სისხლის ანალიზის ახალმა მეთოდმა ელიზაბეტ ჰოლმსი უკვე აქცია მილიარდერად. დღეს მისი კომპანია ექსპანსიისთვის ემზადება, თვით ჰოლმსი კი მსოფლიოს გადარჩენას აპირებს და ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაემსგავსოს სტივ ჯობსს.
თითქმის ათი წლის განმავლობაში ელიზაბეტ ჰოლმსი მედიცინის სფეროში რევოლუციური გადატრიალებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ისე, რომ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ აღმოჩენილიყო. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა ამერიკელმა კომპანია Theranos-ი დააარსა, რომელსაც საკუთარი წარმოება აქვს, ჰყავს 500 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო დირექტორთა საბჭოში – თვით ლეგენდარული ჰენრი კისინჯერი. 2013 წელს პრესამ Theranos-ი ასე დაახასიათა: “ბიოტექნოლოგიური სფეროს გიგანტი, რომლის შესახებ არავის არაფერი გაუგია”.
2014 წელს კი კომპანიამ და მისმა 30 წლის დამფუძნებელმა გადაწყვიტეს, საიდუმლოსთვის ფარდა აეხადათ. ამა წლის ივნისში ჰოლმსმა განაცხადა, რომ მან ვენჩურული ინვესტორებისგან $400 მლნ-ის მოზიდვა შეძლო, ხოლო მისი კომპანია დღეს უკვე $9 მილიარდად არის შეფასებული. დღემდე ყველასთვის უცნობი ჰოლმსი იქცა ყველაზე ახლგაზრდა მილიარდერ ქალად, რომელმაც წარმატებას საკუთარი ძალისხმევით მიაღწია. ახალგაზრდა მეწარმე კომპანიის ნახევრის მფლობელია, ასე რომ მისი ქონება $4,5 მილიარდად არის შეფასებული (Theranos-ი ამ მონაცემებს ადასტურებს).
სტივ ჯობსის მიმდევარი
კომპანიის დაარსებისა და განვითარების ამბავი სილიკონის ველის ტიპური ისტორიაა: ახალგაზრდა მეწარმემ სტენფორდის უნივერსიტეტი იმისთვის მიატოვა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო, რომელმაც, მოკრძალებული ბრუნვის მიუხედავად, ინვესტორების ზღვარსზედა შეფასებები მიიღო.
კალიფორნიაში, პალო-ალტოში მდებარე ოფისიც კი, რომელშიც Theranos-მა დაიდო ბინა, ადრე Facebook-ს ეკუთვნოდა. რა გასაკვირია, რომ ჰოლმსის ჩაცმის სტილი – შავი მოტკეცილი სვიტერები და სლაქსები – მაშინვე სტივ ჯობსს გვახსენებს, მით უფრო, რომ ახალბედა მილიარდერის სამუშაო ოთახის კედელს სტივ ჯობსის Apple-ის საიტიდან ამობეჭდილი ავტობიოგრაფია ამშვენებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ინდუსტრია, რომელშიც ჰოლმსი რევოლუციურ წინსვლას გეგმავს, შორსაა ყოველგვარი ლამაზი გაჯეტებისგან, მოდური ატრიბუტიკისა თუ სოციალური ქსელებისაგან.
THERANOS
ჰოლმსის მისია სისხლის ანალიზის ბაზრის თავდაყირა დაყენებაა – მას სურს პაციენტი მომხმარებლად აქციოს.
კომპანიის სახელი, Theranos-ი, ორი ბერძნული სიტყვის – თერაპიისა და დიაგნოსტიკის – მიქსია. კომპანიის ძირითადი ნოუ-ჰაუ გახლავთ სისხლის ანალიზის სრულყოფილი მეთოდი, რომელიც ბიომასალის მიკროსკოპიული მოცულობის პირობებში მედიკოსებს ათობით სხვადასხვა გამოკვლევის საშუალებას აძლევს. ეს მეთოდი, რომელიც შპრიცის საშუალებით პაციენტებისგან ბევრად უფრო მეტი სისხლის ამოღებას გულისხმობს, თანდათანობით მეტ პოპულარობას იძენს.
Theranos-ის ახალი მეთოდით თითიდან სისხლის რამდენიმე წვეთის ამოღების პროცესი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, შემდეგ სისხლის ნიმუში თავსდება ანალიზის ჩასატარებელ დანადგარში, ანალიზის შედეგი კი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში იგზავნება, რომელზე წვდომა როგორც მკურნალ ექიმს, ისე თვით პაციენტსაც აქვს. მეთოდის სიახლე ის გახლავთ, რომ ერთი წვეთი სისხლისგან ბევრად მეტი სამედიცინო ინფორმაციის მიღება შეიძლება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენებისას, თანაც სისხლის შემოწმება ერთდროულად რამდენიმე ათეულ მაჩვენებელზე ხდება. Theranos-ი ფსონს იმაზე დებს, რომ მისი ტექნოლოგია არა მხოლოდ უფრო ეფექტიანია, არამედ ბევრად იაფიც. როგორ მიაღწია ამ შედეგებს, კომპანია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ანალიზის გაკეთების ის კლასიკური მეთოდები გააუმჯობესა, რომელთაც კლინიკები და ლაბორატორიები დღესაც იყენებენ.
