2013 წლის თებერვლის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება – პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში გაურკვეველი ვადით გადაედო. პრეზიდენტმა მიმართვის გაკეთება მაინც მოინდომა და მისი გამოსვლა 8 თებერვალს, თბილისში, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარლამენტის ბიბლიოთეკაში დაიგეგმა. მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მიწვეული იყო “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც.
პრეზიდენტის გამოსვლა 6 საათზე იყო დაგეგმილი. ადგილზე სხვებთან ერთად “ტაბულას” ჟურნალისტი სალომე უგულავა მუშაობდა. დილიდანვე ნათელი გახდა, რომ პარლამენტის ბიბლიოთეკასთან დაძაბულობა მწიფდებოდა. უმრავლესობის მიერ პოლიტიკური პატიმრის სტატუსმინიჭებული ადამიანები პარტიის წევრებთან ანგარისწორებას აპირებდნენ.
“ახალ ამბებს გადავხედე და ვიფიქრე – თუ კვერცხი უნდა მომხვდეს, ჯობს ფორმაში დავხვდე. ამიტომ საგულდაგულოდ მოვემზადე, გავიკეთე მაკიაჟი, წავისვი წითელი პომადა, ჩავჯექი მანქანაში და ბიბლიოთეკისკენ დავიძარი – მარტო! შუა გზაში სალომემ დამირეკა, აღელვებული იყო, მითხრა, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია, რომ ცოცხმომარჯვებული ადამიანები ძალიან აგრესიულები არიან და ძალადობას არ ერიდებიან. შფოთავდა, მეუბნებოდა, რომ ჩემი მისვლა მიზანშეწონილი არ არის. გიგას გადავურეკე, რომელმაც არც იცოდა, საჯაროში მისვლას თუ ვაპირებდი და მთხოვა მასთან შემევლო”.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ჯერ კიდევ მსჯელობდნენ – “ერთი მხრივ, ჩანდა, რომ ძალადობრივი სცენარი გარდაუვალი იყო, თვითმხილველებისგან ვიცოდით, რომ პოლიცია სრულ უმოქმედობას იჩენდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალადობის მაპროვოცირებლად ნაციონალური მოძრაობა არ გამოჩენილიყო, მეორე მხრივ – არმისვლაც არ შეიძლებოდა. გამოვიდოდა, რომ მთავრობის მიერ ორკესტრირებულ ორას ადამიანს შეეძლო საქართველოს პრეზიდენტის, მისი თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების გეგმები შეეცვალა, რაც, ცხადია, მიუღებელი იყო. თუ ჩხუბია, ჩხუბი იყოს – ვფიქრობდი ჩემთვის. ისე მოხდა, რომ პარტიის გადაწყვეტილება ჩემს მოსაზრებას დაემთხვა. გიგამ თავიდან სცადა ეთქვა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ასე აღმოვჩნდი საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე”.
თუმცა წასვლამდე, გიგას კაბინეტში, გარდაუვალი შეხლა–შემოხლის მოლოდინში, თამარმა თვალი მოავლო მის თაროზე შემოწყობილ ნივთებს. “თავდაცვა ხომ ჩემი კონსტიტუციური უფლებაა” – მეუბნება სიცილით. თაროებზე უცხოელი კოლეგების მიერ ნაჩუქარი სუვენირები ელაგა: მინიატურული კაპიტოლიუმი, ლითონის ბიგ ბენი… თამარმა თავდაცვის იარაღად ბროლის პარალელეპიპედში მოთავსებული ბუნდესტაგის შენობა შეარჩია და ჩანთაში ჩაიდო. “ისე ავიღე, რომ გიგას არ დაუნახავს, მერე ვაჩვენე, როცა ყველაფერი დამთავრდა – ამბივალენტური რეაქცია ჰქონდა”.
ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები ყველამ, ან ბევრმა, ნახა ტელევიზიით. ოღონდ იქ მე არ დამინახავს, რომ თურმე ჩოჩქოლში თამარმა გიგა დაკარგა, ხოლო მის ძებნაში – სხვა მეგზურებიც და მარტო აღმოჩნდა გაავებული ადამიანების პირისპირ, ასე 23 მეტრის დისტანციაზე. “დასისხლიანებული ჩიორა კი გამახსენდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ცხვირი ავწიე, წელში გავიმართე, ცალი ხელით გიგას ვურეკავდი, რომ მეთქვა – ცოცხალი და მთელი ვარ, მეორე ხელით ჩანთაში ბროლის ბუნდესტაგი ჩავბღუჯე, რომ თავდასხმის შემთხვევაში “დანიშნულებისამებრ” გამომეყენებინა”. გაავებული ადამიანები მიშტერებოდნენ, მაგრამ არავინ დაძრულა. მას შემდეგ, რაც გიგას ადგილსამყოფელი გაარკვია, რკალი მშვიდად გაარღვია. ბროლის ბუნდესტაგი ჩანთაში დარჩა.
“ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ მაწანწალა ძაღლი მაშინ გერჩის, თუ იგრძნობს, რომ გეშინია”, – მეუბნება ნახევრად ხუმრობით. მიაჩნია, რომ ადამიანებსაც ახასიათებთ მსგავსი რამ. თუ მაგრად დადგები, თავდასხმის შანსი მცირდება.
რამდენიმე დღეში თამარი 8 თებერვლის მოვლენებს ასე აღწერს სტატიაში, რომელიც, ცხადია, “ტაბულაში” გამოქვეყნდა: “ცა ცისფერია, ბალახი – მწვანე, სახელმწიფოდ კი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოება, თუ მისით დასახლებულ ტერიტორიაზე ძალადობის ლეგიტიმაციის წყარო ექსკლუზიურად სახელმწიფოა. ცხადია, ლეგიტიმური ძალადობის ძირითადი ინსტრუმენტები პოლიცია და ჯარია….. სახელმწიფოს მიერ ძალადობაზე მონოპოლიის დაკარგვის ტენდენცია ბევრად სახიფათოა, ვიდრე თავად სახელმწიფო ძალადობა, ანუ ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი პირველ ოქტომბერს გაექცა”.
