ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-სგან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა.
როგორც ჩანს, Neuralink-მა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები გადალახა, რომელთა გამოც გასულ წელს FDA-მ კომპანიას ადამიანებზე ცდების ჩატარების ნება არ დართო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე წლის მარტში, Reuters-მა Neuralink-ის შვიდ ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით გაავრცელა.
ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.
Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ცხოველებზე უკვე გამოიცადა. შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში მისი კომპანიის მიერ დამზადებული ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. გასული წლის აპრილში კი მილიარდერმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანიას ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების ბრალდებით უჩივლეს. Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტებისა და წყაროების მტკიცებით, Neuralink-ის ექსპერიმენტებს 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 1,500 ცხოველი შეეწირა.
აქვე გეტყვით, რომ ილონ მასკის გარდა Neuralink-ის ინვესტორებს შორის ვხვდებით Google-ის საინვესტიციო ჯგუფ GV-ს, Coinbase-ის თანადამფუძნებელ ფრედ ერსამსა და OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენს.