დღეს გლობალურ ეკონომიკაში ქაოსი სუფევს, რადგან ეკონომისტების, ბანკირებისა და პოლიტიკური ლიდერების უმეტესობას არ ესმის, რომ ყველაზე საბაზისო ელემენტი ეკონომიკაში ფულია. როდესაც საქმე სავალუტო პოლიტიკას ეხება, ისინი, ჯონ მეინარდ კეინზის უგუნურ იდეებზე დაყრდნობით, უკუმიმართულებით მოძრაობენ. კეინზისა და სხვა მისი თანამოაზრეების გამოჩენამდე, ეკონომისტებს ესმოდათ, რომ რეალური ეკონომიკა პროდუქტებისა და მომსახურების ქმნილებაა. ფული ეკონომიკის სიმბოლო იყო. ის წარმოადგენდა იმას, რასაც ადამიანები აწარმოებდნენ. ის იყო ვაჭრობის ხელშემწყობი შუამავალი.
ადამიანების ერთმანეთთან ვაჭრობის უნარი არის ის, რითაც ცხოვრების მაღალ დონეს ვაღწევთ. ფული სიმდიდრის საზომი ერთეულია; ის თავისთავად სიმდიდრეს არ წარმოადგენს. ეს არის ადამიანების მიერ შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურების ასახვა. ამიტომაც არის, რომ გაყალბება უკანონობაა; ეს ქურდობაა, მაგრამ როდესაც ამას მთავრობა აკეთებს, რაოდენობრივი ფონის განმუხტვას ან სტიმულირებას უწოდებს.
ფული ასახავს ჩვენს საქმიანობას ბაზარზე. მაგრამ ამ უბრალო სიმართლის აღიარების ნაცვლად, კეინზმა სრულიად საპირისპირო რამ დაადგინა. მისი აზრით, ფული ეკონომიკას აკონტროლებს. შეცვალე მიწოდების ხასიათი და ამით ეკონომიკურ პროდუქციასაც შეცვლი, ზუსტად ისევე, როგორც თერმოსტატი აკონტროლებს ოთახის ტემპერატურას. ბაზარი კი არა, მთავრობაა კომერციის მთავარი წარმმართველი ძალა. „ეკონომიკის სხვა სუბიექტები“, როგორებიც არიან ინვესტორები, სარისკო წამოწყების კაპიტალისტები, ანტრეპრენიორები და ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელები, მეორად როლს ასრულებენ; ისინი უბრალოდ სახელისუფლებო ჩინოვნიკებისა და ცენტრალური ბანკირების მოთხოვნაზე რეაგირებენ. (მაშინ როდესაც მონეტარისტები მთავარ აქცენტს ფულის მასაზე აკეთებენ, კეინზმა ჩათვალა, რომ ეკონომიკის დასარეგულირებლად სასარგებლო იქნებოდა საგადასახადო პოლიტიკის ისეთი ღონისძიებების გამოყენება, როგორიცაა ხარჯები და გადასახადები. თუმცა მას და მის თანაშემწეებს, ფაქტობრივად, არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ გადასახადები კომერციული საქმიანობის ბარიერი ანუ დაბრკოლება შეიძლებოდა გამხდარიყო; ისინი გადასახადებს უბრალოდ ეკონომიკის სრული მსყიდველუნარიანობის ან „ერთობლივი მოთხოვნის“ მაკონტროლებელ საშუალებად აღიქვამდნენ.)
კეინზი კლასიკოსი ეკონომისტების ერთ მთავარ შეხედულებას კი ნამდვილად იზიარებდა: ეკონომიკას ისიც იმ მექანიზმად მიიჩნევდა, რომელიც შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს. ე.წ. ბიზნესის ციკლები – სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა და დაღმავლობა – ის მოვლენებია, რომლებიც მათი დაძლევის მიზნით არის შესასწავლი. კლასიკოსებს მიაჩნდათ, რომ საწარმოებს შორის უფრო „სრულყოფილი კონკურენცია“, მინიმალური სახელმწიფო რეგულირება, სამთავრობო ხარჯების გონივრული მასშტაბები, ოქროს სტანდარტი და დაბალი გადასახადები, არაჯანსაღ საბანკო ღონისძიებებთან ბრძოლასთან ერთად, წარმატების საწინდარია. კეინზის თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ არსებითად, თავისუფალი ბაზრები არასტაბილურია, კაპიტალისტები საკუთარი თავის ყველაზე უარესი მტრები არიან და რომ კეინზის მსგავსი ჭკვიანი სახელმწიფო მოხელეები, ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის, საკუთარი თავისგან დასაცავად არიან საჭირონი. სწორად გათვლილი სახელმწიფო რეგულირება – განსაკუთრებით სავალუტო – ეკონომიკის სამუდამოდ შეუფერხებლად მუშაობის წინაპირობაა.
ჯოზეფ შუმპეტერის აზრით, კლასიკოსებიც და კეინზიანელებიც აბსოლუტურად მცდარ გზას ადგნენ, როდესაც ეკონომიკას ისე უყურებდნენ, თითქოს ის საათის მექანიზმი ყოფილიყო. მისთვის „წონასწორობა“ არ არსებობდა. ბაზარი ყოველთვის ცვალებადი იყო; ტემპის შეცვლა, რასაკვირველია, ყველაფერს ასხვაფერებდა. ახალი მეთოდები, გამოგონებები და არსებულის მუდმივი გაუმჯობესება იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფო მოხელეები ეკონომიკის მართვას, ადამიანის მიერ მანქანის მართვის მსგავსად ვერასოდეს შეძლებდნენ.
ყველაზე მდიდარი ამერიკელების Forbes 400-ის სია და გლობალური მილიარდერების სია ნათლად აჩვენებს, რომ შუმპეტერი მართალი იყო. „ეკონომიკური სუბიექტები“ მძღოლები არიან. სახელმწიფოს შეუძლია ან შეაჩეროს მათი საქმიანობა, ან ისეთი გარემო შეუქმნას, რომელშიც ისინი აღორძინდებიან და გაიფურჩქნებიან.
ეს თითქოს ცხადია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთელი მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები გასაჭირს განიცდიან. სახელმწიფო ლიდერები და ეკონომისტები ბევრს საუბრობენ სავალუტო პოლიტიკაზე, თითქოს მას მეტისმეტად მძიმე ბეგარის, მკაცრი რეგულირებისა და მასიური სამთავრობო ხარჯების ტვირთის ქვეშ მობარბაცე ეკონომიკური სისტემების აღორძინების უნარი ჰქონდეს. (გახსოვდეთ, მთავრობა არ ქმნის რესურსებს. ის იღებს მათ დაბეგვრის საშუალებით, სესხებით ან ინფლაციის გზით, რაც – კეინზმა სწორად გაიგო – დაბეგვრის კიდევ ერთი ფორმაა.)
მთავრობების უმეტესობა სიძულვილით ეკიდება სიმართლეს იმის შესახებ, რომ სწორედ ჩვენს სიაში ჩამოთვლილი ადამიანები კეთილდღეობისა და უფრო მაღალი ცხოვრების დონის შემქმნელები არიან. სახელმწიფოს სურს, რომ ამ ადამიანების საქმიანობით შექმნილი პროდუქტიდან თვითონ სარგებელი მიიღოს, მაგრამ არ სურს, რომ ამით ვინმე სხვა გამდიდრდეს.
(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).
დატოვე კომენტარი