მე “ფორბსისთვის” ვწერ. “ფორბსი” – წარმატებულ ადამიანებზე. ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როდესაც ვწერთ იმ წარმატებულ ადამიანზე, ვინც საკუთარი თავის დაცვა არა პოლიციას, არამედ ხელში შემთხვევით მოგდებულ ბროლის სუვენირს მიანდო.
ხუთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. მთელ საუბარს ლაიტმოტივად მამის თემა მიჰყვება. ეტყობა, რომ ოჯახს, სადაც გაიზარდა, დიდ პატივს სცემს, მაგრამ მამას მაინც განსაკუთრებულად ახსენებს. “ხასიათით ვგავარ ძალიან! და ამაზე გიგაც ბევრს ხუმრობს”.
ბებია, რომელიც უკვე 14 წელია, რაც გარდაიცვალა და ყველაზე მეტად ენატრება – ოსი იყო. “თბილისში დაიბადა, მთაწმინდაზე, ათარბეგოვის ქუჩაზე გაიზარდა და პირველი სკოლა დაამთავრა. შოვინიზმით გაჯერებულ ყოფაში, სადაც თითქმის ყველა ცდილობდა “ქართველი” ყოფილიყო და განსხვავებულ ეთნიკურ წარმომავლობას მალავდა, ბებიაჩემი – ეკითხებოდნენ, თუ არა – ყველგან ხმამაღლა და ამაყად აცხადებდა რომ ოსია, თითქოს ამით გამოწვევას უგდებდა საზოგადოებას”.
ანტისაბჭოთა ატმოსფეროში ჩამოყალიბდა. იცოდა, რომ საბჭოთა ნაკრებისთვის არასოდეს უნდა ეგულშემატკივრა. ისიც იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტება იყო და სადღაც თავისუფალი სამყარო ეგულებოდა, რომლის სიმბოლოც თავისუფლების ქანდაკება იყო. “ერთხელ, მახსოვს, დედაჩემს ვეჯექი კალთაში, ტროლეიბუსით მივდიოდით სახლში, ჩავიარეთ ფილარმონიასთან, რომლის გვერდზეც ბრეჟნევის ბანერი იყო გამოკრული. სამი ან ოთხი წლის ვიყავი – ალბათ სადღაც მქონდა გაგონილი და ხმამაღლა დავიყვირე, რომ ბანერზე გამოსახული კაცი მაიმუნს ჰგავს. დედამ პირზე ხელი ამაფარა. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი – რატომ”.
ფიქრობს, მისი ოჯახი გარკვეულწილად პროტესტანტული ეთიკის ნიშნებს ატარებს, რაც შრომასა და ფულთან დამოკიდებულებაში გამოიხატება – “ყველა ცდილობდა, თავისი შემოსავალი ჰქონოდა, თავისი წვლილი შეეტანა ოჯახის კეთილდღეობაში, ერთიმეორის კმაყოფაზე არ ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ენანებოდათ, მშობლებისთვის ფულის თხოვნა ყოველთვის უხერხულობას მიქმნიდა. ამიტომ ჯიბის ფულს ერთსა და იმავე ადგილას მიტოვებდნენ და იქიდან ვიღებდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მამაჩემი გეოფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, დედაჩემი გამოთვლით ცენტრში, ბაბუა გეოლოგი იყო, ბებიაჩემს სახელმწიფო სამსახურები ეზიზღებოდა – ვერსად ვერ გაძლო, ამბობდა, რომ ყველგან ყველა ყველაფერს იპარავს – ამიტომ სახლში კერავდა; ძალიან კარგი გემოვნება და ხელი ჰქონდა და ბევრი კლიენტი ჰყავდა”.
90იანებში, როცა ყველას გაუჭირდა, ისინიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. სამეცნიერო ინსტიტუტებს სახელმწიფო ვეღარ ინახავდა. მამამისს გეოფიზიკის ინსტიტუტში ხელფასს აღარ უხდიდნენ. კომუნალური სერვისები მოიშალა – შესაბამისად, საბინაო სამმართველოსა და “თელასის” გამოთვლითი ცენტრიც უფუნქციოდ დარჩა, ხოლო დედა – უხელფასოდ. “თუმცა ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მალევე შეძლეს – დედა რამდენიმე თვე ერთერთი ამერიკული ორგანიზაციის უცხოელი თანამშრომლის დამლაგებლად მუშაობდა, ნამცხვრებსაც აცხობდა. მამასაც მოუწია პროფესიის გამოცვლა. “არანაირი შრომა არ არის სათაკილო, სირცხვილი სხვის კმაყოფაზე ყოფნა და ქურდობაა – ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ თავად და მე და ჩემს დებსაც ასე გვზრდიდნენ. ფული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თავისუფლებას მანიჭებს, როცა ღირსეული შემოსავალი მაქვს, შემიძლია უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე ვიფიქრო”.
