“თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. იგი ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე ვლაპარაკობდი”, – განაცხადა ივანიშვილმა 2011 წლის 12 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში.
ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის უცხო, შეუჩვეველი ან რთული, შეელიოს ქუმსიშვილ-კვირიკაშვილის დუეტს.
მან ეს თავის დროზე გააკეთა კიდეც, როცა პირველი ღია წერილით შტირლიცობაში “ამხილა” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც მისივე გუნდის წევრები მიაყოლა: ბანკის დირექტორი და მისი მოადგილე. ანუ, სულ ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი.
ამ სტატიის თავდაპირველი სათაური “უცნობი კვირიკაშვილი” იყო. ეს მეტწილად ეხმაურებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანცურ შეკამათებას ნაცმოძრაობის ნიკანორ მელიასთან და ღია დაპირისპირებას თავისი ერთ-ერთი მეგობრისა და რეკომენდატორის, ლევან გაჩეჩილაძის დედმამიშვილთან, იმავე მომღერალ უცნობთან.
ვერ მოვასწარი. ალბათ, ბლოგში უნდა გამეშვა.
ამ სტატიის მეორე სათაური იყო – “LEGALIZED GROSSMEISTER”, ეს მეტწილად უკავშირდება ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ღამის კლუბების დარეიდების შემდგომ და შედეგს, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ დააყენა ივანიშვილმა იმ ღამით, დაწყებული ბერა ივანიშვილის ვიდეოს გავრცელებით, დასრულებული შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლით ადგილზე, რათა ასევე ხელისუფლების კონკრეტული შტოს მიერ ორკესტრირებული დაპირისპირება არ მომხდარიყო. ეს ნამდვილად გროსმაისტერის დონის გათამაშებული პარტია იყო, რომლის ენდშპილმა სტარტი სადღაც საღამოს 9 საათისთვის აიღო ბერას “LEGALIZE”-ის ქსელში ატვირთვით და დასრულდა ღამის სამის ნახევრისთვის, ფაქტობრივად, დაცარიელებული რუსთაველის გამზირით, რომელსაც კალაძის “თბილსერვისის” თანამშრომლები ასუფთავებდენ.
ვერც ეს მოვასწარი. და, იმ გახარიასი არ იყოს – ბოდიში! ამდენი გაცდენილი ედიტორიალისთვის, მაგრამ კარგა ხანია, პოლიტიკური პროცესები ასე სწრაფად არ განვითარებულა, იდეაში – დრამატულადაც. სადღაც, ალბათ, ეპიკურადაც… მერე რა, რომ სევდანარევი იყო. გიორგი კვირიკაშვილის ქვიშის საათი გაცილებით ადრე ჩაირთო. იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე კვირიკაშვილმა პარტიის სახელით ბიძინა ივანიშვილს დაბრუნება სთხოვა. ეს დაბრუნება კვირიკაშვილისთვის ფატალური აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მოუწია მას მეორედ წასვლა ივანიშვილისგან მისი მეორედ მოსვლის შემდეგ.
თუმცა, ყოველგვარ ეპიკურობას არის მოკლებული მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა კვირიკაშვილის გადადგომას. ფინანსთა მინისტრად რკინიგზის ტოპ- მენეჯერის მოყვანა, რომელიც ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს რკინიგზაში განხორციელებული რეფორმებით ან შედეგებით, უკავშირდება სრულიად ახალ, დამოუკიდებელ და ინდივიდუალურ ინიციატივებს, რასაც ხშირად იგნორით და დუმილით ხვდებოდნენ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი. თუ არ ჩავთვლით, რომ იყო ერთგვარად შელამაზება- შეფუთვის არცთუ წარმატებული მცდელობები, რომ ეს ინიციატივები ერთიანი სამთავრობო ხედვის გზავნილად გაყიდულიყო. ამის ნათელი დადასტურებაა ქუმსიშვილის გახმოვანებული “პასუხი” ბანკების წინააღმდეგ გალაშქრებული ოფიციალური ფინანსთა მინისტრისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მთავრობა შეეხიდებოდა ახალი საკრედიტო- საგარანტიო ფონდით, რომელიც დააკომპენსირებდა იმ რისკებს, რაშიც ბოლო წლებია, თეთრსაც კი არ იმეტებდნენ კომერციული ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრული საგიჟეთი და ბუმი აქვთ პორტფელებში ამ ტიპის (SME) ბიზნესების დასაფინანსებლად. საკრედიტო- საგარანტიო ფონდის იდეაც, ისევე როგორც კვირიკაშვილის კაბინეტის 4-პუნქტიანი გეგმა, წარსულს ჰბარდება მამუკა ბახტაძის სრულიად განსხვავებული და ხშირად მისასალმებელი ჯერ კიდევ ინიციატივების ფონზე.
და მაინც, რა მოხდა როსტომ მეფის სასახლეში ისეთი, რაც არ იცის ქართულმა საზოგადოებამ? იდეაში, არც არაფერი. ეს ყველაფერი დეტალურად აღწერა ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ და ქართულმა მედიამაც მიაგო სათანადო პატივი.
არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ეს იყო პარტიული საქმის გარჩევა, სადაც იყო ერთი “ბრალმდებელი” პარტიის მეორედ მობრუნებული თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახით, ერთი “მსჯავრდებული” პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახით და 50 მდუმარე პარტიული “მოწმე”. ნაწილი – მთავრობის, ნაწილი – სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლები და უმრავლესობა კი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ.
რატომ მდუმარე? თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პასაჟს ან დამსწრე წევრთა ჩართულობას ივანიშვილის კითხვებზე, ყველა იყო სრულ მდუმარებაში და მორჩილად ისმენდა სულ რამდენიმე საათის წინ მათი სათაყვანებელი, საამაყო და სამაგალითო პრემიერ- მინისტრის “საჯარო გათახსირებას”. ეს არ იყო კრიტიკა.
და იცით, არც ერთს, დიახ, არც ერთს “ქართული ოცნების” გუნდის სამთავრობო, საპარლამენტო ან კანცელარიის გუნდიდან არ ეყო არც ერთი უნარი, შეეჩერებინა პარტიის თავმჯდომარის სრულიად ზონიდან გასული და ზღვარგადასული კრიტიკა პრემიერ-მინისტრის მიმართ. არც ერთს. კვირიკაშვილი შეხვედრაზე იყო მარტო. სრულიად მარტო, შეხვედრაზე, რომელსაც მის გარდა კიდევ დაახლოებით 50 კაცი ესწრებოდა. ის იყო მარტო და 24 საათში ასე მარტოსულმა მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.
თუმცა, აქ მეშლება. შეხვედრაზე იყო ორი ადამიანი, ვინც ივაჟკაცა. ერთერთმა არგუმენტირებულად სცადა ბიძინა ივანიშვილის შეჩერება და ეს იყო ის, ვისაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ეკუთვნოდა ამის გაკეთება კვირიკაშვილთან მეგობრობის, პიროვნული თუ, გნებავთ, პოლიტიკური სიახლოვის გამო. ეს იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ღიად უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისდამი (ივანიშვილისადმი) უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არ ეთანხმებოდა პარტიის თავმჯდომარის არც პათოსს და არც შეფასებებს კვირიკაშვილისადმი, მეორე იყო პარლამენტარი ლევან კობერიძე.
ამის შემდგომ იყო ის, რაც ბოლო ექვსი წელიწადია, ხდება, ანუ UNICEF-ი. და მერე – დაპირებული ცარიელი ტრიბუნა, ტრადიციული “ძვირფასო თანამემამულენო” ან მეგობრებო.
…და უცვლელი, 25-ე სატელევიზიო კადრი.
სტატია ინგლისურ ენაზე.
დატოვე კომენტარი