ტყუილები გრძელდება

ტყუილები გრძელდება

წელს დემოკრატებს კვლავ დააინტერესებთ, დაიკავებს თუ არა ობამას სადაზღვევო პროგრამა პოლიტიკური დღის წესრიგში პრიორიტეტულ პოზიციას.

ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, შვილიშვილებისა თუ მეგობრებისთვის, ჯანმრთელობაზე “პირადი” არაფერია. ყველაზე მეტ წუხილსა და შეშფოთებას ჯანდაცვის საკითხებში ჩარევა იწვევს. მაინცდამაინც აქ გააკეთა არასწორი გათვლა ობამას ადმინისტრაციამ. ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ გარკვეული “აცდენები” საგადასახადო პოლიტიკაში, ხარჯვით ნაწილში, რეგლამენტში, სკანდალურ საკითხებში, მაგრამ ჯანდაცვაში დაშვებულ შეცდომებს, ან ჩვენ მიერ ნდობით აღჭურვილ ექიმებთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ტყუილსა და თვალის ახვევას ნულოვანი ტოლერანტობით მოვეკიდებით.

ობამას ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა, რომელმაც ნოემბერში დემოკრატების ფიასკოც გამოიწვია – ეს თეთრი სახლის მიერ სიმართლის თვალში საცემი ხელყოფაა. ჩვენს კეთილდღეობასა და ექიმებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ტყუილები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თემაა, თუმცა საზოგადოებისადმი უპატიო დამოკიდებულება გრძელდება. გაიხსენეთ, როცა მილიონობით მოქალაქემ და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის დამზღვეველთაგან პოლისების გაუქმების შესახებ ცნობა მიიღო, პრეზიდენტმა განაცხადა: კეთილი, თქვენს პოლისებს 2014 წელსაც შეინარჩუნებთო. ეს იყო კიდევ ერთი ტყუილი.

გვაქვს ერთი განსაცვიფრებელი ამონარიდი წერილიდან, რომელიც Horizon Blue Cross Blue Shield of New Jersey-ის პოლისის მფლობელებს დაურიგდათ. კერძოდ, Horizon BCBSNJ-ს სურს, რომ პოლისი აბონენტებს 2014 წელსაც შეუნარჩუნდეს, რაც პრეზიდენტ ობამას განცხადებითაც დასტურდება – იგი თანახმაა, გაუქმებული პოლისები განახლდეს. ფედერალური მთავრობა კი იტყობინებოდა, რომ ნიუ-ჯერსის საბანკო და სადაზღვევო განყოფილება პოლისებს არსებითი ცვლილებების გარეშე ვერ განაახლებდა, რაც გეგმების არსებით შეცვლასა და ფასების მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევდა.

უკანასკნელი ბრძოლა?

თუ თქვენ რომელიმე ფინანსურ დამკვირვებელს 2008 წელს ეტყოდით, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდი ხუთი წლის განმავლობაში საბალანსო ანგარიშს ხუთმაგად გაზრდიდა, თქვენ სერიოზულ უნდობლობას წააწყდებოდით, შემდეგ კი დაიწყებოდა მტკიცება – აღნიშნული ქმედება ვაიმარის რესპუბლიკაში რომ განეხორციელებინათ, ჰიპერინფლაცია გარდაუვალი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, იმ ინფლაციის დროს, რომელიც 70-იან წლებსა და 80-იანი წლების დასაწყისში მოგვახვიეს თავს, როცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი დამატებით საშუალო 13%-ის დონეზე მძვინვარებდა და საპროცენტო განაკვეთები მთვარეს ეწია, მოკლევადიანი სესხები 21,5% აღწევდა, ხოლო გრძელვადიანი სახაზინო სესხი 15,75 % შეადგენდა; მონეტარული ბაზა (ვალუტა მიმოქცევაში საბანკო რეზერვებთან ერთად ფედერალური სარეზერვო ფონდის დეპოზიტებზე) 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ 225%-ით გაიზარდა (1970 – 1981 პერიოდში).