1996 წელს, 20 წლის ასაკში, განაცხადი შეაქვს ორ ვაკანსიაზე – ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” (სოროსის ფონდი) და გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიაში (UMCOR). ფონდში გასაუბრებაზევე სთავაზობენ სამსახურს, ნახევარ განაკვეთზე მუშაობაში 120 დოლარს უხდიან. თამარი თანხმდება, ოღონდ იმასაც ატყობინებს, რომ რამდენიმე დღეში სხვა ორგანიზაციიდანაც ელის პასუხს. მეორე დღეს იგებს, რომ UMCORიც თანახმაა მასთან თანამშრომლობაზე და ეს არჩია. “395 დოლარი რომ მითხრეს, დავიბენი და ზემო ვაკიდან, აბაშელის ქუჩიდან დიდუბემდე ფეხით ისე მივედი, ვერც მივხვდი. 400 დოლარი 1996 წელს ძალიან დიდი ფული იყო. დედაჩემს 10 დოლარად მთელი დეზერტირების ბაზარი მოჰქონდა სახლში. უცებ მივხვდი, რომ ყველა პირველადი მნიშვნელობის პრობლემა მოგვარდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან კარგი შეგრძნება იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 20 წლის ვიყავი და ჯერ ყველაფერი წინ მქონდა”.
თუმცა UMCORი არ იყო თამარის პირველი სამსახური, მანამდე “ალდაგში” მუშაობდა უხელფასოდ; თვლიდა, რომ ხელფასიანი სამსახურის პოვნაში დაეხმარეობდა. პარალელურად სამი მოწაფე ჰყავდა ინგლისურში, რომელთა მშობლებიც ჯამში 50 დოლარს უხდიდნენ თვეში. ინგლისურზე კერძო მასწავლებელთან დადიოდა პატარა ასაკიდან და თვლის, რომ დღეს ქართულივით იცის. ფრანგული – უარესად, რუსულივით.
“კიდევ ერთი მოსწავლე მყავდა, იმას მარტო ინგლისურს კი არა, ზოგადად, საშინაო დავალების მომზადებაში ვეხმარებოდი. სამეგრელოდან იყვნენ წამოსულები, სამოქალაქო ომს გამოექცნენ. შეძლებული ოჯახი იყო. მამა მოსკოვში მუშაობდა. მაშინ პური ჭირდა. უზარმაზარი რიგები იყო. მე რიგში დგომა არ მინდოდა, არც პურისთვის ჩხუბის ყურება, ამიტომ პურს რაღაც პერიოდი საერთოდ არ ვჭამდი. ჩემი მოსწავლის დედა ძალიან მაგარ პურს აცხობდა სახლში და მატანდა ხოლმე. ასე მოვაგვარე პურის პრობლემა”, – იხსენებს ღიმილით.
UMCORში წელიწადზე მეტხანს იმუშავა ოფისის ასისტენტის პოსტზე. ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა და უფრო საინტერესო სამსახურის ძებნა დაიწყო. თანაც UMCORში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალი დირექტორი არ მოსწონდა. “საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობარი გადავშალე და პირველივე ორგანიზაციაში დავრეკე – American Bar Association – ამერიკის იურისტთა ასოციაციაში. ვაკანსია რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ ამერიკელი იურისტისთვის თანაშემწეს ეძებდნენ. იმავე დღეს მოვხვდი გასაუბრებაზე. მიმაჩნია, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო. გავიცანი ჩემი და საქართველოს დიდი მეგობარი, ბარბარა სვანი, რომელმაც საუბრის დაწყებიდან ორ წუთში შემომთავაზა სამსახური. ვფიქრობ, ჩემი მუშაობის კულტურაზე ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენა ბარბარამ მოახდინა. უნივერსიტეტში ნამდვილად არ მიმიღია იმდენი ცოდნა, რაც მასთან მუშაობის პროცესში მივიღე”.
მალევე დაწინაურდა – სამ თვეში პროექტის კოორდინატორი გახდა.
ამერიკის იურისტთა ასოციაციაში თითქმის ორი წელი გაატარა. ეს განსაკუთრებული პერიოდია მის ცხოვრებაში – პოლიტიკას პირველად ABAში შეეხო – “ჩემი პირველი დავალება მიშა სააკაშვილთან შეხვედრის დანიშვნა იყო. გაგონილი მქონდა მის შესახებ, ბებიაჩემს მოსწონდა, მაგრამ 1997 წლის ოქტომბრამდე თვალით არ მყავდა ნანახი. შეხვედრაზე ბარბარასთან, ამერიკის საელჩოსა და USAIDის წარმომადგენლებთან ერთად მივედი, უცნაური და ძალიან მხიარული ადამიანი დამხვდა, ვარდისფერი პერანგით, აჩეჩილი თმით, რომელსაც საუბრის განმავლობაში კიდევ უფრო იწეწავდა ხელებით. სამართლებრივ რეფორმაზე საუბრობდნენ, არსი დიდად არ მესმოდა – მეორე თუ მესამე დღე იყო ახალ პოსტზე. რომ გამოვედით, ბარბარას ვკითხე, ვინ იყო ეს უცნაური არსება და რას წარმოადგენდა. პასუხად მივიღე, რომ ის შესაძლოა ჩემი მომავალი პრეზიდენტია. იგივე 2001 წელს გიგამ გაუმეორა, არასერიოზულად მიიჩნია, დანაძლევდნენ – წააგო.
“ძალიან მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და იმიტომ – სასამართლო რეფორმა, სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობა, მედია, კონფერენციები გუდაურში”. ABAში მუშაობის დროსვე გაიცნო გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე, დათო უსუფაშვილი, მინდია უგრეხელიძე, ნუგზარ საჯაია, ზურაბ ჟვანია – მოკლედ ყველა, ვინც იმ დროის და არა მხოლოდ იმ დროის საქართველოს პოლიტიკას ქმნიდა. “გიგა პირველად კონფერენციაზე ვნახე, 1997 წელს, ვიღაცას ეკამათებოდა. მონუსხული ვუსმენდი – ძალიან შთამბეჭდავი იყო. როგორც გაირკვა, არც მას დავრჩი ყურადღების მიღმა. სადილად დამპატიჟა, დავთანხმდი – დააგვიანა და არ დაველოდე. მერე თავიდან დამპატიჟა – ისევ დააგვიანა და ისევ არ დაველოდე, თან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი – უბრალოდ დროის აღქმა არა აქვს და მისი დაგვიანება ისეთივე ნორმაა, როგორც ის, რომ დილით მზე ამოდის, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობისგან მხოლოდ მეგობრობა გამოვიდა”.
