იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა აარსებს ან აცხადებს განზრახვას, დააარსოს სპეციალური ეკონომიკური ზონა თავიანთ ტერიტორიებზე, რათა დაეწიოს და გაიმეოროს შენჟენის (ჩინეთი) ან ჯებელ-ალის თავისუფალი ეკონომიკური ზონის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) წარმატება, ჩნდება მთავარი კითხვა, თუ რით გამოირჩევა ამგვარი ზონები და რა არის მათი წარმატების საიდუმლო.
2017 წლის შუა ხანებში ამერიკულ-ქართულმა კონსორციუმმა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, განაცხადა, რომ იწყებს მეორე პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამომავლო პორტის მიმდებარე ტერიტორიის საქართველოში პირველ სპეციალურ ეკონომიკურ ზონად შექმნას. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა და კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა: ანაკლია სპეციალური სამართლებრივი რეჟიმისა და სტატუსის ტერიტორიად გამოცხადდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც შარშან დაიწყო და რომელიც 2020 წლის ბოლოს ამოქმედდება, გამოცხადებულია ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტად. ეს საქართველოსთვის ნიშნავს რეგიონალური სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის როლის აღდგენას იმის გათვალისწინებით, რომ პორტი, როგორც მთავარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ირანის სამიზნე ბაზრებს შორის. მთლიანობაში, 140 მილიონზე მეტი მოსახლეობისთვის სამიზნე ტერიტორია დაახლოებით 0,9 ტრილიონის ღირებულების მთავარი და მეორეული სამომხმარებლო ბაზარია, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აქვს. მეტიც, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმთავრესი მიზანი ევროპისა და აზიის უდიდეს სამომხმარებლო ბაზრებს შორის ტვირთების ნაკადების მომსახურებაა, რაც საბოლოოდ მას ახალი აბრეშუმის გზის დერეფნის საკვანძო პუნქტად აქცევს.
2017 წლის დეკემბერში პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოცხადდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს სატრანზიტო ქვეყნიდან მწარმოებელ, ლოგისტიკურ და სამრეწველო ქვეყნად გადაქცევის გზაზე, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კი ამ დიდი მიზნის მამოძრავებელი ძალაა.
მართალია, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის კონცეფცია ფართო და ყოვლისმომცველია – იგი მიზნად ისახავს საქართველოს შავიზღვისპირეთში სხვადასხვა დარგისა და სრულიად ახალი ქალაქური ტიპის დასახლებების შექმნას, – ზონის ლოგისტიკური და სამრეწველო კომპონენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველ ეკონომიკურ „ძრავად” და დანამატად მიიჩნევა.
პროექტის მიზანია იმ უნიკალური კონკურენტული უპირატესობებისა და შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც ულტრათანამედროვე პორტის მშენებლობა და სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. უფრო დიდი მოცულობის გემების მომსახურების პოტენციალის მქონე ანაკლიის პორტი და დიდი სახელმწიფო ინვესტიცია მთელ ქვეყანაში ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში საქართველოს – სატრანზიტო დერეფნის – კონკურენტუნარიანობასა და პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. საბოლოო ჯამში კი ეს გაზრდის მოთხოვნას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მომსახურებაზე უშუალოდ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ტვირთების ახალი ნაკადის მიმოქცევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 2,3-მილიარდიან ბაზრებზე (ევროკავშირის 28 ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, თურქეთი, დსთ და ჩინეთი) წვდომა და ახალი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო კომპანიებს მეტი მოგების მიღების საშუალებას მისცემს. ამჟამად საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსური და მრავალფეროვანი გარიგებების დადების საშუალებას იძლევა და რომელიც საბოლოოდ შესაძლოა ევროკავშირის, ჩინეთისა და დსთ-ის ბაზრებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ხიდად გადაიქცეს.
პროცესის დასაჩქარებლად ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფარგლებში მოიაზრება საქართველოში პორტთან სრულად ინტეგრირებული თანამედროვე ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების ახალი, კონკურენტული კონცეფციის დანერგვა. პარკების კონცეფცია მიმზიდველ მარეგულირებელ კანონმდებლობა/წახალისებასა და უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე იქნება დაფუძნებული და მათ წამყვანი საერთაშორისო ოპერატორი მართავს. მოდელი ითვალისწინებს არსებული, ახალი და განვითარებადი დარგებისთვის მიმზიდველი პლატფორმის შექმნას, რომელიც მომავალში მათი გაფართოებისა და განვითარების საწინდარი იქნება.
ამჟამად საქართველოში თანამედროვე სამრეწველო დანიშნულების რაიონებსა და შესაფერის ნაგებობებს ძნელად თუ იპოვით: მათი უმეტესობა საბჭოეთის დროინდელი შენობებია, რომელთაგანაც ზოგიერთი რესტავრირებულ იქნა. ამის საპირისპიროდ, 2017 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ბაზარს 3,7 მლნ. მ2 ახალი სამრეწველო და ლოგისტიკური ნაგებობები მიეწოდა, რომელთაგან დაუკავებელი რეკორდულად მცირე 5%-ია. ნათელია, რომ მოთხოვნა მათზე საკმაოდ დიდია.
პირველი ნაბიჯი ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად დიდ ბრიტანეთში მოქმედი წამყვანი, პროფესიული, საკონსულტაციო კონსორციუმ BuroHappold Engineering and Moffatt
& Nichol-ის დაქირავება იყო, რომელსაც, სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და დარგის ამჟამინდელ მიმართულებებზე დაყრდნობით, მოთხოვნის კვლევა და ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების გენერალური გეგმის შედგენა დაევალა. გენერალური გეგმა და ფაზებად დაყოფილი სტრატეგია ზონის გრძელვადიან განვითარებასა და ზრდას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, პარკების შექმნაში მონაწილეობის მისაღებად და იმისთვის, რომ გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, „კონსორციუმი” სამრეწველო დანიშნულების უძრავი ქონების წამყვან მშენებელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დაბოლოს, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკების განვითარების ხელშესაწყობად ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ანალოგიურ ზონებში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მსგავსი რეგულაციები დაწესდება. გათვალისწინებული მარეგულირებელი, ფინანსური და საკანონმდებლო ბაზა წარმატებული საწყისი ფაზისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დარგისა და მომსახურების გამაერთიანებელი ზონის საწინდარი უნდა გახდეს. მან აგრეთვე ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხო ბიზნესგარემოს შექმნას და წაახალისოს ის კომპანიები, რომელთაც რეგიონში თავიანთი საქმიანობის გაფართოება სურთ. რეგულაციების პირველი წყება ზოგადად ვაჭრობის, სახელდობრ, საბითუმო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური საქმიანობის მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული, რაც უზრუნველყოფს ტვირთების ტრანზიტს, რეექსპორტს, დისტრიბუციას, საბაჟოს საწყობში შენახვას, საბაჟო მოსაკრებლის გარეშე მათ დამუშავებას და კლიენტებისთვის მიწოდების არხების შექმნას. ასევე უნდა ითქვას, რომ მეზობელ ბაზრებთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი შესაძლებლობებისა და ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე უტარიფო წვდომის გათვალისწინებით, ზონა ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება რეგულაციების მეორე წყებას, იგი გულისხმობს საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნას, დაბანდებების დაცვასა და დავების გადაჭრას კანონის უზენაესობის პრინციპზე დაყრდნობით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებისთვის მრავალ სხვა მიმზიდველ წახალისებას. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის სამართლებრივ ნაწილს ქართული და საერთაშორისო იურიდიული ფირმები უზრუნველყოფენ, რაც ამას წინათ მიღებულ სპეციალურ ორგანულ კანონში აისახა.
შეუფერხებელი განვითარებისა და საქმიანობის მიზნით, „კონსორციუმის” ჯგუფი ზონისთვის წამყვან საერთაშორისო ოპერატორს ეძებს, რომელმაც პარკები უნდა მართოს და სამომავლო კლიენტებსა და მოსახლეობას „ერთი ფანჯრის” პრინციპის მომსახურება გაუწიოს. მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა ზონა არსებობს, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ გამოცდილი ოპერატორი პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტია – იგი პროექტს გაცილებით უფრო ღირებულს ხდის.
ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების განსავითარებლად ზემოხსენებული ასპექტები გამოიკვეთა საერთაშორისო კომპანიებთან მასშტაბური მოლაპარაკებებისა და მსოფლიოს სხვადასხვა სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში საკვლევი ვიზიტების შედეგად.
უნდა ითქვას, რომ ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის დარგის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე მუშახელი. ამ მიზნით, „ანაკლია სიტიმ” უკვე შესთავაზა თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რაც ისეთი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მომავალში დასაქმებისთვის საჭირო პროფესიული სწავლების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
სპეციალური ეკონომიკური ზონა ისეთი საერთაშორისო და ქართული კომპანიებისთვის იქნება მიმზიდველი, რომლებსაც მთლიანად რეგიონში თავიანთი საქმიანობის გაფართოება, ზონაში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების მიმწოდებელ პარტნიორებად ქცევა და თავიანთი ბიზნესის საერთაშორისო დონეზე აყვანა სურთ. ძირითადი მიზანი ისეთი ეკოსისტემისა და ბიზნესგარემოს შექმნაა, სადაც კომპანიებს ძირითადი საქმიანობის გაფართოება და ინტერნაციონალიზაცია შეეძლებათ, რაც ზონაში გათვალისწინებული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობითაა შესაძლებელი.
ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გამავალ რეგიონალურ დერეფანშიც ძირეულად შეცვლის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროცესის სწრაფი განხორციელება დაინტერესებულ მხარეებზეა დამოკიდებული. დერეფნის შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად, თითოეულმა ქვეყანამ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის თვალსაზრისით. ინტეგრირებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ქსელის ხელშესაწყობად საჭიროა საბაჟო-გამშვები პუნქტების გაუმჯობესება, სხვადასხვა ქვეყნის სატრანსპორტო ტარიფების პოლიტიკის ჰარმონიზაცია და საბაჟო პროცედურების გამარტივება. რეგიონალური ვაჭრობის პარადიგმებისა და ურთიერთდამოკიდებულების სქემის შეცვლით ხსენებული მარშრუტის განვითარებამ შეიძლება მთელ რეგიონში ვაჭრობის გაფართოებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის კატალიზატორის როლი შეასრულოს.
დატოვე კომენტარი