“ჩემი მიზანი – მსოფლიოს გადარჩენაა“
საკუთარი პირველი ბიზნესის დაწყება ჰოლმსმა 2003 წელს გადაწყვიტა. სტენფორდის საინჟინრო ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი ახალი ჩამოსული იყო სინგაპურიდან, სადაც გენომის ინსტიტუტში საზაფხულო სემესტრს გადიოდა. იქ ჰოლმსი მუშაობდა SARS-ის სახელით ცნობილი ისეთი ატიპური პნევმონიის ვირუსის ამოცნობაზე, რომლის ეპიდემიაც მთელ რიგ აზიურ ქვეყნებში გავრცელდა. “მართალია, ბიოლოგიაში წამეცადინება დამჭირდა, მაგრამ ჩემმა ინჟინრულმა გამოცდილებამ მიკარნახა, რომ ლაბორატორიაში ტესტების უმეტესობის ჩატარება ბევრად უფრო ეფექტიანად იყო შესაძლებელი”, – ამბობს ჰოლმსი.
აშშ-ში დაბრუნებისთანავე სამუშაოს მოჰკიდა ხელი.
“ელიზაბეტი თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სამუშაო მაგიდიდან არ დგებოდა”, – იხსენებს ჰოლმსის დედა, ნოელ ჰოლმსი. სინგაპურში მიღებული გამოცდილების გამოყენებით ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო: ახალგაზრდა მეცნიერმა პატენტის ასაღებად განაცხადი შეიტანა. მომავალი პატენტი მან მაშინვე აჩვენა თავის პროფესორს, ჩანინგ რობერტსს. მისი გამოგონება წარმოადგენდა სამკურნალო სალბუნს, რომელიც არა მხოლოდ სამკურნალო ნივთიერებას გამოყოფს, არამედ პაციენტის სისხლში ცვლილებებსაც აფიქსირებს. “ასევე ამ სალბუნზე შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის ჩიპის მიმაგრება, რომელიც მონაცემებს ექიმს გადასცემდა”, – იხსენებს რობერტსი.
“ამ იდეამ იმდენად გამაოგნა, რომ მივხვდი, შესაძლოა ჩემ წინაშე ახალი ბილ გეიტსი ან სტივ ჯობსი იდგა”, – ამბობს პროფესორი რობერტსი.
ჰოლმსმა თავის პროფესორს კომპანიის შექმნა შესთავაზა, რომელიც ახალი ტექნოლოგიის დანერგვით დაკავდებოდა. “ჩემს მიზანს სამყაროს შეცვლა, რაღაც სრულიად ახლის გამოგონება წარმოადგენდა და ეს ყოველთვის ასე იყო, – გვიხსნის თავის მოტივაციას ჰოლმსი. – დღეს, როდესაც რომელიმე თქვენს ახლობელს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდება, ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასმას ძალიან დიდხანს უნდებიან და ადამიანის გადარჩენა აღარ ხერხდება. ამ დროს ადამიანი ყველაფერზეა თანახმა, ოღონდ გამოჯანმრთელდეს”. ჰოლმსისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო მამამისი, – კრის ჰოლმსი – რომელიც მაშველად მუშაობდა და ადამიანებს ეხმარებოდა. საკუთარ ბიზნესს ელიზაბეტი სწორედ მის საქმიანობას ადარებს.
მშობლებისა და მისი მასწავლებლის თანხმობით, 19 წლის ჰოლმსმა აიღო ის ფული, რომელიც დედამ და მამამ მისთვის შეაგროვეს, რათა მას პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა, და საკუთარ საქმეში ჩადო. მან პირველი თანამშრომელი აიყვანა და ლაბორატორია დაიქირავა. სწავლის გაგრძელებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, რადგან ჰოლმსის მთელი დრო პოტენციური ინვესტორების მოძიებას ხმარდებოდა: “ვიცოდი, რომ სულ ცოტა 200 ადამიანთან მომიწევდა გასაუბრება იმისთვის, რომ ჩემი პროექტით ერთი მაინც დაინტერესებულიყო. ილუზიები არ გამაჩნდა”, – ასე აღწერს ელიზაბეტ ჰოლმსი თავის პირველ ნაბიჯებს.
მილიარდ დოლარად ღირებული ერთი წვეთი სისხლი
ყველაფრის მიუხედავად, ჰოლმსმა მიაღწია იმას, რომ მის კომპანიაში ისეთმა ცნობილმა ვენჩურულმა კომპანიებმა ჩადეს ფული, როგორიცაა, მაგალითად, Draper Fisher Jurvetson-ი (ამ კომპანიამ განახორციელა ინვესტიციები Tesla-სა და SpaceX-ში), და კერძო ინვესტორებმაც, მაგალითად, Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა. “არაერთ ინვესტორს, რომლებიც თანხების ამონაგებს სწრაფად ითხოვდნენ, უარიც ვუთხარით”, – გვიყვება ჰოლმსი, რადგან კომპანიაში მომენტალური მოგებას არ ელოდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი, რომელზეც Theranos-ი გავიდა, უზარმაზარია – ექსპერტები მის წლიურ ბრუნვას $73 მილიარდად აფასებენ – იქ, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში, ხისტი კონკურენციაა. მაგალითად, Quest Diagnostics-ს $7,5 მლრდ-ზე მეტი ბრუნვა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურა აქვს: 43 000 თანამშრომელი, 3 000 ავტომანქანა, 20 თვითმფრინავი, 8 ლაბორატორია და 2000-ზე მეტი პაციენტთა მომსახურების ცენტრი. გარდა ამისა, ტესტების ჩატარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ლიცენზიები და აშშ-ის სამედიცინო დაზღვევის სისტემის (რომელიც ტესტების ფულს იხდის) მიერ გაცემული სერტიფიკატი.
Theranos-ის დამფუძნებლის თქმით, მისი კომპანიის მთავარი უპირატესობა გახლავთ ტესტირების სისწრაფე, მისი ხელმისაწვდომობა და დაბალი ფასი. ლაბორატორიები სისხლის ანალიზს რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ატარებენ – მხოლოდ სამუშაო დღეებში – და ანალიზისთვის დიდი რაოდენობით ბიომასალას საჭიროებენ.
“ბოლო ათწლეულების განმავლობაში სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების სფეროში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა”, – წუხს ჰოლმსი.
მის კომპანიაში ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ სახელმწიფოს ის ათობით მილიარდი დოლარი დააზოგვინონ, რომელთაც სადაზღვევო კომპანიები ლაბორატორიებს უხდიან. ანალიზები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი და სწრაფი გახდება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დღეს სამედიცინო დანიშნულებების 70-80%-ის სისწორე სისხლის ანალიზზეა დამოკიდებული, ამიტომ დიაგნოსტიკის ეს ეტაპი მართლაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ისმის კითხვა, ტესტირების სისწრაფე მის ხარისხს ხომ არ ავნებს? – სწორედ ეს გახლავთ Theranos-ის კრიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, კომპანია ხომ ახალ, ჯერ დროით შეუმოწმებელ ტექნოლოგიებს იყენებს ისეთ სფეროში, რომელში დაშვებული შეცდომა პაციენტისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.
ზოგიერთი სკეპტიკოსი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სისხლის ანალიზისა და აპარატურის წარმოების ვერტიკალური ინტეგრაციის სტრატეგიას: თუ კომპანიის ტექნოლოგია ასეთი გამართულია, რატომ არ ხდება მისი მიყიდვა იმ ლაბორატორიებისადმი, რომელთაც განვითარებული ინფრასტრუქტურა უკვე აქვთ?
ჰოლმსი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს. მან თითქმის ათი წელი შეალია თავისი ნოუ-ჰაუს სრულყოფას. დღეს იგი აშშ-ში – 18, ხოლო ქვეყნის გარეთ 66 პატენტის მფლობელია. ამ წლების განმავლობაში მან დირექტორთა საბჭოს უნიკალური ადამიანებით დაკომპლექტება მოახერხა.
მათ შორის არიან ყოფილი ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მდივანი ჰენრი კისინჯერი, თავდაცვის ექსმინისტრები და გენერლები. დირექტორთა საბჭოს ასეთმა შემადგენლობამ ის ეჭვებიც კი გააჩინა, რომ Theranos-ი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთანაა დაკავშირებული, ჰოლმსი კი ასეთი გუნდის შეკრების მიზეზს მისი წევრების მაღალი პროფესიონალიზმით ხსნის, თუმცა კი კომპანიის ტექნოლოგიების სამედიცინო სფეროს ფარგლებს გარეთ გამოყენების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
ბოლო რამდენიმე თვეა, კომპანია თავისი მომსახურების პოზიციონირების აქტიურ ფაზაზე გადავიდა. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ Theranos-მა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერა ხელი სააფთიაქო ქსელ Walgreens-თან, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე 8 200 აფთიაქის მფლობელია. ამ აფთიაქებში სისხლის ჩასაბარებელი აპარატების დადგმა იგეგმება. სწორედ ამ შეთანხმებამ მისცა საშუალება ჰოლმსს, მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შემდეგ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო. დღესდღეობით Walgreens-ის ქსელში სისხლის ჩაბარების 20 პუნქტი ფუნქციონირებს. ამას გარდა, კომპანია რამდენიმე კლინიკასთანაც თანამშრომლობს, მაგრამ Theranos-ს ბევრად უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს დასახული და მისი დამაარსებელი პრაქტიკულად ყველა ინტერვიუში აცხადებს: “ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ცენტრები ყოველი ამერიკელისგან ხუთი კილომეტრის რადიუსში არსებობდეს”.
(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).
დატოვე კომენტარი