1999 წელს ABAდანაც წამოვიდა, ბარბარა ამერიკაში დაბრუნდა, მის შემცვლელთან მუშაობა კი არ მოისურვა. უმუშევრობის ორი კვირა სამოგზაუროდ გამოიყენა. ამსტერდამიდან ახალ დაბრუნებულს ბებიამ პურის ყიდვა სთხოვა – “ქუჩაში რომ გამოვედი, გოგონა შემხვდა, ხელში CV ეჭირა; “თელასი” სად არისო – მკითხა. ეს ის პერიოდია, “თელასი” რომ AESმა იყიდა. მივხვდი, რომ ვაკანსიები იყო. ცხადია, გოგონას მივასწავლე გზა, თავად სახლში ავბრუნდი, გამოვიცვალე, CV ავიღე და “თელასში” გადავედი – პირდაპირ ცხოვრობენ ჩემი მშობლები. მივედი, გავესაუბრე AESის ამერიკელ თანამშრომელს და იმ დღესვე ამიყვანეს. ძალიან მაღალი ხელფასი, 800 დოლარი შემომთავაზეს, ზუსტად იმდენივე, რაც ABAდან წამოსვლის დროს მქონდა”.
“თელასზე” საუბრისას პოზიციასაც ვერ იხსენებს. ეტყობა, რომ არ აინტერესებდა, რასაც აკეთებდა. ქაოსი და შენობაში გამჯდარი შარდის სუნი ახსოვს. როგორც თავად ხსნის, ხელფასის გამო მუშაობდა, პარალელურად სხვა სამსახურს ეძებდა, თან თარგმანის შეკვეთებს იღებდა და სახლშიც მუშაობდა. “სწრაფად ვთარგმნიდი, დღეში 10 გვერდს. ერთ გვერდში 10 დოლარს იხდიდნენ, თუ სასწრაფო იყო, მეტს – 14 დოლარს. სინქრონულ თარგმანსაც ვაკეთებდი – საათში 100 დოლარი ღირდა”.
თავის უნარებზე საუბარს გვერდს უვლის და ენერგიულად მიხსნის, რომ მთავარი შრომისმოყვარეობაა. შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა. “რატომ ვერ უნდა შეძლო?” – ეუბნებოდა მამა ბავშვობიდან. და მანაც იცოდა, რომ შეუძლია. მე იშვიათად მინახავს თავის შესაძლებლობებში და თავის სიმართლეში ასე დარწმუნებული ადამიანი.
1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა. გამოცხადდა კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ოჯახის ახლობელმა დაურეკა – ძველ, გადაგდებულ გაზეთში ვაკანსია უნახავს სტრასბურგში. საბუთების გაგზავნის ვადა გადაცილებული იყო. დარეკა ევროსაბჭოში და ნება დართეს საბუთები მაინც გაეგზავნა. 9 სხვა კანდიდატთან ერთად 2000 წლის მარტში გასაუბრებაზე გაემგზავრა, სადაც უთხრეს შენო, არსებული პოზიციისთვის (სასამართლოში ადმინისტრაციული თანაშემწე) ზედმეტად კვალიფიციური (overqualified) ხარო. თამარს უხუმრია – ფრთხილად იყავით, ნაკლებკვალიფიციური (underqualified) არ აიყვანოთ შემთხვევითო – და თბილისში გამობრუნდა, პრაქტიკულად უიმედოდ. ორ დღეში დაურეკეს სტრასბურგიდან: მიგიღეთ და პირველ ივნისს აქ უნდა იყოო.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუკზე:
(საერთოდ, ვერ წარმომედგინა, ამ ადამიანს თუ რაიმეზე შეეძლო მკაფიო მოსაზრება არ ჰქონოდა ჩამოყალიბებული.)
ამბობს, რომ არც ერთი ფეხმძიმობა დაგეგმილი არ ჰქონია. სხვა გეგმები ჰქონდა. პირველი შვილი – კატო – 1997 წლის იანვარში გაჩნდა. მეორე – კესო – 2006 წლის მაისში. უხარია, რომ თავის პირველ მეუღლესთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს თვითონაც და კატოსაც. გიგა ბოკერიასთან 2006 წელს იქორწინა ხანგრძლივი მეგობრობის შემდეგ. დღესაც მიაჩნია, რომ გიგა პირველ რიგში მისი მეგობარია და შემდეგ – ქმარი.
თამარ ჩერგოლეიშვილმა სტრასბურგში თან 3 წლის შვილი და 13 წლით უმცროსი და ნინო წაიყვანა. “ვინ ვის უვლიდა, ვერ გაიგებდი”, – მეუბნება.
წარმოიდგინეთ ჩრდილოაღმოსავლეთ საფრანგეთის კოხტა, მყუდრო ქალაქი, დაუძაბავი და მშვიდი ატმოსფერო. ამას დაურთეთ მაღალი ანაზღაურება – დაახლოებით 4 000 ევრო და ახალგაზრდული სულისკვეთება. თამარმა სტრასბურგში 6 წელი გაატარა, ფრანგული ისწავლა, რომლის არცოდნაც თავიდან გარემოსთან სრულ ადაპტაციაში ხელს უშლიდა, ევროსაბჭოში პოზიცია გაიუმჯობესა. თუმცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ ინტერესი არ განელებია. მუდმივი კონტაქტი ჰქონდა სტრასბურგში ინტენსიურად მოსიარულე ქართველ პოლიტიკოსებთან, რომელთა ნაწილთან ისედაც მეგობრობა აკავშირებდა.
