ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ჩიპების სტარტაპი Neuralink-ი პარალიზებული პაციენტებისათვის ტვინის იმპლანტების გამოცდებისთვის ადამიანების რეკრუტირებას იწყებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Neuralink-მა დამოუკიდებელი საბჭოსგან იმპლანტის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მიიღო.
ზურგის ტვინის დაზიანების ან ამიოტროფული სკლეროზის გამო პარალიზებულ პაციენტებს კვლევაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა უცნობია, რამდენ ადამიანს ექნება კვლევაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რომელიც დაახლოებით 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
Neuralink-ის განმარტებით, კვლევაში გამოიყენებენ რობოტს, რომელიც იმპლანტს ქირურგიულად თავის ტვინის იმ არეალში მოათავსებს, რომელიც გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის განცხადებით, კვლევის მიზანია, პარალიზებულ პაციენტებს აზრების გამოყენებით კომპიუტერის კურსორის გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ.
ცნობილია, რომ კომპანია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისაგან (FDA) ცდების ათ პაციენტზე ჩატარების ნებართვას ითხოვდა. თუმცა აშშ-ის მარეგულირებელმა უსაფრთხოების ნორმების შესახებ საკუთარი ეჭვები ღიად გამოხატა. მიუხედავად ამისა, უცნობია, საბოლოოდ რა რაოდენობის პაციენტების გამოცდაზე გაიცა ნებართვა.