აღნიშნულთან შედარებით, 2008 წლიდან მონეტარული ბაზა 400%-ით გაიზარდა. იმდენად, რამდენადაც არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები ვამტკიცოთ, რომ ვაშინგტონი სამომხმარებლო ფასების ინდექსის შეცვლას ცდილობდა, რათა შეერბილებინა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, იმის თქმა, რომ 70-იანების კოშმარისგან შორს ვართ, საფუძველს მოკლებული იქნება.

მაშ, რა ხდება?

საქმე ისაა, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტისმეტად “გაბერილ” მონეტარულ ბაზას და არასაკმარისად ვმუშაობთ უპრეცედენტო საპროცენტო განაკვეთების (როგორც მოკლე-, ისე გრძელვადიანი) რაც შეიძლება დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნებისთვის. ჩვენს ცენტრალურ ბანკს აქამდე არასოდეს დაუწევია საპროცენტო განაკვეთი თითქმის 0%-მდე, არც არასდროს ჰქონია მცდელობა გაეუფასურებინა ფულის გრძელვადიანი ღირებულება მისი რეალური ღირებულების მხოლოდ ნაწილობრივ ღირებულებამდე (ადრეულ 60-იანებში “Operation Twist”-მა, რაც ჩაბი ჩეკერის ცნობილი ცეკვის სახელითაა ცნობილი, მხოლოდ საბრალოდ მოკლე პერიოდი იარსება. ეს ოპერაცია დოლარის გამყარების უნაყოფო მცდელობა გახლდათ).

ეკონომისტებთაგან ძალიან ცოტამ – რომელთა შორის აღსანიშნავია Forbes-ის მიმომხილველი, დევიდ მალპასი – აღნიშნა, რომ ფასების რეგულირების ეს მონეტარული ვერსია კრედიტის განაწილების მოდელს წააგავს. ფედერალურმა მთავრობამ მეტისმეტად დაბალ საპროცენტო განაკვეთში, ანუ “უცრემლო დეფიციტის” სახით, ძალიან მარტივად მიიღო ნაღდი ფულის ის ოდენობა, რაც სჭირდებოდა. დიდმა კომპანიებმა უპრობლემოდ მიიღეს კრედიტები და საკუთარი საბალანსო ანგარიშები უზადო წესრიგით შეავსეს, მაგრამ სესხები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში დაშრა. ეს “გვალვა” კიდევ უფრო გაამწვავა საბანკო რეგულაციებმა, რაც რისკების დაწევით იყო განპირობებული და “საბრალო” მსესხებლისთვის სესხის გაცემის პროცედურების გამკაცრებით გამოიხატა. გახსოვდეთ, ახალი სამუშაო ადგილების წყარო სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. გამარტივებული “რაოდენობრივი” პროცედურებით ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა ფინანსური ბაზრის მოკლევადიანი კრედიტების ის უდიდესი ნაწილი შეისრუტა, რომელიც სხვა შემთხვევაში აღნიშნული სექტორების დასაფინანსებლად წავიდოდა.

მალპასი აცხადებს: “აშშ-ის კერძო სექტორი ისტორიაში ყველაზე მწვავე და მკაცრ რეგულაციებს განიცდის”.

ის, რომ ფედერალური რეზერვი, თუნდაც ნელი ტემპით, მეორე პლანზე გადადის, უკვე კარგი ამბავია. ეს ჩვენი შელახული საკრედიტო ბაზრის განახლებას მოასწავებს.

არსებობს კიდევ ორი აშკარა ფაქტორი, რომელიც ხსნის, თუ რატომ არ მოხდა “ფასების აფეთქება” სამომხმარებლო ბაზარზე. ერთი არის მაღალი გადასახადები და კორუპციული, ჩახლართული საგადასახადო კოდექსი; მეორეა ქაოსური გაურკვევლობა, რომელიც ობამას სადაზღვევო პროგრამამ ამერიკელ ხალხსა და ბიზნესში შეიტანა.