იხსენებს, როგორ გაასინჯა სტრასბურგში ჩასულ ზურაბ ჟვანიას მარიხუანა. “ზურა ჩემი სახლის გვერდით ჩერდებოდა ხოლმე, სასტუმროში, საღამოობით ჩემთან გადმოდიოდა, ჩაის სვამდა და მესაუბრებოდა. ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო – მსიამოვნებდა მასთან ერთად ჩაის სმის პროცესი. ერთხელ დაჟინებით გამომკითხა, რას ვაკეთებდი პიკნიკზე, მის ოპერატორთან ერთად რომ მოვეფარე თვალს. ხომ არ მოვატყუებდი – ვუთხარი, რომ მარიხუანა მოვწიე და ზრდილობის გამო ვკითხე, თვითონაც ხომ არ უნდოდა. ეგრევე დამთანხმდა, ბავშვობას გავიხსენებო – მითხრა”.
ეს ის პერიოდია, როდესაც ზურაბ ჟვანიასა შევარდნაძეს შორის კონფლიქტი გამძაფრდა და ჟვანია ოპოზიციაში გადავიდა. “მეორე დღეს გამოვართვი ჩემს მეგობარს ბალახი, გავაკეთე და მივეცი. ზურამ გააბოლა და მიმტკიცებდა, რომ არაფრად არ ვარგა. კი ვუხსნიდი, ბნო ზურა, ძალიან ნუ გაუთამამდებითმეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და ბოლოს გამომიცხადა, ახლა მე ცუდად ვარ და სასწრაფოს გამოუძახეო. სასტიკი უარი ვტკიცე. ვიცოდი, რომ მარიხუანისგან არაფერი დაემართებოდა. სწორადაც მოვიქეცი – ცოტა ხანში კარგად გახდა, დილის 6 საათამდე მაცინა, ძირითადად შევარდნაძეზე. თვითონაც გულიანად იცინა. კარგი იყო”.
მიაჩნია, რომ დღევანდელ დღეს ბალახის მოწევისთვის ადამიანის დაჭერა იმას ნიშნავს, რომ ევროპა არ ხარ – “წინა მთავრობასაც იმავეს ვუმტკიცებდი გაშმაგებით, მაგრამ ვერაფერს გავხდი”.
2006 წელს თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისში ჩამოვიდა ხანგრძლივი მივლინებით – ევროპის საბჭოს სამართლებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მისი მისია იყო საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ეკონომიკური დანაშაულის, ადამიანის უფლებების, მედიისა და სისხლის სამართლის მიმართულებით. მისი უშუალო მონაწილეობით დაიწერა ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სტალინური რეპრესიების დროს მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის კანონი, მაუწყებელთა ეთიკის კოდექსი, ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს კონვენციას კიბერნეტიკული დანაშაულის შესახებ. ის აქტიურად მონაწილეობდა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსისა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. 2006 – 2010 წლებში მისი ხელფასი 9 000 ევროს შეადგენდა.
2009 წლის ბოლოს მომწიფდა “ტაბულას” დაფუძნების იდეა. 2010 წელს სამწლიანი უხელფასო შვებულება აიღო ევროპის საბჭოდან და “ტაბულას” კეთებას შეუდგა ლევან რამიშვილთან ერთად.
მემარჯვენე ცენტრისტული ჟურნალის შექმნის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ძირითადად მემარცხენე პოზიციიდან აკრიტიკებდნენ, რაც ხელისუფლებას მემარცხენე (პოპულისტური) ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებდა. ეს მასა და მის თანამოაზრეებს ძალიან აშფოთებდა. მემარჯვენე ფლანგის ხმა არ ისმოდა. ზოგადად მიიჩნევს, რომ მემარცხენეობა იოლია, ეს განაპირობებს მის პოპულარობასაც. იოლია თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა გაჭამოს, გასვას, გიპოვოს სამსახური, მოილაპარაკოს შენ ნაცვლად შენს დამსაქმებელთან, გიმკურნალოს. “ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფიქრი ეზარება და ვერ ხვდება, რომ ყველა ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური პროექტი სხვისი, ანუ გადასახადის გადამხდელის ფულით კეთდება, ფულს კი ერთი ცუდი თვისება აქვს – თავდება”.
ერთი სიტყვით, 2009 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძის, ლადო გურგენიძისა და დავით კეზერაშვილის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა ჟურნალი “ტაბულა”. მას უმალ მიჰყვა ვებგვერდი “ტაბულა”, რომელიც დღეს უკვე ძალიან პოპულარულია, ხოლო 2012 წლის ბოლოს საცდელი მაუწყებლობა დაიწყო ტელევიზიამაც.
“თავიდანვე “ტაბულამ” The Economistის სტრატეგია აირჩია – მას მკაფიო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და მკითხველს პროფესიული სტანდარტების დაცვას, ფაქტებზე დამყარებულ ანალიზს და კონკრეტულ პოზიციას სთავაზობს – ჩვენი ჟურნალი მხარს უჭერს პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალ ბაზარს, პატარა მთავრობას, სეკულარულ სახელმწიფო მოწყობას, დასავლეთში ინტეგრაციას როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიას. არსებული პოლიტიკური ძალებიდან ყველაზე მეტად მმართველი პარტიის (იგულისხმება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, ავტორი) ხედვას იზიარებს – თუმცა არ მოსწონს ხელისუფლების ხარჯვითი პოლიტიკა, სკეპტიკურადაა განწყობილი ბოლო დროს განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მიმართ, არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს, უკმაყოფილოა ხელისუფლებისა და მოსახლეობის კომუნიკაციის ხარისხით”, – წერდა ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” დაფუძნებიდან მალევე, 2011 წელს.
