფიქრობ, რომ მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნათა ნორმის დანერგვა მომდევნო ეტაპებზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი ათვისებისა და ელექტროენერგიის მოხმარების წილის ზრდაში, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის რაციონალურად გამოყენების კუთხით, გადამცემი და გამანაწილებელი ელექტროქსელის დამატებით სიმძლავრეებზე მოთხოვნისა და ქსელში დანაკარგების შემცირების თვალსაზრისითაც.
დატოვე კომენტარი