საპროცენტო განაკვეთების ხელოვნური შემცირება სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს, რასაც იგივე დესტრუქციული შედეგები მოჰყვა. საქმე კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, როცა მას გაუაზრებელი რეგულაციები და დაბეგვრის მაღალი დონე დაერთო, შედარებით იმასთან, რაც გვაქვს.

(ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომა, ფედერალური რეზერვი დოლარს ბოლო ათწლეულის ადრეული პერიოდიდან უთხრის ძირს, რამაც დიდი ზიანი მოიტანა. მაგალითად, სუსტი დოლარის გარეშე “ჰაუზინგის” ბუშტს არასოდეს მივიღებდით).

რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც დღეს არც ერთ ცენტრალურ ბანკს, ეკონომისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ არ ესმის მონეტარული პოლიტიკის არსი, ჩვენ გარშემო ინფლაციის აფეთქების საფრთხე დიდია. დღეისათვის საპროცენტო განაკვეთების უპრეცედენტო დეპრესირება და გადასახადების რეგულაციების მძიმე ტვირთი მდგრადი, ხელშესახები ზრდის პერსპექტივას გამორიცხავს. ასე რომ, დიდად ნუ დააიმედებთ თავს ჩვენი ეკონომიკის “გამოკეთებით”. ჩვენ ფილტვების ანთება არ გვჭირს, თუმცა აბეზარა გრიპმა ნამდვილად დაგვღალა.

“ჰიტლერქეა”

ბელგია აპირებს, მშობლების თანხმობით, ნება დართოს საკუთარ ექიმებს მოაკვდინონ ბავშვები, რომლებიც “მუდმივი და აუტანელი ფიზიკური ტკივილით” იტანჯებიან. ამას ხელი ბავშვებმაც უნდა მოაწერონ, თითქოს მათ ჰქონდეთ უნარი, ზრდასრული ადამიანივით განსაჯონ.

ჩვენ მეტისმეტად სახიფათო ბილიკზე გავდივართ და შეიძლება საბოლოოდ დავემსგავსოთ ისეთ საზოგადოებას, როგორიც ჰიტლერის გერმანიაში ჰქონდათ წარმოდგენილი. ამ საზოგადოებაში “არასასურველ ელემენტებს” გამოყენებული ცხვირსახოცივით აგდებდნენ. იმ დროს, როცა ნაცისტები სიკვდილის ამ იდეოლოგიას იზიარებდნენ, გაურკვეველ ლოგიკურ დასკვნებამდეც მიდიოდნენ. მათ სწამდათ, რომ აღნიშნული ერის “გაჯანსაღებას” წაადგებოდა, რომ ეს იყო ბოტანიკოსთა და ზოოლოგთა მიერ ცხენების, ძაღლების, ძროხებისა და სხვათა, ცხოველებისა თუ მცენარეების ჯიშების სელექცირების მსგავსი. ეს იდეოლოგია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, რომელთა შორის მეორე მსოფლიო ომამდელი აშშ-ც გახლდათ. ამ პოლიტიკას ევგენიზმი ეწოდა და მისი დროშის ქვეშ ასობით ათასი ადამიანი, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც სულიერი დაავადებები აღენიშნებოდათ, ძალადობრივი სტერილიზაციის მსხვერპლი გახდა, შვილების ყოლის შესაძლებლობა არ მიეცა. ომამდე ნაცისტურ გერმანიაში 8 000-მდე ბავშვი დახოცეს, რომლებიც გონებრივად, ან სხვა მხვრივ უკურნებლებად გამოაცხადეს.