ამჟამად “ტაბულას” საერთო წლიური ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი დოლარია და მასში 70 ადამიანი მუშაობს. თამარის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე მისი ბოლო ხელფასი ევროპის საბჭოში. პრობლემა ბევრია – “ვინც ფინანსურად გვეხმარებოდა, ხელისუფლება ყველას ერჩის, ყველას მიმართ რაღაც სახის გამოძიება მიმდინარეობს, რაც, ცხადია, ჩვენი მედიის არსებობასა და განვითარებას ართულებს. თუმცა არა უშავს, ჩვენ ამას გამოწვევად ვიღებთ, რომელსაც ადრე თუ გვიან დავძლევთ, ცხადია, მკითხველის, მაყურებლისა და გულშემატკივრების დახმარებით”, – ამბობს თამარი.
ამ ეტაპზე “ტაბულა” თითქმის მთლიანად დოტაციურია. “ეს გასაკვირი არ არის – ძალიან სწრაფად გავფართოვდით, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები რომ არა, ვფიქრობ, უფრო მოკლე დროში მივაღწევდით ფინანსურ მდგრადობას, ვიდრე ახლა, როდესაც გულშემატკივარ ბიზნესმენებს ურჩევნიათ ინკოგნიტოდ დაგვეხმარონ, ვიდრე რეკლამა განათავსონ. ვერც გავამტყუნებ – საგადასახადო ორგანოების თავგასულობა ჩვენს ქვეყანაში ახალი ხილი არ არის. თუმცა ვთვლი, რომ ეს ვითარება შეიცვლება. ჩვენ არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი აუდიტორია გვყავს, საშუალოზე მეტად განათლებული ადამიანები, opinionmakerები, ჩვენი აუდიტორია ბიზნესს არანაკლებ სჭირდება, ვიდრე ხელისუფლების კეთილგანწყობა. თუ სწორად ვიმუშავებთ, ბიზნესი ამას მალე მიხვდება”.
სანამ მდგომარეობა გამოსწორდება, მანამდე ჟურნალს აჩერებს და რესურსის მობილიზებას ტელევიზიის მიმართულებით ახდენს – დასანანია, მაგრამ ამ პირობებში სხვა გამოსავალი არა აქვს, მით უმეტეს, როცა ავტორებისა და მკითხველის შენარჩუნება ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია – “ჯერჯერობით ჩვენი ყველაზე წარმატებული პროდუქტი ვებია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არც საინფორმაციო სააგენტო ვართ და არც ყვითელ, სენსაციაზე ორიენტირებულ მასალას ვაქვეყნებთ, ნახევარ მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი გვყავს. ეს ძალიან მაღალი რიცხვია საქართველოს ზომის ქვეყანაში სერიოზული, ანალიტიკური მედიისთვის”.
“ტაბულასთან” დაკავშირებით თამარს კიდევ ერთი მიზანი აქვს. “როცა “ტაბულადან” წამოვალ, მინდა, სულ ცოტა, 50 პროფესიონალი ჟურნალისტი დავტოვო”. მას ძალიან არ მოსწონს თანამედროვე ქართული მედია. როდესაც ის და ლევან რამიშვილი “ტაბულასთვის” ჟურნალისტებს არჩევდნენ, არ მოისურვეს გამოცდილი ჟურნალისტების აყვანა, გამოუცდელები დაიქირავეს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ადგილობრივი მედიის დამღა. მაგალითად, ირაკლი კიკნაველიძე მხოლოდ 15 წლის იყო და შრომითი ხელშეკრულება მასთან დედის თანხმობით გააფორმეს.
მიაჩნია, რომ “ტაბულას” ათამდე ჟურნალისტი მაღალპროფესიულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს და მუდმივად ვითარდება. მისთვის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი ხელშეუხებელი ღირებულებაა. ვფიქრობ, “ტაბულას” მთავარი რედაქტორის განცხადება ამის დასტურია:
და ეს ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლების ერთე-რთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსისგან.
თვითონ “ტაბულაში” მუდმივად აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებს, კვირაში ორჯერ გადის მისი საავტორო გადაცემა “თეორემა”, მის რესპონდენტებს შორის არიან: ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველები ჩარლზ კრაუტჰამერი, რობერტ კაგანი, ან აპელბაუმი, ჯონ ფანდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი ბრიუს ჯექსონი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ჰანს როსლინგი, ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტის წევრები, ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ მიმომხილველთა ელიტა.
როდესაც ივანიშვილსა და ღარიბაშვილზე ვეკითხები, მპასუხობს, რომ სთავაზობს, მაგრამ არ თანხმდებიან. “არც მიკვირს, მათ “ასავალდასავალი” ურჩევნიათ “ტაბულას”. ჩვენ მათი გემოვნების მიღმა ვართ – ეს მათი პრობლემაა, ჩემი არა, ისინი მე კი არა, “ტაბულას” მკითხველსა და მაყურებელს ეუბნებიან უარს. მთავარი ის არის, რომ მე ვთავაზობ, მზად ვარ წინასწარ კითხვებიც გავუგზავნო, რომ პასუხები გაუიოლდეთ”.
ფეისბუკი თამარ ჩერგოლეიშვილის საქმიანობაში ცალკე თემაა. დღეში ორსამ პოსტს დებს. ძირითადად პოლიტიკური შინაარსის (თუმცა ლირიკულ მასალასაც გამოურევს შიგადაშიგ, ვთქვათ, ოჯახური გარემოს ან მშობლების ფოტოებს). ამ პოსტების გარშემო აქტიურად ერთვება დისკუსიებში. მიაჩნია, რომ ფეისბუკის მოხმარებასაც ცოდნა უნდა.
“თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი პოსტები ფართო ინტერესს იწვევდა” – პირველი “გარღვევა” მაშინ მოხდა, როცა რობერტ სტურუას “სირი” უწოდა. სტურუამ სააკაშვილის “სიცუდე” მის “სომხურ წარმოშობას” დააბრალა. თამარი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ თავისი პოსტით სააკაშვილს გამოესარჩლა. ამბობს, რომ სომხური წარმოშობის ადამიანების შეურაცხყოფამ, აშკარად გამოხატულმა ქსენოფობიამ გააღიზიანა. ოღონდ, სრულებით დარწმუნებული იყო, რომ სტურუა შინაურ წრეში შეამკო. “მეგონა, რომ ჩემს სამზარეულოში ვთქვი, არ ველოდი ასეთ რეზონანს. რომ მცოდნოდა, გაზეთები გადაბეჭდავდნენ, ალბათ სხვა სიტყვას გამოვიყენებდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან დიდად არ ვნანობ – ცუდი ისაა, რომ იმ მომენტში სტურუას უმსგავსობიდან ყურადღება ამ ერთ სიტყვაზე გადავიტანე ჩემდა უნებურად, თუმცა შემდეგ ბატონმა რობერტმა ბევრი “შრომა გასწია”, რათა საზოგადოება ჩემი შეფასების სისწორეში დაერწმუნებინა. მადლობა მას”.
ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის. მხარდამჭერია. დღესდღეობით უკეთეს პოლიტიკურ ძალას ვერ ხედავს. თვლის, რომ ქვეყანას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებული არა ხალხის, არამედ ერთი ოლიგარქის წინაშეა, რომელმაც ხალხი მოატყუა, შეუძლებელს დაჰპირდა და შესაძლებელიც ვერ შეძლო, ეკონომიკა შეაფერხა, ყველა სტრატეგიული პარტნიორი შეაშფოთა და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხე შეუქმნა.
მიაჩნია, რომ ივანიშვილის მიზანი ნაციონალური მოძრაობის მოსპობა იმიტომაა, რომ, სანამ ეს პარტია არსებობს, ძალაუფლების დაკარგვის შიში არ ასვენებს. ფიქრობს, ივანიშვილის სურვილია, ნაციონალური მოძრაობა გაქრეს და პროდასავლური ოპოზიციის ნიში უსუფაშვილალასანიას ფრთამ დაიკავოს, რომელთაც, ადრე თუ გვიან, გაყრის კოალიციიდან, მაგრამ მაინც თავის ჭკუაზე ატარებს. ფიქრობს, რომ პრორუსული ძალების გაძლიერებით ივანიშვილმა მარცხი იგემა – თვითმმართველობის არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ პუტინისტურმა დაჯგუფებებმა ხმები მას წაართვეს და არა ნაციონალურ მოძრაობას.
ერთ–ერთ სტატიაში თამარი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია, მაგრამ “ქართული ოცნების მარცხზე ბევრად მნიშვნელოვანი და მტკივნეული ის ფასი იქნება, რასაც ქაოსში გახვეული ქვეყანა მმართველი ძალის შეცდომებში გადაიხდის”. 2013 წლის მაისში თამარ ჩერგოლეიშვილს ევროპის საბჭოში აღებული სამწლიანი უხელფასო შვებულების ვადა ამოეწურა. მას უნდა გადაეწყვიტა – სტრასბურგში დაუბრუნდებოდა მშვიდ ცხოვრებას და მაღალ, საპენსიო ასაკამდე გარანტირებულ ხელფასს თუ ტურბულენტურ საქართველოში დარჩებოდა. “მე და გიგამ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მანამ, სანამ საქართველოს ივანიშვილი მართავს, ჩვენ აქედან არ წავალთ. მერე შეიძლება ცოტა ხნით დავისვენოთ”. წერილი თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკის ინბოქსში:
გიგა რომ დაიჭირონ? – ვეკითხები.
თითქმის მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში თამარი სავარძლის საზურგეზეა მიყრდნობილი. ხმის ჩამწერი მის წინ მაგიდაზე დევს, ასე ერთ მეტრში. როცა ამ სტატიის წერისას ყურსასმენში ჩვენს საუბარს ვუსმენ, ხმაც შესაბამისი დისტანციიდან მესმის. ნებისმიერ შეკითხვაზე დაუფიქრებლად მპასუხობს. ბევრი შეკითხვა დასრულებული არ მაქვს – პასუხს იწყებს. როცა ეს შეკითხვა დავუსვი, პაუზა გააკეთა. უხერხულ სიჩუმემდე ცოტა აკლდა. თავის სავარძელში გასწორება სცადა, თუ რა იყო არ ვიცი, წინ გადმოიწია და ძალაუნებურად დიქტოფონს მიუახლოვდა, ეტყობა. იმიტომ, რომ ჩემს ყურსასმენში გაწელილი პაუზის მერე ხმამაღლა, სულ ახლოს, ძალიან მკაფიოდ გაისმა ერთი სიტვა: “დაიჭირონ”. ამ სტატიაში ემოციების ადგილი არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან ბევრი იყო იმ სიტყვაში. ტელეფონში მაქვს. ვისაც სურვილი, გაქვთ მოგასმენინებთ.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუკზე 2013 წლის 17 მაისს:
17 მაისს თავისუფლების მოედანზე მისვლას საერთოდ არ გეგმავდა. თუმცა მზადების პროცესს თვალყურს ადევნებდა. “ვიცოდი, რომ ღარიბაშვილს აქტიურად ხვდებოდნენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და უხსნიდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უმცირესობების გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა, ისიც ვიცოდი, რომ შსს იმდროინდელმა მინისტრმა “პირად კონტროლზე აიყვანა” ღონისძიება, ისიც ვიცოდი, რომ იდენტობა და შსს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა ლგბტ აქტივისტები აგრესიისგან დაეცვათ”. თუმცა 17 მაისს დილიდანვე ნათელი გახდა, რომ დღე მშვიდად არ ჩაივლიდა. თამარი თავის ორ მეგობართან, ელენე ხოშტარიასა და ეკა ჩაგელიშვილთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ გაემართა. “მივხვდი, რომ 40 უწყინარი ადამიანი უსამართლოდ უნდა დაეჩაგრათ და იმიტომ წავედი, მინდოდა მათ გვერდზე ვყოფილიყავი”.
