საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას მიიჩნევს, 2017 წელს პროგრამის მთავარი პრინციპი – საყოველთაობა – მიზნობრივი მიდგომით ჩაანაცვლა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე აღარ ვრცელდება. ამასთან პროგრამაში შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები გაჩნდა. ჯანმრთელობის დაზღვევის შედარებით სრული პაკეტით მხოლოდ მიზნობრივი და მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ.
აღნიშნული ცვლილებების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის შექმნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მაინც ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას. მსგავსად წინა წლებისა, 2017 წელსაც პროგრამის ბიუჯეტი არასაკმარისი აღმოჩნდა.
2013 წლამდე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც ჯანდაცვაზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი. ესენი იყვნენ: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, შშმ ბავშვები და სხვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის კერძო სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიზანი სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა და ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირება იყო. პროგრამამ გარკვეულწილად უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა. თუმცა ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები პრაქტიკულად არ შემცირდა, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებდა, მაშინ როდესაც ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები
2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა, ის კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებზე არ ვრცელდებოდა. თუმცა შემდგომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებმა კერძო კომპანიებისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ე.წ. “დაშენებული” პაკეტების შესყიდვა დაიწყეს, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვა არ დაუწესებია. 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ბაზების განახლება დაიწყო, და ის მოქალაქეები, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღო.
2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. მოგვიანებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტიც დაემატა, თუმცა ის მხოლოდ მცირე ჯგუფს შეეხო.
მიზნობრივ ჯგუფებს (სოციალურად დაუცველებს, ასაკით პენსიონერებს, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს, ვეტერანებს) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს დამატებით კერძო დაზღვევის ქონის უფლება არ შეეზღუდათ.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები და 6-დან 18 წლამდე ასაკის პირები საბაზისო პაკეტით სარგებლობენ (გარდა იმ პირებისა, ვინც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდა). საბაზისო პაკეტი გადაუდებელ შემთხვევებში 100%-იან დაფინანსებას, ხოლო გეგმური ქირურგიული და რიგი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კატეგორიას დამატებით კერძო დაზღვევით შეუძლია ისარგებლოს, თუ დაზღვევის პაკეტი 2017 წლის 1 იან ვრის შემდეგ შეიძინა.
დანარჩენი მოქალაქეებისთვის მათი პირადი შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები მოქმედებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საყოველთაო მხოლოდ მშობიარობის (500 ლარის ფარგლებში) და საკეისრო კვეთის (800 ლარის ფარგლებში) დაფინანსება დარჩა, რომელიც ყველას ერთნაირად უფინანსდება, მათ შორის – მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც.
მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები
საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება. თუმცა მათ უნარჩუნდებათ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები
იმ მოქალაქეებზე, რომელთა შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე მეტი, მაგრამ წელიწადში 40 000 ლარზე ნაკლებია, და რომლებიც კერძო დაზღვევით არ სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტი ვრცელდება. მათ არ უფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. უფინანსდებათ:
• ოჯახის ექიმის მომსახურება და პროფილაქტიკური აცრები
• გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება 90%-ით
• გეგმური ქირურგიული ოპერაციები, თუ ასანაზღაურებელი თანხა 1000 ლარზე მეტია. პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა) იხდის
• ნაწილობრივ უფინანსდებათ ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია)
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები
მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, თუმცა აქვთ დაბალი შემოსავლები (ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები), თვითდასაქმებულები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ. კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში კი მხოლოდ გადაუდებელი მომსახურების ანაზღაურება უნარჩუნდებათ.
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უფინანსდებათ:
• გეგმური ამბულატორიული მომსახურება – 70%-ით და რიგ შემთხვევებში 100%-ით
• გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 50%-ით
• გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება – 100%-ით
• ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა – 80%-ით
• ქირურგიული ოპერაციები, თუ ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარზე მეტია, პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა) იხდის.
მედიკამენტების დაფინანსება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას ძირითად შემთხვევაში არ ითვალისწინებს. მინიმალურად სამკურნალო საშუალებების ხარჯები (განსაზღვრული ნუსხის მიხედვით) უფინანსდებათ:
• სოციალურად დაუცველებს, 0-დან 6-წლამდე ბავშვებს და ვეტერანებს – წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50%-ით
• სოციალურად დაუცველ პენსიონერებს – წლიური ლიმიტის 200 ლარის ფარგლებში 50%-ით
• შშმ ბავშვებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებსა და პენსიონერებს – წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ით
აღნიშნული ჯგუფები, გარდა ვეტერანებისა, ამ მცირე შეღავათით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე და მასთან მიერთებამდეც სარგებლობდნენ.
2017 წლის ივლისიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ (100 000 სარეიტინგო ქულის მქონე) პირებს შეეხო. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება, ჯამში – 23 დასახელების მედიკამენტი. აფთიაქებში აღნიშნული მედიკამენტების ფასი საშუალოდ 5 ლარიდან 27 ლარამდე მერყეობს. თუმცა არის რამდენიმე დასახელების შედარებით ძვირად ღირებული მედიკამენტიც.
მედიკამენტების შესაძენად ტენდერი სოციალური მომსახურების სააგენტომ აპრილში გამოაცხადა. რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. პროგრამის ამოქმედების დროისთვის მხოლოდ 13 დასახელების მედიკამენტის გაცემა იყო შესაძლებელი, ეტაპობრივად დაემატა დანარჩენი მედიკამენტებიც. 2017 წლის ბოლო მონაცემებით კი 23 დასახელების მედიკამენტიდან 22 დასახელების მედიკამენტი გაიცემა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა პროგრამაზე რეალურად 2 686 ათასი ლარი გაიხარჯა. 2018 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხები 2017 წელსაც დააკლდა
სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას, რასაც ადასტურებს გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველ- წლიურად იზრდება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმარისი არც ერთხელ არ აღმოჩნდა. წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დასაფარად ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება ხდება საჭირო.
2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 660 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა პროგრამის რეალურმა ხარჯმა 710 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს კი პროგრამის ბიუჯეტი 704 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც, აქედანვე ცხადია, საკმარისი არ იქნება.
ჯანდაცვის დანახარჯები მოსახლეობასაც ეზრდება. Unicef-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში 7%-დან 8.1%-მდე გაიზარდა. მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ძირითადი მიზეზი მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებია. მედიკამენტების ხარჯების წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში დაახლოებით 50%-ია, ამასთან წამლებზე ფასები მუდმივად იზრდება. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ მცირე ჯგუფს (ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველებს) შეუმცირებს ხარჯებს.
განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ეფექტიანი საყოველთაო ჯანდაცვისთვის ქვეყანას სათანადო რესურსი არა აქვს, შესაბამისად, გარდაუვალი და სწორი გამოსავალი იყო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, რეალურად მიზნობრივ დაფინანსებაზე გადასვლა. თუმცა ხელისუფლება მაინც ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პროგრამის ერთ- ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს და არ არსებობს შუამავალი რგოლი. პროგრამის ხარჯების სწორად დაგეგმვისა და ხარჯთეფექტიანობის ზრდისთვის, სწორი ნაბიჯი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში შუამავალ რგოლად კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა იქნება.
დატოვე კომენტარი