1991-1994: ეკონომიკური კატასტროფა
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის (J. Bradford DeLong, 1997) მი ხედვით, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად გერმანიაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი $6,000-დან $2,500-მდე შემ ცირდა (დაახლოებით 60%-ით). სა ერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 1991 წელს სა ქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი (PPP) $5,550 იყო. 1994 წლის თვის ეს მაჩვენებელი $2,466-მდე (61%-ით) შემ ცირდა. ანუ 90-იანი წლე ბის დასაწყისში საქართველოში შემოსავლების ვარდნა უტოლდებოდა მეორე მსოფლიო ომში განადგურებული გერმანიის მდგომარეობას. 1990-იანი წლების საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. რთულია, გამოყო, რომელი ფაქტორი უფრო დამანგრეველი იყო: სამოქალაქო ომი, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი, კორუფცია, კრიმინალი, საბაზრო ეკონომიკის არცოდნა, ჰიპერინფლაცია თუ ენერგეტიკული კრიზისი.
1995-1997: გამოღვიძების ნიშნები
1995 წლიდან საქართველოში ეკონომიკურმა სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო, მშპ 2.6%-ით გაიზარდა. 1996-1997 წლებში ზრდა 10.6% იყო,რაც განაპირობა შედარებით სტაბილურმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ომის დასრულებამ და 1995 წლის სექტემბერში განხორციელებულმა მონეტარულმა რეფორმამ, როდესაც კუპონი ლარით ჩანაცვლდა. 1995 წელს ჰიპერინფლაციის ტემპი 57%-მდე შემცირდა, ხოლო 1997 წელს უკვე 7.2% იყო. ლარის კურსი დოლარის მიმართ სტაბილური იყო და 1.3-ის ფარგლებში მცირედით მერყეობდა. 1996-1997 წლებში საქართველოს ექსპორტი 57%-ით გაიზარდა.
1997 წელს $243 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) შემოვიდა, როცა 1996 წელს ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონი დოლარი იყო.
1998-2000: აზიის ფინანსური კრიზისი
მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში დაიწყო აზიის ფინანსური კრიზისი, რომელმაც განსაკუთრებით აზიის ქვეყნები დააზარალა, მათ შორის – რუსეთიც. რადგან ამ პერიოდში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების დონე მაღალი იყო, კრიზისმა საქართველოზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
1998-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-მდე დაეცა. ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, ერთი დოლარის ფასი 2 ლარს გადასცდა. წლიური ინფლაციის ტემპი 11%-მდე ამაღლდა.
2001-2003: ზრდის დაჩქარება
აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი თანდათან ამაღლდა. 2003 წელს ეკონომიკა 11.2%-ით გაიზარდა. 2003 წლის მაღალი ზრდა ძირითადად ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის ზრდამ განაპირობა. ასევე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ბაქო- ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას.
2003 წელს ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდ ლარს გადასცდა, ხოლო სახელმწიფო ვალმა 5.4 მილიარდ ლარს (მშპ-ის 63%-ს) მიაღწია.
2003 არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენცია არ გახდა საკმარისი ვარდების რევოლუციის შესაჩერებლად, რადგან რევოლუციის მთავარი ლოზუნგი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მსოფლიო ბანკის 2002 წლის მონაცემებით, საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
2004-2007: სწრაფი ზრდა
2004-2007 წლები მნიშვნელოვანი რეფორმების წლებია. შემცირდა კრიმინალი, კორუფცია. საგრძნობლად შემცირდა ბიზნესის კეთების ხელის შემშლელი რეგულაციები. შემცირდა გადასახადების სახეები და განაკვეთები. ყველაფერი ეს სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში აისახა. ამას ერთვოდა ისიც, რომ მსოფლიოშიც ეკონომიკური ბუმის პერიოდი იდგა.
2004 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელს – 12.6%-ით. თუმცა, მაღალი იყო ინფლაციის ტემპი – წლიურად საშუალოდ 8.4%-ის დონეზე. ბიუჯეტის შემოსავლები 4-ჯერ გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალი 4.3 მილიარდ ლარამდე (მშპ-ის 26%-მდე) შემცირდა.
2007 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმაღლესი მაჩვენებელი – $2 მილიარდი დაფიქსირდა და დღემდე რეკორდად რჩება.
2008-2009: კრიზისი
2008 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. 2008 წლის ბოლოს მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის ზრდა აგვისტოში, რუსეთ- საქართველოს ომის დროს შეჩერდა.
2009 წლიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს $4 მილიარდზე მეტის დახმარება და შეღავათიანი კრედიტები გამოუყო. თუმცა 2009 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – 58%-ით, ექსპორტი – 24%-ით, ქვეყნის ეკონომიკა კი 3.7%-ით შემცირდა.
გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი და აქედან გამომდინარე ქვეყნის სახელმწიფო ვალი. 2 წელიწადში ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა (ნაწილობრივ ლარის გაუფასურების გამო) და მშპ-ის 41%-ს გაუტოლდა. ლარი დოლარის მიმართ 1.8-მდე გაუფასურდა.
2010-2012: კრიზისიდან გამოსვლა
2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა. ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უცხოური დახმარებები და კრედიტები. 2010-2011 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი მაღალი იყო, მთავრობა დეფიციტური ხარჯვით ეკონომიკური ზრდის ტემპს ამაღლებდა. შედეგად, სახელმწიფო ვალი კიდევ 2 მილიარდი ლარით გაიზარდა და 9 მილიარდს გადააჭარბა (თუმცა მშპ-ის მიმართ 35%-მდე შემცირდა). 2010 წელს ინფლაციამ 11.2% შეადგინა, შემდეგ წლებში კი შემცირდა.
ექსპორტი წლიურად საშუალოდ 29%-ით იზრდებოდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელიწადში საშუალოდ $950 მილიონის დონეზე იყო. ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე მაღალი ტემპით მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი იზრდებოდა. შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორი.
2013: ხელისუფლების ცვლილების ეფექტი
2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, შეაჩერა ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, გაურკვეველი იყო, მთავრობა ეკონომიკის განვითარების რა გზას აირ ჩევდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.4%-მდე შემცირდა. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ბალანსი „გაირღვა“. განსაკუთრებით შემცირდა ინფრასტრუქტურული ხარჯები (1.5 მილიარდიდან – 1.1 მილიარდამდე).
2013 წელს, ყველაზე მეტად, 11.3%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორი, რადგან მთავრობამ ხალხს ხვნა-თესვის ვაუჩერები დაურიგა. ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება კი მშენებლობის სექტორში იყო – 10%.
2014-2017: წინ ნელი სვლით
2014-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3.4%- ით იზრდებოდა. 27%-ით შემცირდა საქართველოს ექსპორტი, რაც ძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანში არსებული კრიზისით იყო გამოწვეული. 22%-ით შემცირდა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები. 2014-2016 წლებში დაეცა ტურიზმის ზრდის ტემპიც. შემცირებულმა საგარეო შემოსავლებმა ლარის გაუფასურება გამოიწვია, კურსმა დოლარის მიმართ 2.8-საც კი მიაღწია. ბოლო 4 წელიწადში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.7%-ია. სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 44%-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტი 2014 წელს იყო – $1.8 მილიარდი. მომდევნო წლებში კი საშუალოდ $1.6 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა.
2017 წელს ეკონომიკის 4-4.5%-ით ზრდაა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზრდას ემყარება. ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 10,000 PPP დოლარს გადასცდება.