თავისუფლების მოედანზე რომ მოხვედრილიყო, კონტრაქციის მონაწილეთა მასა უნდა გაევლო. დაადო თავი და შევიდა ხალხში. “უარყოფით ენერგიას ვგრძნობდი, მაგრამ მიზანდასახული ნაბიჯებით ვცდილობდი დამენახებინა, რომ მე მათი არ მეშინია. იმ მომენტში არც მეშინოდა. მერე, კადრებს როცა ვუყურე, მივხვდი, რომ საშიში იყო. ისე გავიარეთ, ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ოთხი თუ ხუთი მეტრით გავცდით თუ არა ხალხის მასას, უცებ იხუვლეს – ჩერგოლეიშვილო, შე ბოზო. რა უნდა მექნა, უპასუხოდ ხომ არ დავტოვებდი, შემოვტრიალდი და თითქოს ჩემი გულშემატკივრები იყვნენ, ღიმილით ხელი დავუქნიე. ლაკა და ჩაგელა დიდხანს დამცინოდნენ ამის გამო”.
უცნობი მამაკაცის წერილი ფეისბუკის ინბოქსში:
ამაზე გაცილებით უხამსი წერილებიც მიუღია, რომელთა გამოქვეყნება არაკორექტული იქნებოდა.
ვეკითხები, რას განიცდის, როცა უცხო ადამიანებისგან ასეთ ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს. მეუბნება, რომ ხალხზე ვერ ბრაზდება. არც ამ წერილების ავტორებზე ბრაზდება. არც 17 მაისს გაბრაზებულა მათზე, ვინც ლანძღავდა. მაგ დღეს ხელისუფლებაზე გაბრაზდა, რომელმაც წესრიგი და მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება ვერ უზრუნველყო. გაბრაზდა საპატრიარქოზე, რომელმაც ეს ადამიანები აგრესიით დამუხტა და მათით მანიპულირებდა.
“წარმოიდგინე, როგორ უნდა გიჭირდეს და რა არარეალიზებული უნდა იყო, 40 უწყინარ ადამიანს ქუჩაში გამოეკიდო ჩასაქოლად იმიტომ, რომ მათი პირადი ცხოვრების წესი არ მოგწონს და გეშინია, რომ თავს მოგახვევენ. მე ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე ვერ გავბრაზდები. ვინც ამ ადამიანებით მანიპულირებს, მათზე ძალიან ვბრაზობ, ვინც ამ ადამიანებს კანონის მიხედვით არ სჯის, რომ მომავალში მსგავსი ქცევა აღკვეთოს – მათზეც ვბრაზობ”.
მეუბნება, რომ შეურაცხყოფაზე ისე რეაგირებს, როგორც სარკე მზის სხივზე – ირეკლავს. ახერხებს, რომ დისტანცირება მოახდინოს. “პატარაობიდან ვიცოდი, რომ ყველას გულს ვერ მოვიგებდი. ასე გამზარდეს”.
თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, შეურაცხყოფამ მკვეთრად იკლო და გამხნევებამ და მხარდაჭერამ იმატა – ყოველ შემთხვევაში, მისი ფეისბუკის ფოსტა ამას ადასტურებს. მისდამი განწყობის ცვლილების ზუსტ ინდიკატორად, ცხადია, არ მიიჩნევს, მაგრამ თვლის, რომ გარკვეულ ტენდენციას ასახავს. “როცა მთავრობასთან დაახლოებული პირი ხარ, ხალხი საკუთარ გაჭირვებას შენც გაბრალებს და აგრესიას შენ მიმართაც ავლენს, ოპოზიციაში ყოფნა უფრო იოლია”.
თამარის რჩეული იდეოლოგი ილია ჭავჭავაძეა. თვლის, რომ მისი შეხედულებები სახელმწიფოს მოწყობაზე, ეკონომიკაზე, რუსეთთან დამოკიდებულებაზე ისეთივე აქტუალურია, როგორიც მე19 საუკუნის ბოლოს იყო. რჩეული პოლიტიკოსები ჩერჩილი და ტეტჩერი არიან. პოლიტიკური ხედვის გარდა, მათი იუმორის თაყვანისმცემელია. მიაჩნია, რომ იუმორის გარეშე პოლიტიკოსის ფასი ნულის ტოლია და სჯერა, “რომ თუ ჯოჯოხეთს გადიხარ, ჯობს არ გაჩერდე და იარო”.
პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს. მგონი, პირველი ტრივიალური პასუხია, რაც ჩვენი შეხვედრის დღეს მისგან მოვისმინე: ყველა ასე ამბობს, ვინც მალე პოლიტიკაში მოდის. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს 2020 წლამდე არ მოხდება. რა ფორმით, ჯერ არ იცის. მე ჯიუტად ვუბრუნდები ფართო ელექტორატის მის მიმართ ნეგატიურად განწყობის საკითხს. დარწმუნებულია, რომ თუ მოისურვებს, განწყობის შემობრუნება შეუძლია, უბრალოდ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, შეხვდეს, ესაუბროს.
“მოატყუებ?” – ვეკითხები. “ტყუილი მეჯავრება”, – ხისტად მპასუხობს, “თავმოყვარეობას მილახავს – უბრალოდ დავარწმუნებ. გიგასთან დანაძლევებულიც კი ვარ, რომ, თუ მოვინდომე, მესტიაშიც კი მოვიგებ მაჟორიტარულ არჩევნებს. ვიმუშავებ და მოვიგებ”.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში:
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)
დატოვე კომენტარი