ჰოლოკოსტი, ისევე როგორც სხვა ნაცისტური გენოციდის სახეები, ევგენიზმის პოლიტიკის პარალელურად ხორციელდებოდა, მაგრამ ახლა ის ახალ შეფუთვაში ბრუნდება – მოვაკვდინოთ მხოლოდ ტანჯვის შემცირების მიზნით.

ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ნებადართულია ზრდასრული ადამიანების ევთანაზია. ჰოლანდიაში, რომელმაც 2002 წელს აღნიშნული პრაქტიკა დააკანონა, გაჩნდა ეჭვი, რომ მედპერსონალი და საავადმყოფოს დირექცია დროდადრო, საავადმყოფოს პალატებში ადგილების გამოთავისუფლების მიზნით, პაციენტების ევთანაზიას ახდენდნენ. როგორც ჩანს, პროცედურები გამკაცრდა. ევთანაზიის შესახებ კანონი 2002 წელს ბელგიამაც მიიღო, მის მიღებას კვებეკის პროვინციაც გეგმავს.

რა თქმა უნდა, ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ იმ ადამიანების ტანჯვის შემსუბუქება სურთ, ვინც ტკივილით იტანჯება, მაგრამ ეს ბადებს შეკითხვას – რატომ არ ვიყენებთ მეტ სამედიცინო ძალისხმევას, რომ ეს ტანჯვა შემსუბუქდეს?

ბელგიაში 2011-2012 წლებში ევთანიზირებული ადამიანების რიცხვმა მომთხოვნთა 25%-ს მიაღწია. წლიური მაჩვენებელი კანონის მიღებიდან შვიდჯერ გაიზარდა და ჯამური სიკვდილიანობის 2% შეადგინა. აღნიშნული საპროცენტო მაჩვენებელი აშშ-ში 50 000 მკვლელობას გაუტოლდებოდა. ზოგად სურათს რომ შევხედოთ, ყოველ წელს აშშ-ში მკვლელობების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 16 000-ს უტოლდება. ჰოლანდიაში ევთანაზია ზოგადი სიკვდილიანობის 3%-ს იკავებს (რაც პროპორციულად აშშ-ში 75 000-ს გაუტოლდებოდა), მაგრამ სინამდვილეში პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დიდია.

დღეს კი ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა ტკივილის შემსუბუქების მიზნით ჩვენი ბავშვები უნდა მოვაკვდინოთ.

იმ დროს, როცა ევთანაზია სულ უფრო მიღებული პრაქტიკა ხდება და ჩვენ ადამიანთა მკველელობის ასეთი საშინელი მეთოდის მიმართ დუმილს ვამჯობინებთ, მეორე საშინელებაში ვეფლობით – ვაიძულებთ ავადმყოფ ადამიანებს შეწყვიტონ მკურნალობა, მსგავსი ფატალური დაავადებისაგან “მწირი რესურსების” დაზოგვის მიზნით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობის პერსპექტივა გააჩნიათ. საბოლოო ჯამში, სამედიცინო რესურსების უდიდეს წილს სწორედ ის ადამიანები მოიხმარენ, ვისაც სიცოცხლის ექვს თვემდე პერიოდი აქვთ დარჩენილი. ბრიტანეთმა უკვე საკუთარი “სიკვდილის კოლეგია” ჩამოაყალიბა. გამოიმუშავა ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ მიიღებს მკურნალობის ძვირად ღირებულ კურსს და ვინ დარჩება მის მიღმა.

მოდი, გავაანალიზოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც ფატალური დაავადების მსხვერპლნი არიან, მაგრამ არ სურთ მიმართონ “ჰეროიკულ” მეთოდებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანების მხრიდან სიცოცხლის გააზრებულ შეწყვეტაზე, ვინც განსწავლულია ჩვენი განკურნებისთვის. ცივილიზაციის ყველაზე ნამდვილი ნიშანდობლიობა ძევს იმაში, თუ როგორ მოახერხებს იგი განკურნოს მისი ყველაზე მოწყვლადი წევრები.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *