თებერვლის დასაწყისში ცხრა ქართულ საიტზე გამოჩნდა “ხმამაღალი” სათაური: “საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება”. სათაურის შინაარსი, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული გამოდგა. თუმცა ზედაპირულმა ჟურნალისტიკამ უნებლიეთ მაინც შეგვახსენა, რომ გენმოდიფიცირებულ (გმ) საკვებში უკეთ გარკვევის დროა.
გმ-პროდუქცია არაა მხეცის ნიშანი, მაიას კალენდარი, მუდამ კარს მომდგარი აპოკალიფსი ან ჩიპი, რომელიც ჩვილებს დღე დღეზე უნდა ჩაუდგან. გმ-პროდუქცია შემდგარი რეალობაა. 2009 წლის მონაცემებით, აშშ-ში სოიას, ბამბის, სიმინდისა და შაქრის ჭარხლის პლანტაციების 80%-ზე მეტი გენმოდიფიცირებულ ჯიშებს ეკავა.
დისკუსიები გმ-ტექნოლოგიების საფრთხეებზე, სარგებელსა და კანონმდებლობაზე მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მიდგომები განსხვავდება. შედარებით ლმობიერია აშშ, ბრაზილია, ჩინეთი, რომლებსაც გმ-მოსავლის დიდი ნაწილი მოჰყავთ. უფრო მკაცრია ევროკავშირში. გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრია: პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი – პომიდორი, რომელიც ნელა მწიფდება – 1994 წელს გაიყიდა. თუმცა ჭრელი საზოგადოებრივი აზრისა და საკანონმდებლო მიდგომების მიუხედავად, გმ-ტექნოლოგიების დამცველები ასეულობით სამეცნიერო ნაშრომის ანალიზს იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებს არ უკავშირდება თვისებრივად ახალი საფრთხეები.
რა ხდება საქართველოში: იდეა, რომ “გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალი ზონა” უნდა გავხდეთ, ჯერ კიდევ 2007 წელს განიხილებოდა. სხვადასხვა დროს კანონპროექტის გატანას ცდილობდნენ დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე და გიორგი გოგუაძე. 2009 წელს ხელისუფლებამ დაადგინა, რომ საჭიროა გმ-ინგრედიენტების შემცველი პროდუქციის მარკირება, ევროკავშირის სტანდარტით (0,9%-ზე მეტი შემცველობის შემთხვევაში). ამ დადგენილების განხორციელება 2013 წლისთვის გადაიდო და, როგორც დრომ აჩვენა, არც შარშან დაწყებულა. სამაგიეროდ, გაცოცხლდა “დახურული ტერიტორიის” (იმავე “თავისუფალი ზონის”) იდეა და პარლამენტში კანონის განხილვაც დაიწყეს.
შინაარსი, რომელიც ხელისუფლებამ გმ-ორგანიზმებისთვის “დახურული ტერიტორიის” კონცეფციაში ჩადო, მთლად “დახურულობას” არ გულისხმობს. კანონპროექტით არ იზღუდება მზა გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანა. მისი სამიზნე მხოლოდ ქართველი ფერმერები და მწარმოებლები არიან: კანონის მიღების შემთხვევაში, აიკრძალება საქართველოში გმ-თესლის შემოტანა და კომერციული მიზნებით გმ-მცენარეების მოყვანა.
როგორც დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებიდან ირკვევა, ჩანაფიქრი ევროპულ ბაზარზე “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით” გასვლაა, რადგან საქართველო ასეთი პროდუქციის “უკანასკნელი კუნძულია” კონტინენტზე. იდეა საფუძველს მოკლებული არაა: გმ-ნაწარმის დამცველთა მეცნიერული არგუმენტების მიუხედავად, მოთხოვნა ყველაფერ “ბუნებრივზე” დასავლეთში ნამდვილად არსებობს. თუმცა იმის საფუძველი, რომ პროექტი დარჩეს მორიგ ქართულ იოლად გამდიდრების ოცნებად, კიდევ უფრო დიდია.
ბაზარზე განსაკუთრებული პოზიციების დაკავება და “უკანასკნელი კუნძულის” იმიჯის შექმნა გაჭირდება. რეალურად საქართველო არ იქნება ერთადერთი “დახურული ტერიტორია”, არც ევროპაში, არც მის გარეთ: მსგავსი ან კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე შემოღებულია, მაგალითად, ბულგარეთში (2010 წლიდან), ვენესუელაში (2004-დან), ეკვადორში (2008-დან). ევროპის ბაზარზე, რომელსაც ცაგარეიშვილის ოცნებები უკავშირდება, პროდუქტის გმ-შემცველობის დადგენისთვის მწარმოებელი ქვეყნის ცოდნა საერთოდ უმნიშვნელოა. გმ-საკვების მარკირება ისედაც სავალდებულოა. მყიდველი თავისუფლად გაარჩევს გენმოდიფიცირებულს არაგენმოდიფიცირებულისგან, გეოგრაფიით დაინტერესების გარეშე.
ბევრად იოლია შესაძლო უარყოფითი შედეგების პროგნოზირება. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გმ-ტექნოლოგიების აკრძალვა ნიშნავს ეკონომიკურად წაგებიან მდგომარეობაში ჩაყენებას. გმ-ტექნოლოგიები ძირითადად სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდას ემსახურება. მარტივად რომ ვთქვათ, აძლევს მწარმოებელს ნაკლებ ფასად მეტი მოსავლის მიღებისა და მეტის გაყიდვის საშუალებას. აკრძალვის შედეგად, ადგილობრივ ბიზნესს გრძელვადიანად კიდევ უფრო გაუჭირდება იაფი პროდუქციის ნიშში იმპორტთან შეჯიბრება. შედეგად, გაიზრდება იმპორტზე გადასახადების აწევის ცდუნებაც, რაც მომხმარებლის ჯიბეს ორმაგად დაარტყამს. ქართული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური ჩამორჩენა, რომელიც ისედაც დრამატულია, შეუქცევადი გახდება.
ეკონომიკური შედეგების გარდა, ცხადია, ინტერესს იწვევს ჯანმრთელობის საკითხიც. როგორც უკვე ვთქვით, კანონპროექტი გმ-ნაწარმის შემოტანას არ კრძალავს. თუ გმ-პროდუქციას რამე დამატებითი საფრთხეები უკავშირდება, ქართველი მომხმარებლისთვის ეს საფრთხეები შენარჩუნდება. განვითარებულ ქვეყნებში გმ-ტექნოლოგიებს ძირითადად ორი მიმართულებით აკრიტიკებენ: პირველი გმ-საკვების ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო გავლენაა, მეორე — გმ-ორგანიზმების გავლენა გარემოზე და სხვა ორგანიზმების “დაბინძურების” საფრთხე.
საქართველოს მოსახლეობა “კარგად არის ინფორმირებული” გმ-ნაწარმის მოხმარების საფრთხეების შესახებ – გვამშვიდებს მწვანეთა მოძრაობის გმ-ორგანიზმების საწინააღმდეგო კამპანიის კოორდინატორი გიორგი მაღრაძე “რეზონანსის” 2010 წლის სტატიაში. აქ ერთბაშად ორ გავრცელებულ პრობლემას ვაწყდებით. კამპანიის სახელწოდება (“გმ ორგანიზმების საწინააღმდეგო”) თავისთავად გამოხატავს არცთუ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედ უამრავ აქტივისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. გმ-ტექნოლოგიების აკრძალვა მათთვის თვითმიზანია, იმის მიუხედავად, ზიანია მეტი თუ სარგებელი. მეორე: მოსახლეობის “კარგად ინფორმირებულობა” გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკითხში რეალურად იმ ქვეყნებისთვისაც კი მიუღწეველია, სადაც თემა ოცი წელია უწყვეტად განიხილება.
სერალინის საქმე
ანტი-გმ აქტივისტების ერთ-ერთი საყვარელი გზავნილია, რომ გმ-ტექნოლოგიების გამამართლებელი ნაშრომების უკან ყოველთვის დგანან “ხარბი კორპორაციები”. ის, რაც უფრო რთული დასანახია, საწინააღმდეგო ბიზნესინტერესების არსებობაა. გმ-ტექნოლოგიებთან ბრძოლა მოგებიანია როგორც ავანტიურისტებისთვის, რომლებიც პირდაპირი გზით აკეთებენ ფულს ხალხის დაშინებით, ისე “ორგანული” პროდუქციის მწარმოებლებისა და ლობისტებისთვის.
შარშანწინ სექტემბერში ფრანგმა ჟილ-ერიკ სერალინიმ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ გენმოდიფიცირებული სიმინდი ზრდის ვირთხებში კიბოს გაჩენის ალბათობას. ნაშრომმა, ბუნებრივია, დიდი რეზონანსი გამოიწვია და უამრავი მეცნიერი შეუდგა მის გადამოწმებას. აღმოჩნდა, რომ ფრანგის დასკვნები უსაფუძვლოა, თანაც ამ საკითხზე იმდენად ფართო თანხმობა ჩამოყალიბდა, რომ ჟურნალმა სერალინის სტატია “გააუქმა”. ამით დეტალები არ იწურება: კვლევის გამოქვეყნების პარალელურად, სერალინიმ დაიწყო საკუთარი გახმაურებული წიგნის პიარი. აღმოჩნდა ასევე, რომ ფრანგი მკვლევარი მუშაობს ჰომეოპათიური წამლების კომპანიის კონსულტანტად და დაკავშირებულია “რწმენით მკურნალობის” ერთ-ერთ კულტთან. კვლევის დაფინანსება (სამ მილიონ ევროზე მეტი) სერალინიმ საფრანგეთში ორგანული საკვების გაყიდვით დაინტერესებული კომპანიებისგან, “ოშანისა” და “კარფურისგან” მიიღო.
რეალური საფრთხეები
სერალინისა და სხვა აქტივისტების აფერისტობის მიუხედავად, არავინ უარყოფს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე იყოს. თუმცა მცდარია დამოკიდებულება, რომელიც თავისთავად სიტყვა “გენმოდიფიცირებულს” აიგივებს განსაკუთრებულ მავნებლობასთან. ტოქსიკური და ალერგენული თვისებები ერთნაირად ახასიათებს ჩვეულებრივ და გმ-საკვებს. მეტიც, ტოქსიკოლოგიაში ცნობილია, რომ არ არსებობს აბსოლუტურად უვნებელი საკვები და ნებისმიერ ნივთიერებას (წყალსაც კი) აქვს თავისი დასაშვები დოზები.
გმ-საკვებთან დაკავშირებით შედარებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისეთი ტოქსიკური თვისებების გაჩენის საშიშროებაა, რომლებიც ტრადიციულ საკვებს არ (ან ნაკლებად) აქვს. თუმცა კომერციული მოხმარების დაწყებამდე, თითოეული გმ-სახეობა ტოქსინების, ალერგენებისა და სხვა კომპონენტების შემცველობის გამოსავლენად ინტენსიურ შემოწმებას გადის. გმ-საკვები წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ პოტენციურად მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ტრადიციული პროდუქტებისას. წესები იმდენად მკაცრია, რომ მთელ მსოფლიოში დღემდე სულ ოცდახუთამდე მცენარეული კულტურის გენმოდიფიცირებული ჯიშებია დამტკიცებული (და არც ერთი – ცხოველის).
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძირითად საფრთხეებად რჩება ის, რასაც გენმოდიფიცირებასთან უშუალო კავშირი არა აქვს. გარდა უშუალოდ საკვებისა, მავნებელი შეიძლება იყოს გარე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მოსავლის აღებამდე ან წარმოების დროს. ამ მხრივ მთელი ყურადღების გმ-ტექნოლოგიებზე გადატანა არა მხოლოდ მცდარი, სახიფათოც კია. შესაძლებელია მივიღოთ, მაგალითად, უხარისხო პესტიციდებით ჭარბად დამუშავებული “ბუნებრივი” ბოსტნეული, რომელიც ბევრად მავნებელია, ვიდრე ნებისმიერი გენმოდიფიცირებული ალტერნატივა.
სარგებელი
გმ-ტექნოლოგიების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ გამოსაყენებელი ჰერბიციდებისა და პესტიციდების რაოდენობის შემცირებაა, რაც მოგებიანია ეკონომიკურადაც და ზოგჯერ “ეკოლოგიურადაც”. მაგრამ არსებობს სრულიად განსხვავებული პროექტებიც: მაგალითად, გენმოდიფიცირების მეშვეობით მიღებულია “ოქროს ბრინჯი”, რომელსაც ჩვეულებრივი ბრინჯისგან განსხვავებით A ვიტამინის მაღალი შემცველობა აქვს. ჩანაფიქრი იმ ასეულობით ათასი ბავშვის გადარჩენაა, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან ვიტამინის ნაკლებობისგან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მიღებულია ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც გარემოს მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა შეუძლია. გამოყენების ფართო სპექტრის გამო, მწარმოებელი კომპანიების გარდა, გმ-ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართული არიან მეცენატებიც — მათ შორის, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.
გმ-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა ერთ სტატიაში არარეალურია: ზოგიერთ საკითხს პირდაპირ სარგებელთან ან ადამიანის ჯანმრთელობასთან კავშირი არც აქვს და უფრო ფილოსოფიურია. ფაქტი ისაა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გმ-ტექნოლოგიები მაინც სწრაფად ვრცელდება. დღეისთვის გმ-პროდუქციას უკვე იმდენად დიდი ადგილი უკავია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია “მწვანე” აქტივიზმმა მისი ბაზრიდან განდევნა მოახერხოს. მეტიც, გარემოს დამცველების ნაწილი სწორედ გენმოდიფიცირების დახმარებით დახვეწილ სოფლის მეურნეობაში ხედავს გარემოს გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებას. ასეთ ფონზე, გმ-ტექნოლოგიებისთვის “დახურული” (ძირითადად, წარუმატებელი) ქვეყნების რიგში ჩადგომა უსარგებლო პოპულიზმს უფრო ჰგავს, ვიდრე იბერიის გაბრწყინების რეცეპტს.
დატოვე კომენტარი