საქართველოს პირველად “წლის მეწარმის” ტიტულის მფლობელი ბიზნესმენი ჰყავს. 11 ნოემბერს “რადისონ ბლუ ივერიაში” გამართულ გალა-დაჯილდოებაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ჟიურიმ ბიზნესის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლების წინაშე “წლის მეწარმედ” “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დაასახელა, რომელიც, გარდა მოპოვებული ტიტულისა, ივნისში ქვეყანას მონტე-კარლოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, World Entrepreneur of the Year-ზე წარადგენს.
“წლის მეწარმის” დაჯილდოება 28-წლიან ისტორიას ითვლის და მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. მისი მთავარი მიზანი იმ წარმატებული მეწარმეების გამოვლენაა, ვისაც პოტენციური მეწარმეების შთაგონება და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.
პირველი ქართველი “წლის მეწარმე” სწორედ ამ მიზნით ხსნის საკუთარ მონაწილეობას კონკურსში, რომელშიც არაერთი ახალგაზრდა, დამწყები მეწარმე იღებდა მონაწილეობას.
“ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი კონკურსში მონაწილეობისას. საქართველოში ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენები არიან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ასეთი კონკურსები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩამოყალიბდეს კულტურა: როგორც ძველად ამბობდნენ, ხელს რომ ჩამოართმევ და ეს არის კონტრაქტი, დაახლოებით ასეთ დონეზე უნდა დადგეს ბიზნესი, ჯენტლმენური უნდა იყოს. მე ვფიქრობ, საქართველოში ამის პოტენციალი არის”, – განაცხადა “წლის მეწარმე” მამუკა ხაზარაძემ დაჯილდოებიდან რამდენიმე წუთში.
“წლის მეწარმის” ნომინაციის გარდა კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული კიდევ ორ ნომინაციაში: საქართველოს ახალ სახედ წარმოჩენისთვის ტანსაცმლის საერთაშორისო ონლაინმაღაზიის, More is Love-ის დამფუძნებელი ნინო ელიავა დაჯილდოვდა, ხოლო ტრადიციული გემოს შენარჩუნებისათვის კომპანია “კულას” ხელმძღვანელი, ივანე გოგლიძე. საკუთარი სპეციალური პრიზი კონკურსის მხარდამჭერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც დააწესა – კომპანია “ჩირინას” აღნიშნული ჯილდო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და სრული საწარმოო ჯაჭვის შექმნისთვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა გადასცა.
კონკურსში არაერთი საინტერესო და გამორჩეული ქართველი მეწარმე იღებდა მონაწილეობას, საზოგადოებისთვის საკმაოდ ან ნაკლებად ცნობილი, თუმცა ყველა წარმატებული. რატომ მამუკა ხაზარაძე? “წლის მეწარმის” ჟიურის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება კანდიდატების განხილვის პროცესში კომპლექსური მიდგომის არსებობით ახსნა.
“კონკურსის გამარჯვებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ყველაფერი ერთად განვიხილეთ: როგორია მეწარმე როგორც ბიზნესის ხელმძღვანელი; სხვა რა ტიპის აქტივობებს ახორციელებს ის… ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ მამუკა გარდა ძირითადი, ფინანსური საქმიანობისა, ძალიან აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, სოციალურ აქტივობებში”, – განაცხადა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და “წლის მეწარმის” ჟიურის თავმჯდომარემ, რუბენ ვარდანიანმა, რომელიც თბილისში სპეციალურად EY-ს გალა-დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად და საზოგადოებისთვის ქვეყნის პირველი “წლის მეწარმის” ვინაობის გასამჟღავნებლად ჩამოვიდა.
“ყველას, ვინც კონკურსში მონაწილეობდა, უნიკალური ისტორია აქვს. ყველა მათგანს შეეძლო გამხდარიყო წლის მეწარმე; ისინი ხომ დაუჯერებელ რამეს აკეთებენ: ცვლიან სამყაროს და საკუთარ თავსაც, ისინი გმირები არიან”, – დასძინა ვარდანიანმა.
“წლის მეწარმის” გმირებმა ჟიურის არჩევანი მოიწონეს, გამარჯვებულს მიულოცეს და აღნიშნეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მთავარია, მით უმეტეს ისეთ კონკურსში, რომელიც თავისი არსით ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას ემსახურება.
“ასეთ კონკურსში მონაწილეობისას, სადაც ამდენი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, მთავარი ოლიმპიური პრინციპია. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის უკვე გამარჯვებაა. გარდა ამისა, სტიმული და მოტივაცია ყველა კომპანიისთვის”, – აღნიშნა სამშენებლო კომპანია “ანაგის” დამფუძნებელმა, ზაზა გოგოტიშვილმა.
გასულ წელს მსოფლიოს “წლის მეწარმე” ინდოელი ბიზნესმენი Kotak Mahindra Bank -ის დამფუძნებელი უდაი კოტაკი გახდა, რომელმაც $250 ათასზე ნაკლები კაპიტალით შექმნილი ბანკის კაპიტალიზაცია $2,8 მილიარდამდე გაზარდა. გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ მსოფლიოს “წლის მეწარმის” ტიტული აღიარება იყო მისი კომპანიის 25 ათასზე მეტი თანამშრომლის ერთგულებისა, რომლებმაც დაუღალავად იშრომეს მსოფლიო მასშტაბის ინდური ბრენდის შესაქმნელად.
ეროვნული, თუმცა საერთაშორისო დონის ბრენდის შექმნის პოტენციალი, შესაბამისი ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პირობებში, ალბათ ყველა ქვეყანას გააჩნია. ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მეწარმეობის კულტურაც მხოლოდ ახლა ვითარდება, “წლის მეწარმის” კონკურსმა – გარდა იმისა, რომ ქვეყანას და მის მეწარმეებს მსოფლიოს აცნობს – უნდა წაახალისოს საზოგადოების თითოეული წევრი, სამეწარმეო სულისკვეთების მქონე თითოეული ინდივიდი, დამწყები თუ უკვე შემდგარი მეწარმე, შექმნას ან განავითაროს საკუთარი ბიზნესი – არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, რათა შემდგომ თავად გახდეს ახალი თაობის მეწარმეების შთაგონების წყარო. ვინაიდან წარმატება გადამდებია, ხოლო “წლის მეწარმის” პირველი კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში საქართველოში არა მხოლოდ წარმატებულ “წლის მეწარმის” ტიტულის მფლობელებს, არამედ მსოფლიოს “წლის მეწარმესაც” ვიხილავთ.
დატოვე კომენტარი